ჟურნ. თავისუფალი საქართველო, 1921 წლის 30 ნოემბერი, N13
შეერთებული შტატები და საქართველო.
(საუბარი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიასთან)
„ჩიკაგო ტრიბუნაში“, რომელიც ჩრდილო ამერიკის შეერთებულ შტატების ქალაქ ჩიკაგოში გამოდის მოთავსებულია შემდეგი:
„ჩვენი კორესპონდენტი მიიღო საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტმა ნოე ჟორდანიამ, რომელიც ცნობილი ლიდერია ყველაზე მრავალრიცხოვანი და გავლენიანი პარტიის. ის მთელი მეოთხედი საუკუნის განმავლობაში მეთაურობდა ადგილობრივ საზოგადოებრივ მოძრაობას. ამიტომ მის მსჯელობას განსაკუთრებული ღირებულება აქვს.
- როგორია მდგომარეობა დღეს თქვენ ქვეყანაში? ვკითხეთ ჩვენ პატივცემულ პრეზიდენტს.
- საქართველო დღეს დაპყრობილია მოსკოვის მთავრობის ჯარებისაგან. ბოლშევიკები ამ მდგომარეობას უწოდებენ „საბჭოთა წყობილებას“
- როგორ უყურებს ქართველი ხალხი ამ წლის თებერვალ-მარტში მომხდარ ბოლშევიკურ გადატრიალებას?
- გადატრიალება საქართველოში არ მომხდარა. მოხდა მხოლოდ დაპყრობა. ხოლო დამპყრობელისადმი მთელი ქართველი ხალხი გამსჭვალულია უღრმესი სიძულვილით. ამ ჟამათ საქართველოში არ არსებობს მთავრობა იმ სახით, როგორც ეს ესმის განათლებულ კაცობრიობას.
- შეირჩინეთ თქვენ კავშირის თქვენს ქვეყანასთან?
- საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ დასტოვა თავის ქვეყანა, რადგან მტრის მიერ დაპყრობილ ტერიტორიაზე ჩვენი დარჩენა შექმნიდა ისეთ შთაბეჭდილებას, თითქოს ჩვენ კანონიერათ ვიცანით ახალი წესები, რომელიც ოკუპანტებმა დაამყარეს, მთელი ხალხის სურვილი იყო, რომ უცხოეთში შეგვენახა ცენტრი, რომელიც განმახორციელებელია საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის და სუვერენობის იდეის. რაც შეეხება კავშირს ხალხთამ, უნდა ითქვას, რომ ჩვენ მჭიდრო კავშირი გვაქვს დღესაც ჩვენ ქვეყანასთან. სისტემატიურმა დაჭერამ პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოღვაწეებისა, რომელსაც ბოლშევიკები ეწევიან, ვერ აღმოფხვრეს ხალხის შეგნებიდან სიყვარული თავისუფლებისადმი, ერთგულება დემოკრატიულ იდეებისადმი და ნდობა მათდამი, რომელთაც მან მიანდო დაცვა თავის იდეალების და თავის დამოუკიდებლობის.
- როგორი გაქვთ თქვენ წარმოდგენილი თქვენი ქვეყნის მომავალი?
- ბოლშევიზმი, ყოველ ეჭვს გარეშეა, დაეცემა, რადგან ამ სისტემის დანგრევა ყველასათვის თვალსაჩინოა. საქართველოც დაუბრუნდება თავის სახელმწიფოებრივ ცხოვრებას, რომელიც მტრის შემოსევამ შესწყვიტა. მაშინ ჩვენი პირველი საზრუნავი იქნება აღდგენა ეკონომიურ ცხოვრების, რომელიც ბოლშევიკებმა დაანგრიეს.
- გეყოფათ კი ძალა ამ ამოცანის გადასაჭრელათ?
