Site icon Civil.ge

კელი დეგნანი ქართულ ოცნებას: ერთპარტიული მმართველობა ტირანიის საფრთხეს ქმნის

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, ფოტო: ge.usembassy.gov

აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა 2 დეკემბერს უზენაესი სასამართლოს ოთხი მოსამართლის დანიშვნა და ქართული ოცნების მიერ 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე შესაძლო უარის თქმის შესახებ განცხადება გააკრიტიკა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნები

ჟურნალისტებთან საუბრისას, აშშ-ის ელჩმა განაცხადა, რომ შეშფოთებული და იმედგაცრუებულია იმის გამო, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნები მაინც განხორციელდა იმ პრიორიტეტებზე ადრე, რომლებიც ქვეყანას გააჩნია.

ელჩმა აღნიშნა, რომ „რთული გასაგებია, რატომ გახდა საჭირო დანიშვნების პროცესის ასე დაჩქარება“ იმ ვალდებულების გათვალისწინებით, რომ ჯერ სასამართლო რეფორმები უნდა განხორციელებულიყო და „ამდენი გამოწვევაა ქვეყნის წინაშე, რომელთა უგულებელყოფაც მოხდა“.

„ახლა ჩვენ კიდევ ოთხი მოსამართლე გვყავს, რომლებიც გაუმჭვირვალე პროცესის შედეგად დაინიშნენ“, – განაცხადა დეგნანმა და დასძინა, რომ „ქართველ ხალხს არ აქვს ინფორმაცია იმ მოსამართლეების კვალიფიკაციის შესახებ, რომლებიც უვადოდ გამწესდნენ უზენაეს სასამართლოში“.

მან ხაზი გაუსვა, რომ ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის ევროკავშირის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებაში ასახული სასამართლო რეფორმის მიზანი იყო „მეტი გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების შეტანა სისტემაში, რათა საქართველოს მოქალაქეებს ჰქონოდათ რწმენა, რომ მოსამართლეები მათ სასამართლოებში კვალიფიციურები და მიუკერძოებლები არიან“.

საკონსტიტუციო ცვლილებებზე მმართველი პარტიის პოზიციის კრიტიკა

საარჩევნო ბარიერის დაწევისა და მომდევნო საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარების თაობაზე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ქართული ოცნების შეცვლილ პოზიციაზე საუბრისას, ელჩმა დეგნანმა განაცხადა, რომ „ზოგიერთს, როგორც ჩანს, არ ესმის, რომ დემოკრატია შეხედულებების სიმრავლეს მოითხოვს“.

„ერთი პიროვნება, ერთპარტიული მმართველობა, ყველაფერი ამის წინააღმდეგ მუშაობს. ფაქტობრივად, ეს უმრავლესობის მიერ ტირანიის საფრთხეს ქმნის“, – განაცხადა მან.

ელჩმა დეგნანმა გაიხსენა, რომ საარჩევნო რეფორმის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებების დროს მმართველი პარტიისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები შეთანხმდნენ, რომ ბარიერის დაწევა დადებითი მოვლენაა, რაც მოგვიანებით 19 აპრილის შეთანხმებაშიც აისახა.

აღნიშნა რა, რომ 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერის დაწევას პარლამენტში ცხრა პარტიის შესვლა მოჰყვა, დეგნანმა განაცხადა, რომ 5%-იანი ბარიერის შენარჩუნების შემთხვევაში, საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ ორი ან სამი პარტია იქნება წარმოდგენილი.

„ეს არ არის ის მასშტაბი, რაც პარლამენტში მეტ მრავალფეროვნებას, მეტ პლურალიზმს ან მეტი შეხედულებების არსებობას უზრუნველყოფს“, – დასძინა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)