Site icon Civil.ge

მთავრობამ 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტი წარადგინა

საქართველოს მთავრობის კანცელარია, ფოტო: მთავრობის ადმინისტრაციის Facebook-დან

საქართველოს მთავრობამ 6 დეკემბერს 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო, კორექტირებული ვარიანტი წარადგინა. დოკუმენტი პარლამენტში უკვე გადაგზავნილია და ის კანონმდებლებმა მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დაამტკიცონ.

ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 2022 წლის შემოსულობები 19.36 მლრდ ლარს (6.24 მლრდ აშშ დოლარი) შეადგენს, რაც 2021 წელთან შედარებით, 1.43 მლრდ ლარით (0.5 მლრდ აშშ დოლარ) არის გაზრდილი. რაც შეეხება საერთო ხარჯებს ის 19.17 მლრდ ლარით (6.17 მლრდ აშშ დოლარი) არის განსაზღვრული. 2021 წელს ეს მაჩვენებლი 19.5 მლრდ ლარს (6.12 მლრდ აშშ დოლარი) შეადგენს.

ბიუჯეტის პროექტით, მომავალ წელს, გადასახადებიდან მიღებული შემოსავლები 13.42 მლრდ ლარი (4.34 მლრდ აშშ დოლარი) იქნება, გრანტებიდან მიღებული შემოსავლები 341.8 მლრდ ლარით (100.5 მლრდ აშშ დოლარი) განისაზღვრა, სხვა შემოსავლები კი – 795 მლნ ლარი (257.1 მლნ აშშ დოლარი) იქნება. ასევე, მთავრობა 4.4 მლრდ ლარის (1.4 მლრდ აშშ დოლარი) სესხის აღებას გეგმავს.

2022 წელს, საქართველოს მთავრობა 6%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. 2021 წელს ეს მაჩვენებელი 10%, 2020 წელს კი – 6.8% იყო. ამასთან, მთავრობის პროგნოზით წლიური ინფლაცია საშუალოდ 8.9% იქნება, რაც მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელზე მაღალია.

სამინისტროების მიხედვით, 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ასე გამოიყურება:

წინა წელთან შედარებით, 3.3 მლნ ლარით (1 მლნ აშშ დოლარი) – 68 მლნ ლარამდე (21.9 მლნ აშშ დოლარი) გაიზრდება პარლამენტის ბიუჯეტი. 2.5 მლნ ლარით (770 აშშ დოლარი) – 8.79 მლნ ლარამდე (2.8 მლნ აშშ დოლარი) მოიმატებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება.

2022 წელს 19.2 მლნ ლარს (6.8 მლნ აშშ დოლარი) მიიღებს მთავრობის ადმინისტრაცია, რაც 2021 წელთან შედარებით, 3.2 მლნ ლარიანი (1 მლნ აშშ დოლარი) ზრდაა.

11.2 მლნ ლარით (3.6 მლნ აშშ დოლარი) 148.7 მლნ ლარამდე (47.7 მლნ აშშ დოლარი) გაიზრდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბიუჯეტი.

მომავალ წელს 369 000 ლარით (118 000 აშშ დოლარი) მეტს – 8.87 მლნ ლარს (2.8 მლნ აშშ დოლარი) მიიღებს სახალხო დამცველის ოფისი.

2.3 მლნ ლარით (740 000 აშშ დოლარი) – 11.3 მლნ ლარამდე (3.6 მლნ აშშ დოლარი) გაიზრდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბიუჯეტიც. ზრდა პერსონალის მატებასთან არის დაკავშირებული.

2022 წელს 4.95 მლნ ლარით (1.6 მლნ აშშ დოლარი) დაფინანსდება საკონსტიტუციო სასამართლო, 14.35 მლნ ლარით (4.62 მლნ აშშ დოლარი) – უზენაესი სასამართლო, 99.12 მლნ ლარით (33 მლნ აშშ დოლარი) კი – საერთო სასამართლოები.

2022 წელს, 12.98 მლნ ლარით (4 მლნ აშშ დოლარი) მეტს – 82.18 მლნ ლარს (26 მლნ აშშ დოლარი) მიიღებს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი.

მომავალ წელს, ბიუჯეტიდან კვლავაც 25 მლნ ლარით (8 მლნ აშშ დოლარი) დაფინანსდება მართლმადიდებელი ეკლესია.

2021 წელს ამოქმედებული ინდექსაციის თანახმად, 2022 წლიდან გაიზრდება ასაკობრივი პენსიაც. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, იანვრიდან 70 წლამდე პენსიონერების პენსია 240 ლარიდან 260 ლარამდე (83 აშშ დოლარი) გაიზრდება, 70+ ასაკის მოქალაქეების პენსია კი – 275 ლარიდან 300 ლარამდე (96 აშშ დოლარი) მოიმატებს.

იანვრიდან, მთიან რეგიონებში მცხოვრები 70 წლამდე პენსიონერები 288 ლარიანი პენსიის ნაცვლად, 312 ლარს (100 აშშ დოლარი) მიიღებენ. არსებული 330 ლარიდან 360 ლარამდე (115 აშშ დოლარი) გაიზრდება ამავე რეგიონებში მცხოვრები 70 წლისა და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია. 22 და 44 ლარიდან 100 ლარამდე იზრდება (32 აშშ დოლარი) ომში მონაწილე ვეტერანთა ყოველთვიური დახმარებაც.

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის თქმით, 2022 წელს 10%-ით გაიზრდება საჯარო მოხელეების ხელფასიც. ხელფასის მატება. სხვებთან ერთად, ასევე შეეხებათ – მასწავლებლებს, სკოლების ადმინისტრაციის თანამშრომლებს, სოფლის ექიმებს, ექთნებსა და სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს, ასევე სამხედროებსა და პოლიციელებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)