Site icon Civil.ge

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნების გამო ევროკავშირი საქართველოს აკრიტიკებს

ევროკავშირის დროშები ბრიუსელში ევროკომისიის ბერლემონის შენობის წინ. ფოტო: Unsplash / Guillaume Périgois

ევროკავშირის პრესსპიკერმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, პიტერ სტანომ უზენაეს სასამართლოში ოთხი მოსამართლის უვადოდ გამწესება გააკრიტიკა და შეახსენა საქართველოს, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს დახმარება „საკვანძო რეფორმების პროცესში მიღწეულ წინსვლაზე იქნება დამოკიდებული“.

მისი თქმით, ის, რომ მოსამართლეთა დანიშვნები მათი წარდგენის პროცესში არსებული ხარვეზების აღმოფხვრამდე განხორციელდა, არ შეესაბამება ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.

პიტერ სტანომ ასევე აღნიშნა, რომ მოსამართლეთა დანიშვნები ეწინააღმდეგება 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების ფარგლებში საქართველოს ლიდერების მიერ აღებულ ვალდებულებას  მართლმსაჯულების ამბიციური რეფორმირების შესახებ, რაც  მათ 28 ივლისს, შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ, კიდევ ერთხელ დაადასტურეს.

პრესსპიკერმა ხაზი გაუსვა, რომ ეს დაპირება მოიცავდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნამდე კანდიდატების წარდგენის პროცესში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას.

„ეს ქმედებები შეიცავს საფრთხეს, რომ უფრო მეტი ეჭვის ქვეშ დადგება სასამართლოს დამოუკიდებლობა  და საზოგადოების ნდობა ქართული მართლმსაჯულების მიმართ“, – განაცხადა მან.

პრესსპიკერმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს „ხელი შეუწყონ სასამართლო სისტემის, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს  დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულებისა და ხარისხის განმტკიცებას, ფართო, ინკლიუზიური და პარტიებს შორის შეთანხმებული რეფორმების გზით“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)