Site icon Civil.ge

ქართული ოცნება საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებაზე მიანიშნებს

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ფოტო: ქართული ოცნების პრესსამსახური

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების „როცა არ უნდა მივიღოთ“, აუცილებლად 2024 წლიდან უნდა ამოქმედდეს. ცვლილებები, სხვა საკითხებთან ერთად, ნებისმიერი ორი მომდევნო საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული წესით და 2%-იანი (5%-ის ნაცვლად) ბარიერით ჩატარებას გულისხმობს.

ირაკლი კობახიძემ 30 ნოემბერს ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამ ცვლილებების მიღების აუცილებლობა არ არსებობს, რითაც მიანიშნა, რომ მმართველმა გუნდმა, შესაძლოა, 19 აპრილის შეთანხების საფუძველზე შემუშავებული ცვლილებები აღარც მიიღოს.

ცვლილებების პაკეტი პარლამენტმა 7 სექტემბერს პირველი მოსმენით უკვე მიიღო და მას ძალაში შესასვლელად კიდევ 2 მოსმენაზე მხარდაჭერა სჭირდება. მოქმედი წესებით, 2024 წლიდან საქართველო სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადადის, საარჩევნო ბარიერი კი – 5% იქნება. მანამდე, ნებისმიერი რიგგარეშე არჩევნები კვლავ შერეული – 120/30-ზე წესით პრინციპით ჩატარდება.

ქართული ოცნების თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, რომელსაც 150-წევრიან პარლამენტში 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება, მმართველი გუნდის ხელშია, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოში 84 დეპუტატი ჰყავს.

ირაკლი კობახიძისვე თქმით, ცვლილებების მიღება ოპოზიციისთვის „პატარა საჩუქარი“~ იქნება, რაც საბოლოო ჯამში, ქართული ოცნების „კეთილ ნებაზე“ და ოპონენტების „ქცევაზე“ იქნება დამოკიდებული.

„ბევრი რამე იქნება დამოკიდებული სხვადასხვა სუბიექტის ქცევაზე და ქმედებებზე“, – განაცხადა მან და დასძინა – „ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ არსებობს ოპოზიციურ სპექტრში სურვილი, რომ არსებული პოლარიზებული გარემო შეიცვალოს“.

კობახიძემ აღნიშნა, რომ დაბალი საარჩევნო ბარიერის „მთავარი მინუსი“ ისაა, რომ ის „არასტაბილურობისკენ“ არის მიმართული. მმართველი პარტიის თავჯდომარემ განაცხადა, რომ 2024 წლამდე ქვეყანაში არჩევნები აღარ ჩატარდება.

მანამდე, ნოემბრის დასაწყისში, კობახიძემ თქვა, რომ 5%-იანი ბარიერის შენარჩუნება შესაძლოა დემოკრატიისთვის უკეთესიც კი იყოს.

ქართულმა ოცნებამ 19 აპრილის შეთანხმება ცალმხრივად ივლისის დასაწყისში დატოვა, თუმცა განაცხადა, რომ პარტია დოკუმენტით გათვალისწინებული რეფორმების ერთგული დარჩებოდა. მიუხედავად ამისა, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ გააგრძელებდნენ მსჯელობას ცვლილებათა პაკეტის იმ ნაწილზე, რომელიც გენერალური პროკურორის 3/5-იანი უმრავლესობით არჩევის წესს ითვალისწინებს. აღნიშნულს ევროკავშირისა და აშშ-ის მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის გამოხმაურება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, აკაკი მინაშვილის შეფასებით, ხელისუფლება არ არის დარწმუნებული, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები არ იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის „თავისუფლად მიიღებდა საკონსტიტუციო ცვლილებას… და ამით შეასრულებდა დაპირებას, რომელიც მას ჰქონდა მიცემული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორე[ბისთვის]“.

„სინამდვილეში, ხელისუფლება ხედავს, რომ ქვეყანაში არის პოლიტიკური კრიზისი, ეკონომიკური კრიზისი, სოციალური კრიზისი და ალბათობა იმისა, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები იქნება, არის ძალიან მაღალი. გამორიცხულია, რომ ვადამდელი არჩევნები არ იყოს“, – განაცხადა მანვე.

პარტია ლელო საქართველოსთვის დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა ტელეკომპანია „ფორმულასთან“ საუბარში თქვა, რომ , რომ ქართული ოცნება ნამდვილად გრძნობს ვადამდელი არჩევნების „რეალურ საშიშროებას“.

მისივე განცხადებით, მმართველ გუნდის წარმომადგენლებს „სკამების დაკარგვის ისტერიული შიში“ აქვთ და „ცდილობენ თავი დაიზღვიონ, რომ ვადამდელი არჩევნების პირობებშიც კი – სისტემა დატოვონ ისეთი, რომელიც მათ უსამართლო, მაგრამ სერიოზულ უპირატესობას აძლევს“.

ქართული ოცნების თავმჯდომარის განცხადებას ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესისთვის „დამაზიანებლად“ აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და აცხადებენ, რომ მმართველი პარტიის მიერ საერთაშორისო პარტნიორებთან დადებული პირობა, „აუცილებლად უნდა შესრულდეს“. დღეს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ისინი ხაზს უსვამენ, რომ სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა და დაბალი ბარიერი ქვეყნის ინტერესშია და ის „ხელს შეუწყობს“ პარლამენტში სხვადასხვა ჯგუფების ინტერესების „ადეკვატურად ასახვასა“ და „პლურალიზმის განმტკიცებას“.

არასამთავრობოები საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღებას პარტიებს შორის შეთანხმების „მისასალმებელ მაგალითს“ უწოდებენ და ამბობენ, რომ „რეფორმის გაგრძელებაზე უარი, ამ მხრივაც დააზიანებს ისედაც პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოს და ეჭვქვეშ დააყენებს მმართველი პარტიის სანდოობას“. განცხადებას „სამართლიან არჩევნებთან“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსთან“ და „ახალგზარდა იურისტთა ასოციაციასთან“ ერთად ხელს კიდევ 15 ორგანიზაცია აწერს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)