Site icon Civil.ge

აფხაზური ოპოზიცია რუსეთთან „სუვერენიტეტის გაყოფაზე“ ბჟანიას განცხადებას გმობს 

ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერი, ასლან ბჟანია, ფოტო: ასლან ბჟანიას პრესსამსახური

„აფხაზეთის სახალხო-პატრიოტული კავშირის“ თქმით, რომელიც ოკუპირებულ რეგიონში რამდენიმე ოპოზიციურ ჯგუფს აერთიანებს, რუსეთთან სუვერენიტეტის გაყოფის თაობაზე ასლან ბჟანიას განცხადება ეროვნული ინტერესების დათმობის ტოლფასია და ეწინააღმდეგება რეგიონის „კონსტიტუციასა“ და კანონებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან წინა დღეებში გამართულ შეხვედრაზე ბჟანიამ განაცხადა: „ჩვენ მოგვიწევს ჩვენი სუვერენიტეტის ნაწილის გაყოფა [რუსეთთან] და ამაში ვერანაირ ტრაგედიას ვერ ვხედავ. ჩვენ ის ფაქტობრივად უკვე გავუყავით მას საგარეო პოლიტიკის საკითხებში, რუბლის [შემოღებით]… გარკვეული რამ გაკეთდა თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში, მაგრამ მეტი უნდა გაკეთდეს… ამაში მხოლოდ დადებითს ვხედავ, რადგანაც ჩვენთვის არაა ხელმისაწვდომი თანამედროვე შეიარაღებული ძალების შენახვა“.

აფხაზეთის ლიდერისთვის 2 დეკემბერს გაგზავნილ ღია წერილში, აფხაზეთის სახალხო-პატრიოტულმა კავშირმა ბჟანია გააფრთხილა, რომ მსგავსი განცხადებები, რომლებიც „ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და საერთაშორისო შეთანხმებებს, პირდაპირ საფრთხეს უქმნის აფხაზეთის სოციალურ და პოლიტიკურ სტაბილურობას და სახელმწიფოებრიობას“.

ოპოზიციურმა ჯგუფმა აღნიშნა, რომ შიდა პრობლემების, მათ შორის, ენერგეტიკის სფეროსა და სამართალდამცველ სისტემაში არსებული კრიზისების, ასევე კოვიდ-19-ის პანდემიის ფონზე, „საჯარო მოწოდებები „სუვერენიტეტის გაყოფის“ თაობაზე, რბილად რომ ვთქვათ, მკრეხელობაა“.

პატრიოტულმა კავშირმა ასევე განაცხადა, რომ მაშინ, როდესაც რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობა „უპირობო და ცალსახა ფაქტია“, ეს ურთიერთობები ასახულია „სახელმწიფოთაშორის შეთანხმებებში“, რომლებშიც „თანასწორი, პარტნიორული ურთიერთობებია“ ხაზგასმული.

„დაუშვებელია საჯარო განხილვები და გადახედვის მცდელობები, რომლებიც ძირითადი შეთანხმებების სულისკვეთებას და შინაარს ეწინააღმდეგება“, – ნათქვამია წერილში.

ოპოზიციური ჯგუფის თქმით, ბჟანიას მიერ „ასეთი გაცნობიერებული ქმედებები“ აფხაზეთის საზოგადოებაში ანტი-რუსულ განწყობებს აღვივებს და „რუსეთ-აფხაზეთის სამოკავშირეო ურთიერთობებს გამოუსწორებელ ზიანს“ აყენებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)