ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ ერთი – საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმე განიხილება, რომელსაც თავად ექსპრეზიდენტიც ესწრება.
საქმის ფარგლებში პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს 9 მლნ ლარამდე საბიუჯეტო თანხის გაფლანგვას ედავება, რასაც თავად ბრალდებული და მისი უფლებადამცველები არ ეთანხმებიან და ბრალს პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებენ.
გენერალური პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს საბიუჯეტო თანხების ისეთ მომსახურებებში დახარჯვას ედავება, როგორებიცაა – მდიდრული სასტუმროები, კურორტები, ესთეტიკის დაწესებულებები, ე.წ. ბოტოქსის ინექციები და სხვ.
სასამართლო პროცესი დაცვისა და ბრალდების მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე წარიმართა. დღევანდელ პროცესზე მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებას ვრცელი პოლიტიკური ტექსტით კიდევ ერთხელ მიმართა და მისი პრეზიდენტობის დროს სხვადასხვა სადავო საკითხზე, შეცდომებსა და მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებზე ისაუბრა.
მიხეილ სააკაშვილის მიმართვა
„რაც შეეხება ლეგენდარულ ბოტოქსს, ეს არის აბსოლუტური სიცრუე“, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა ე.წ. ბოტოქსის მომსახურებაში გაწეული ხარჯების საპასუხოდ და ხაზი გაუსვა, რომ ეს „იყო ჩვეულებრივი კანის სნეულების მკურნალობა[შ]“ გადახდილი თანხა, რომელიც მისივე თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ნერვიულ ფონზე განუვითარდა. „სურათებზეც შეიძლება ნახოთ როგორ არის დასიებული სახე 2008 წლის შემდეგ და რომელიც რეგულარულად საჭიროებდა რაღაც აპარატზე მიერთებას და ასე შემდეგ“, – განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა.
რაც შეეხება ძვირადღირებულ სასტუმროებსა და კუროროტებს, მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ვიზიტები საქართველოს სამომავლო ინტერესებს ემსახურებოდა, რაც უცხოელი ლიდერების მასპინძლობაში გამოიხატებოდა. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მაგალითად, 2008 წელს „ვერანო სპა რეზორტში“ მან აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს უმასპინძლა. „ილჰამმა რა გაგვიკეთა ომის დროს, ამას როდესმე შემდგომში მოვყვები. ერთი წამით რომ არ გაჩერებულა არც ჩვენი ნავთობმომარაგება, ბენზინმომარაგება არც ჩვენი ეროვნული ბანკის მომარაგება და ა.შ.“, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.
„დიახ, შევხვდი „სპა რეზორტ ვერანოში“ ილჰამ ალიევს. დიახ, ეს ცოდვა ჩავიდინე“, – განაცხადა მანვე და დასძინა – „„სპა რეზორტში” ვიყავი, პროცედურებსაც ვიტარებდი. სამაგიეროდ, საქართველოს არ ჩაუკეტეს საზღვარი და სამაგიეროდ, საქართველოს შეუნარჩუნეს გაზის ფასი“.
ექსპრეზიდენტის მტკიცებით, საბიუჯეტო თანხების ნაწილი მართლაც დაიხარჯა ისეთი ქვეყნების ლიდერების მასპინძლობაში, რომელთა მხრიდანაც რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების მიღებას ცდილობდა.
მიხეილ სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ამ კონტექსტში მაშინდელმა ხელისუფლებამ ასეთი ქვეყნების არაფორმალურ გარემოში დაპატიჟების შესახებ ავსტრალიის მთავრობის რჩევა გაითვალისწინა. „ჩვენ ამოვარჩიეთ ტაილანდი. წავიყვანეთ ეს ხალხი, ძალიან [ძვირადღირებული] საჩუქრები ვაჩუქეთ თითოეულს“, – თქვა მანვე და დასძინა – „მე ამას ჯიბიდან ვერ ამოვიღებდი, იმიტომ, რომ მე ეს ფული არ მქონია. ეს იყო საქართველოს სახელმწიფოს [ბიუჯეტის] ფული, იმისათვის, რომ არ მომხდარიყო ლეგიტიმაცია აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის“.
„ჩავიყვანეთ, მოვთაფლეთ, დავალევინეთ, ვაჭამეთ, მოვესიყვარულეთ და საჩუქრებიც ჩავუდეთ“, – განაცხადა სააკაშვილმა და დაამატა – „პრორუსულ სახელმწიფოს, რა თქმა უნდა, ეს არ სიამოვნებს, პირველად ვამბობ დღეს ამას“.
წინაისტორია
გარდა ამ საქმისა მიხეილ სააკაშვილს გამოძიება 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევისა და ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის საქმეზე უფლებამოსილების გადამეტებასა და საზღვრის უკანონო კვეთას ედავება. ამასთან, მიხეილ სააკაშვილს 6 წლიანი პატიმრობა უკვე მისჯილი აქვს გირგვლიანის საქმის ბრალდებულთა შეწყალებისა და ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.
მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის პირველი პრეზიდენტია, რომელსა თავის მართლება სასამართლოს წინაშე უწევს. იგი ბრალდების წინაშე პირველად პირისპირ 29 ნოემბერს წარსდგა, სადაც სასამართლო კოლეგია 7 ნოემბერის საქმეს განიხილავდა. მანამდე, მიხეილ სააკაშვილს 50-დღიანი შიმშილობის პერიოდში, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება სამჯერ არ მისცა. პენიტენციური სამსახური უარის მიზეზად სააკაშვილის მომხრეთა მხრიდან შესაძლო ესკალაციასა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)