Site icon Civil.ge

დავით ზალკალიანმა ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა, 1-ელი დეკემბერი, 2021, ფოტო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა, დავით ზალკალიანმა 1 დეკემბერს რიგაში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა, სადაც იგი უკრაინელ კოლეგასთან, დმიტრო კულებასთან ერთად მიიწვიეს.

ჟურნალისტებთან საუბრისას, ზალკალიანმა განაცხადა, რომ „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს როლი, როგორც ასპირანტი ქვეყნის, იყოს შესაბამისად შეფასებული“ და დასძინა, რომ ალიანსმა პრიორიტეტული ყურადღება შავის ზღვის უსაფრთხოებასა და ნატოს ღია კარის პოლიტიკას უნდა დაუთმოს.

მანვე ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსა და უკრაინის მიწვევა ნატოს მინისტერიალზე არის „კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ჩვენი ნატოელი პარტნიორების მხრიდან საქართველოსა და უკრაინის პროგრესი ნატოში ინტეგრაციის გზაზე არის კარგად მიღებული“.

თავის მხრივ, ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „საქართველო და უკრაინა ნატოს უახლოესი პარტნიორები არიან, რომელთაც ნატოს ოპერაციებსა და მისიებში საკუთარი წვლილი შეაქვთ და ალიანსში გაწევრიანებისკენ ისწრაფვიან“.

„მოკავშირეები ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებებს მხარს უჭერენ და მზად ვართ საქართველოსა და უკრაინას პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ“, – განაცხადა მან. გაიხსენა რა ბრიუსელის 2021 წლის სამიტი, გენერალურმა მდივანმა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მოკავშირე სახელმწიფო და მთავრობის მეთაურების ძლიერ მხარდაჭერას გაუსვა ხაზი.

მინისტერიალის შედეგებზე საუბრისას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ნატოს ერთგულება ბუქარესტის 2008 წლის სამიტის დეკლარაციის მიმართ, რომლის თანახმადაც, საქართველო და უკრაინა გახდებიან ალიანსის წევრები.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, რიგის მინისტერიალზე ასპირანტ ქვეყნებთან დაკავშირებით სპეციალური ანგარიში მიიღეს, სადაც ასახულია როგორც ასპირანტი ქვეყნების მხრიდან ნატოში ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი, ასევე ალიანსის მხრიდან გაწევრიანების გზაზე ასპირანტების დახმარების  კონკრეტული მექანიზმები და ახალი მიმართულებები.

რიგის მინისტერიალი წინ უძღვოდა ნატოს 2022 წლის სამიტს მადრიდში, სადაც ალიანსი თავის მომდევნო სტრატეგიულ კონცეფციას მიიღებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქართულმა მხარემ შეიმუშავა და ალიანსს გადასცა საკუთარი ხედვები ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის გზაზე, როგორც პრაქტიკული, ასევე პოლიტიკური მხარდაჭერის გაძლიერების თვალსაზრისით. ამასთან, მინისტრ ზალკალიანსაც ჰქონდა შესაძლებლობა, რომ მოახლოებული სამიტისთვის საქართველოს მოლოდინები გაეჟღერებინა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)