Site icon Civil.ge

დამშვიდობება საქართველოსთან | განვლილი 4 წელი ნატოს წარმომადგენლად

როსარია პუგლისი 2019 წლის ოქტომბერში JTEC-ში გამოსვლისას. ფოტო: Facebook / NATO in Georgia

ავტორი: როსარია პუგლისი, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი


დადგა დრო, მოვემზადო გამგზავრებისთვის და დავემშვიდობო საქართველოს. ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის პოზიციაზე 4 წლიანი მუშაობის შემდეგ, ჩემი მისია საქართველოში დასასრულს მიუახლოვდა. ამ დასამახსოვრებელი წლების განმავლობაში ვიხილე საქართველოსა და ნატოს შორის პარტნიორობის ზრდა და განვითარება როგორც მოცულობით, ასევე შინაარსობრივი კუთხით. ნატოს სამეკავშირეო ოფისი აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს მთავრობასა და პარლამენტთან, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან და სხვა სახელმწიფო უწყებებთან, ასევე თანამშრომლობდა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. მრავალი გამოწვევის მიუხედავად, ერთად მოვახერხეთ და გადავდგით ნაბიჯები ალიანსში საქართველოს გაწევრების მოსამზადებლად.

წლების განმავლობაში ერთობლივად ვმუშაობდით ინსტიტუციების მშენებლობაზე, საქართველოს მედეგობის გაძლიერებასა და თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის მოდერნიზაციის მხარდაჭერაზე. ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის (PDP) მეშვეობით, წვლილი შევიტანეთ საქართველოს საჯარო მოხელეებისა და ზოგადად, საჯარო ადმინისტრაციის პროფესიულ ზრდაში. კეთილსინდისიერებისა და გამჭვირვალობის პროგრამის (BI) საშუალებით  კი, მონაწილეობა მივიღეთ ანტიკორუფციული და კარგი მმართველობის რეფორმების შემუშავებაში. პარლამენტის წევრების ჩართულობით, ვმუშაობდით პოლიტიკურ კულტურაზეც, რომელიც ხელს უწყობს უსაფრთხოების სტრუქტურების სრულ ანგარიშვალდებულებასა და დემოკრატიულ კონტროლს. ამასთან, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (SNGP) აქტიურად მუშაობს საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის ინსტიტუტების ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაზე. აღნიშნული ხელს უწყობს სახელმწიფო სტრუქტურების ეფექტურობის გაზრდას, რათა მათ უკეთ დაიცვან ქართველი ხალხი და ქვეყნის ტერიტორია.

ნატოსა და საქართველოს შორის სამხედრო თანამშრომლობა პარტნიორობის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია და ის მიმართულია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესებისკენ. 2019 წლის „ნატო-საქართველოს სწავლების“ დროს სიამაყეს ვგრძნობდი და ქართველ სამხედრო კოლეგებთან ერთად აღვნიშნავდი მათ წარმატებას. სწავლება “ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში” (JTEC) გაიმართა, რომელშიც 350-მდე სამხედრო და სამოქალაქო პირი იღებდა მონაწილეობას, ალიანსის 24 მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნიდან. წვრთნებმა აჩვენა საქართველოს სამეთაურო და კონტროლის შესაძლებლობების ეფექტურობა. “ნატო-ს გაერთიანებული ძალების სასწავლო ცენტრსა” (JFTC) და „ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს“ (JTEC) შორის პარტნიორობის შეთანხმების გაფორმება კი, კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იყო ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის განვითარებისკენ.

საერთო ჯამში, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა მიმართული იყო ამ შესანიშნავი ქვეყნის გაძლიერებისა და მისი მედეგობის გაზრდისკენ, რათა საქართველო გამოწვევებსა და პოტენციურ საფრთხეებს უკეთ გაუმკლავდეს.

COVID-19-მა მოულოდნელიპრობლემები და გართულებები წარმოშვა. პანდემიამ გვაიძულა, შეგვემცირებინა პროექტები, შეგვეცვალა მუშაობის გზები და შევგუებოდით ახლადშექმნილ გარემოებებს. ჩვენი ერთობლივი გამძლეობა ერთგვარი გამოცდის წინაშე დადგა, თუმცა, მიუხედავად გამოწვევებისა, ვახერხებდით, შეგვენარჩუნებინა აქტიურობა და დატვირთული გრაფიკი გვქონოდა. 2020 წლის გაზაფხულზე, შეზღუდვების დაწყებიდან რამდენიმე კვირაში, წინა წლების მსგავსად, ვუმასპინძლეთ ნატოს გემებს ფოთის პორტში. გასაოცარია, ვფიქრობ, რომ ეს ვიზიტი საერთოდ შედგა. იმ დროისთვის, ვირუსის შესახებ ძალზე ცოტა რამ იყო ცნობილი. შეზღუდვები იყო მკაცრი, მაგრამ აუცილებელი: უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ნატოს სამხედრო პერსონალი ვერ გადმოდიოდა ხმელეთზე და სასწავლო წვრთნები მოიცავდა მხოლოდ გემების მანევრებს, ეკიპაჟის ურთიერთქმედების გარეშე. მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველანი ვგრძნობდით, რომ ნატოს გემების შემოსვლა ქართულ პორტში შემოსვლა საქართველოსადმი ალიანსის მხარდაჭერის საჩვენებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო.

