ევროკავშირის საბჭომ 2 დეკემბერს საქართველოს სამხედრო და თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად 12.75 მლნ ევროს დახმარება გამოყო.
ევროკავშირის საბჭოს ინფორმაციით, დახმარება 36 თვეზეა გათვლილი და ის უზრუნველყოფს არალეტალურ სამედიცინო და საინჟინრო აღჭურვილობას, ასევე სამოქალაქო ტიპის მობილობის აქტივებს.
,,ეს ღონისძიება ხელს შეუწყობს საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაძლიერებას, მათ შორის შესაძლებლობას, გაუწიოს მომსახურება მშვიდობიან მოქალაქეებს კრიზისულ ან საგანგებო სიტუაციებში“, – ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.
ევროპის სამშვიდობო ფონდიდან მიღებული დახმარება მიზნად ისახავს „გააძლიეროს ადგილობრივი შეიარაღებული ძალების შესაძლებლობები და თავსებადობა, რათა წვლილი შეიტანონ“ საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CSPD) სამხედრო მისიებსა და ოპერაციებში.
მოლდოვა და უკრაინა, კიდევ ორი ასოცირებული ქვეყანა, ასევე მიიღებს დახმარებას, 7 მლნ ევროს და 31 მლნ ევროს ოდენობით. 24 მლნ ევროს ოდენობის დახმარებას მიიღებს მალიც.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)