Site icon Civil.ge

აბაშიძემ და კარასინმა ჰუმანიტარულ საკითხებზე და ვაჭრობაზე ისაუბრეს

ზურაბ აბაშიძე და გრიგორი კარასინი, ფოტო: RFERL-ის ქართული სამსახური

საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ 24 ნოემბერს რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, გრიგორი კარასინთან ვიდეოფორმატში ისაუბრა. შეხვედრა ორ ქვეყანას შორის 2012 წლის ბოლოს დაწყებული არაფორმალური, პირდაპირი ორმხრივი დიალოგის ფარგლებში გაიმართა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აბაშიძემ ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ რთულ ვითარებაზე. კერძოდ, აღინიშნა ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუარესება, ადამიანის უფლებების ხელყოფის ფაქტები, მათ შორის, უკანონო დაპატიმრებები და ამ რეგიონების მზარდი მილიტარიზაცია.

ამავე ინფორმაციით, რუსული მხარე დაინტერესდა, თუ როგორია ქართული მხარის დამოკიდებულება ე.წ. ახალი რეგიონული საკონსულტაციო მექანიზმისა (3+3) და ამ კონტექსტში გათვალისწინებული კონკრეტული ღონისძიებების მიმართ, რაზეც ზურაბ აბაშიძემ ხაზგასმით განაცხადა, რომ აღნიშნულ ინიციატივაში მონაწილეობას ქართული მხარე არ განიხილავს.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის სფეროში არსებულ პოზიტიურ დინამიკას, ასევე ყურადღება გაამახვილეს სავაჭრო და სატრანსპორტო სფეროებში ჩართული კომპანიების ინტერესების დაცვასა და პრობლემების მოგვარებაზე.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ საჭიროა კოორდინირებული მუშაობა, რათა ყაზბეგი-ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიებზე და მისასვლელ გზებზე მიმდინარე სარემონტო და ინფრასტრუქტურულმა სამუშაოებმა არ შეამციროს სატრანსპორტო მოძრაობისა და სატვირთო გადაზიდვების მოცულობა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ ექსპერტების დონეზე შექმნილი სამუშაო ჯგუფების საქმიანობას და „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმებთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ“ 2011 წლის შეთანხმების განხორციელებას.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 25 ნოემბერს განაცხადა, რომ რუსულმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს 2021 წლის ადგილობრივი არჩევნები „ხელს შეუწყობს ქვეყანაში შიდაპოლიტიკური სიტუაციის ნორმალიზებას, ანტირუსული გამოვლინებების შეწყვეტას და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების პროცესის აღსადგენად პირობების შექმნას“.

ამავე განცხადების თანახმად, რუსულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა იმ შესაძლებლობებზე, რომელთაც 3+3 ფორმატი სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვის თვალსაზრისით საქართველოსთვის უზრუნველყოფს.

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, რომ მოსკოვში საქართველოს დიპლომატიური უძრავი ქონების და თბილისში რუსეთის დიპლომატიური უძრავი ქონების პრობლემები ორმხრივ საფუძველზე მოაგვარონ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ შემდეგ ჯერზე მხარეები უკვე პირისპირ ფორმატში 2022 წლის გაზაფხულზე შეხვდნენ, თუ ამის საშუალებას ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მისცემთ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)