პანდემიის ბოლო ორი წლის განმავლობაში, ბრიუსელში გრძელდებოდა ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) შეხვედრები, რითაც შევინარჩუნეთ აქტიური პოლიტიკური დიალოგი. ასევე, 2020-2021 წლებში, მიუხედავად შეზღუდვებისა, შეუფერხებლად ვაგრძელებდით მუშაობას ყოველწლიურ ეროვნულ პროგრამაზე (ANP) — წლიურ რეფორმების გეგმაზე, რომელიც  საქართველოს ნატოსთან დაახლოების მიზნითაა შექმნილი. ვცადეთ დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა და ონლაინ შეხვედრების დახმარებით, ინტენსიურად ვმუშაობდით დოკუმენტებზე, ვმსჯელობდით ახალ იდეებსა და პროექტებზე. პარადოქსულია, რომ გეოგრაფიული მანძილის მიუხედავად, უფრო მარტივად ვახერხებდით ერთმანეთთან კომუნიკაციას. ვინ იფიქრებდა, რომ SNGP-ის განახლების რთული პროცესი სრულყოფილად და დროულად მოესწრებოდა 2020 წლის დეკემბრის საგარეო საქმეთა მინისტრთა შეხვედრისთვის? საქართველოსა და ნატოს ოფიციალური პირების მიერ SNGP-ის 13 ინიციატივის (ახლა უკვე 16) ეფექტიანობის, ასევე რესურსებისა და მიზნების შეფასება ისედაც რთულ საქმედ მიიჩნეოდა — COVID-19-ის პირობებში კი, თითქმის წარმოუდგენელ ამოცანად იქცა. ბრავო ჩემს კოლეგებს თბილისსა და ბრიუსელში, რომლებიც დაუღალავად შრომობდნენ ამ მიზნის მისაღწევად!

COVID-19-ის ტალღებს შორის, ორჯერ ვუმასპინძლეთ ნატოს სამხედრო კომიტეტსა და მის ორ თავმჯდომარეს, ნატოს სარდლობის სტრუქტურის მეთაურებს, აგრეთვე, ყოფილ და ახლადდანიშნულ ნატოს სპეციალურ წარმომადგენლებს სამხრეთ კავკასიაში — ჯეიმს აპატურაისა და ხავიერ კოლომინას. ყოველი ზემოთ ჩამოთვლილი სტუმრობა ემატება იმ ვიზიტთა არაჩვეულებრივ სიას, რომელიც პანდემიამდე შედგა, ესენია: ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ვიზიტი 2019 წლის მარტში, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერის, ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის სახალხო დიპლომატიის მიმართულებით, ელჩ ტაკან ილდემისა და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტები 2019 წლის ოქტომბერში, აგრეთვე, ნატოს საპარლამენტო ასამბლეისა და მისი ორი მაშინდელი პრეზიდენტის სტუმრობა — ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემი საქართველოში ყოფნის პერიოდში.

საქართველოში ნატოს ოფიციალური ვიზიტების სიხშირე ხაზს უსვამს პარტნიორობის უნიკალურობას, რაც ასევე დასტურდება იმ ინსტრუმენტების რაოდენობით, რომელიც საქართველოს ხელთ აქვს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესასრულებლად. „საქართველოს აქვს ყველა ინსტრუმენტი, იმისათვის რომ გახდეს ალიანსის წევრი“ — გახსოვთ ეს განცხადება? 2008 წლიდან მოყოლებული, ნატოს სამიტის არც ერთ კომუნიკეს არ გაუშვია ხელიდან შესაძლებლობა, დაერწმუნებინა საქართველო, რომ ის გახდება ალიანსის წევრი და დაედასტურებინა ორგანიზაციის ურყევი მხარდაჭერა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

