Site icon Civil.ge

მიხეილ სააკაშვილის საქმის ერთ-ერთმა მოსამართლემ „ტელეკომპანია პირველთან“ ისაუბრა

თბილისის საქალაქო სასამართლო. ფოტო: სასამართლოს Facebook გვერდი

27 ნოემბერს „ტელეკომპანია პირველმა“ 2007 წლის 7 ნოემბრის საქმის სამიდან ერთ-ერთ მოსამართლესთან, ლია ორკოდაშვილთან ვრცელი ინტერვიუ გაუშვა. 7 ნოემბრის საქმეზე ბრალდება მიხეილ სააკაშვილს უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.

ინტერვიუ ეთერში მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსმენამდე ორი დღით ადრე გავიდა. მანამდე, 10 ნოემბერს, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილს მისსავე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცა და მიზეზად, ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერების მხრიდან შესაძლო ქაოსი და თავად მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.

ინტერვიუში მოსამართლე ორკოდაშვილმა თქვა, რომ თუკი 29 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილს დასწრების უფლებას არ მისცემდნენ, მის გარეშე სხდომა არ გაიმართებოდა.

„ჩვენს ინტერესში შედის ყველანაირად, ადამიანურადაც და სამართლებრივადაც, ყველა იმ ადამიანმა, რომლის მიმართაც საქმეს ვიხილავთ, საქმის განხილვაში მონაწილეობა მიიღოს“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ყოფილი პრეზიდენტის სასამართლო პროცესზე დასწრება ახლა უკვე თავად ყოფილ პრეზიდენტზე და მისი მკურნალი ექიმების გადაწყვეტილებაზე იქნებოდა დამოკიდებული, შეძლებდა თუ არა იგი სხდომაში მონაწილეობის მიღებას. მიხეილ სააკაშვილი 19 ნოემბერს, 50-დღიანი შიმშილობის შეწყვეტიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობს.

აღნიშნა რა, რომ პენიტენციურმა სამსახურმა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილს მისსავე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცა, იუსტიციის სამინისტროს ექვემდებარება და არა სასამართლოს, მოსამართლე ორკოდაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მათ დოკუმენტი მიაწოდეს, სადაც უარის მიზეზად მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო მითითებული. „ჩვენ ხომ არ ვართ ექიმები და ეს ადამიანი ან გზაში გახდეს ცუდად ან სამართლო პროცესზე, მერე ჩვენ რა უნდა ვქნათ?“, – იკითხა მანვე.

საგულისხმოა, რომ ამავე საქმის წინა მოსმენაზე, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტი არ ესწრებოდა, საქმის არსებითი განხილვა არ დაწყებულა და სასამართლომ მხოლოდ აღკვეთის ღონისძიების გაუქმებაზე იმსჯელა.

მოსამართლე ორკოდაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ 10 ნოემბრის სხდომის შემდეგ, მან ისე ინერვიულა, რომ ექიმთან ვიზიტიც კი დასჭირდა.

ყოფილი პრეზიდენტის გლდანის სამედიცინო დაწესებულებაში შესახლების კადრებზე დასმული კითხვის საპასუხოდ, მოსამართლე ორკოდაშვილმა თქვა, რომ ისინი „ძალიან მძიმე“ სანახავი იყო. „როგორც ადამიანს, და როგორც მოსამართლესაც, ძალიან განვიცადე“, – დასძინა მანვე.

„მკვლელიც რომ იყოს ადამიანი, მისადმი მოქცევა ფარგლებში უნდა იჯდეს“, – განაცხადა ორკოდაშვილმა.

მოსამართლე ორკოდაშვილმა წარსულიც გაიხსენა და თქვა, რომ 2000-2001, როდესაც მიხეილ სააკაშვილი იუსტიციის მინისტრის პოსტზე მსახურობდა, მას დაწინაურება შესთავაზა, თუმცა მან ადმინისტრაციულ პოზიციაზე საქმიანობას მოსამართლის კარიერა არჩია.

ორკოდაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მოქმედი ხელისუფლების მხრიდან მასზე ზეწოლა არ ყოფილა, განსხვავებით ყოფილი ხელისუფლების მმართველობის ბოლო წლებისა, როდესაც ამგვარი მცდელობები იყო, თუმცა აღნიშნულს მის გადაწყვეტილებებზე გავლენა არ ჰქონია.

ლია ორკოდაშვილთან ერთად, 2007 წლის 7 ნოემბრის საქმეს კიდევ 2 მოსამართლე – მაია ქოქიაშვილი და ნინო ელეიშვილი განიხილავენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)