როგორც ჩემს არაერთ კოლეგას, კორონავირუსმა მეც წამართვა ჩემი სამუშაოს ერთ-ერთი ყველაზე სისიამოვნო ნაწილი — შესაძლებლობა, შევხვედროდი ქართველ ხალხს და მათთან განმეხილა ის სამუშაოები, რომლებიც ტარდება საქართველოს ნატოსთან დაახლოებისათვის. პანდემიამდე ჩვენ გვქონდა ძალიან დატვირთული განრიგი სახალხო დიპლომატიის კუთხით. მესტიიდან ლაგოდეხამდე, თელავიდან ქუთაისამდე, დაახლოებით ასობით პედაგოგს, მოსწავლეს, ადგილობრივ ადმინისტრაციას, ჟურნალისტსა და სასულიერო პირს ვესაუბრე. შეხვედრებზე საქართველოს ნატოში გაწევრიანების მტკიცე სურვილი ვიხილე , ასევე გადავაწყდი გარკვეულ სკეპტიციზმსა და დიდი ოდენობით დეზინფორმაციასაც. ზაფხულის შესანიშნავი პერიოდიდან, განსაკუთრებით სასიამოვნოდ მახსენდება ჩემი და პოლონეთის ელჩის საუბრები ხაშურის მუნიციპალიტეტში, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლის მიმდებარე სოფლების სტუდენტებთან. სწორედ ისინი და მათი ოჯახები ატარებენ კონფლიქტით გამოწვეულ მძიმე ტვირთს, საჭიროებენ გამხნევებასა და ჩვენგან დარწმუნებას, რომ მათი ცხოვრების გასაუმჯობესებლად არ ვიშურებთ მცდელობებსა და ძალისხმევას.

სამწუხაროდ, პანდემიის გამო ამგვარი ღონისძიებების შემცირება მოგვიწია და, ბევრი ჩვენი ეროვნული და საერთაშორისო პარტნიორის მსგავსად, ჩვენც სოციალურ პლატფორმებს მივაშურეთ. მადლიერი ვარ ჩემი კოლეგების შემოქმედებითობის, შექმნილ რეალობასთან წარმატებით გამკლავებისა და იმ უამრავი იდეისთვის, რომლებიც ჩვენს საქმიანობაზე სიახლეების გაზიარების შენარჩუნებაში დაგვეხმარა. ინფორმაციის ნაკლებობაზე მეტად არაფერი უხსნის გზას მცდარ წარმოდგენებს. გადახედეთ ჩვენს Facebook-ისა და LinkedIn-ის ინტერნეტ გვერდებს — „NATO in Georgia“, რათა ნახოთ, რამდენად შთამბეჭდავი სამუშაოები მიმდინარეობს ამ კუთხით.

ჩვენ ასევე ეფექტურად ვთანამშრომლობთ სამოქალაქო საზოგადოებასთან, დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ქვეყნის მედეგობის გაძლიერების კუთხით. მადლობა ყველა იმ თავდადებულ პიროვნებასა და ორგანიზაციას, რომლებიც  ქართული საზოგადოებას ქმნიან და მისი ყოველდღიურობის გაუმჯობესებაში შეაქვთ წვლილი. მაგალითად, მათი მხარდაჭერით ჩვენ გადავამზადეთ ჟურნალისტები, რათა უკეთ აგვეხსნა ნატო-საქართველოს პარტნიორობის კომპლექსურობა; შევქმენით უშიშროების, თავდაცვისა და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში ჩართული ახალგაზრდა ქალების ქსელი; მხარი დავუჭირეთ ნატოს კრიზისის დროს გადაწყვეტილების მიღების სტუდენტურ სიმულაციას; გავმართეთ ფოტო კონკურსი და შევკრიბეთ საქართველოში არსებული მედეგობის ამსახველი გასაოცარი სურათები. ჩამონათვალს ასევე ემატება ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების ყოველწლიური გრანტები, რომლებიც ხელმისაწვდომია სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის. გთხოვთ, თვალი ადევნოთ ჩვენს სოციალური მედიის გვერდებს, რათა გაიგოთ, თუ როდის გაიმართება შემდეგი საინფორმაციო სესია და მოგვმართეთ, თუ აკმაყოფილებთ კონკურსის პირობებს.

რამდენიმე კვირაში, თვითმფრინავში ასვლისას, ვიფიქრებ იმ მშვენიერ ადამიანებზე, რომლებიც აქ გავიცანი და იმ შეუდარებელ ადგილებზე, რომლებიც მოვინახულე. უამრავი მადლობა მინდა გადაგიხადოთ სიკეთისა და თავდადებისთვის. ბედნიერი ვარ იმ გამბედაობისა და გამძლეობის გამო, რომლის მოწმეც გავხდი ამ ოთხი წლის განმავლობაში. საქართველოს მიმართ მიკერძოებული ვარ. ეს არის დიდი პოტენციალისა და უდავოდ, ევროპული მომავლის მქონე ქვეყანა. მოუთმენლად ველოდები იმ დღეს, როცა დავბრუნდები, რათა ქვევრის საფერავით საქართველოს ნატოში გაწევრიანების სადღეგრძელო ვთქვა. მანამდე კი, გაუმარჯოს!

This post is also available in: English (ინგლისური)