- ვერც ერთი ხალხი, რომელიც ცოტათი თუ ბევრათ ხანგრძლივათ მოჰყვა ბოლშევიკურ უღელის ქვეშ, ვერ აღსდგება თავის საკუთარი ძალებით. მაგრამ ჩვენ სრული საბუთი გვაქვს ვიფიქროთ, რომ მოვიზიდავთ უცხო კაპიტალს, სხვათა შორის ამერიკისაც. საქართველო პატარა და ეკონომიურათ განუვითარებელი ქვეყანაა. მაგრამ იგი დიდი ბუნებრივი სიმდიდრის პატრონია და გეოგრაფიულათაც განსაკუთრებით კარგი მდებარეობა უჭირავს. უკანასკნელ დროს, ბოლშევიკების შემოსევამდე საქართველო თანდათან იქცევდა ევროპის კაპიტალისტთა ყურადღებას. მართალია ამერიკული კაპიტალი ნაკლებ ყურადღებას აქცევდა ჩვენს ქვეყანას, მაგრამ ეს აიხსნებოდა მხოლოდ იმით, რომ ამერიკა დღემდე ძალიან სუსტათ იცნობს საქართველოს.
- შეგიძლიათ თქვენ თუნდაც მოკლეთ გაგვაცნოთ ჩვენი მკითხველისთვის თქვენი ქვეყნის სიმდიდრენი?
- მე დავიწყებ მადნეულობიდან. საქართველოში ჭიათურის რაიონში გვაქვს მთელ ქვეყანაში [მსოფლიოში] უმდიდრესი მარგანეცის მადანი, რომლის რაოდენობა გამოკვლევის თანახმათ უდრის დაახლოებით 100 მილიონ ტონას (ტონა 61 ფუთია), მაშინ როდესაც ინდოეთის მარგანეცის რაოდენობა ომის განისაზღვრებოდა სულ 6-7 მილიონი ტონით. ომის წინ (1913 წელს) საქართველომ გაიტანა მილიონ ტონაზე მეტი, ბრაზილიიდან კი ამავე წელში 8-ჯერ ნალები იყო გატანილი. აღსანიშნავია აგრეთვე, რომ საქართველოში საუკეთესო მარგანეცი მოიპოვება; მარგანეცი ზღვასთან ახლოს მდებარეობს და გვერდით აქვს დაუშრეტელი წყლის ენერგია. და ბოლოს თით მადანი მეტათ ახლოა დედამიწის ზედა პირიდან და მისი ამოღება ამიტომ გაადვილებულია. აქედან თქვენ ადვილათ წარმოიდგენთ, რომ მარგანეცის წარმოებას საქართველოში დიდი მსოფლიო მნიშვნელობა აქვს. და მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი უნდა აინტერესებდეს ამერიკის შტატებსაც, რომელსაც პირველი ადგილი უჭირავს მეტალურგიის განვითარების და მაშასადამე მარგანეცის მოხმარების მხრივ. მაგრამ საქართველოს სხვა მინერალური სიმდიდრენიც მოეპოვება. 170 ადგილას აღმოჩენილია სპილენძის მადანი, 80 ადგილას ტყვიის, 70 – ნავთის. მე ვამბობ იმაზე, რომ ჩვენში ბლომათ მოიპოვება ქვანახშირი. ჩვენი ნავთის მადნებიც ინტერესს მოკლებული არ უნდა იყოს ამერიკელებისთვის.
- ამერიკა გაცნობილია ბაქოს ნავთს. აქვს ბაქოსთან რაიმე კავშირი თქვენ ნავთიან ადგილებს?
- ეს საკითხი დიდი ხანია აინტერესებს გეოლოგებს, რომელნიც იკვლევენ ამიერ-კავკასიას. მაგრამ გამოკვლევები ჯერ არ დამთავრებულა. ფიქრობენ, რომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გადის ერთგვარი სიღრმეზე ნავთიანი ფენები, რომელნიც იძლევიან ბაქოს ნავთის შადრევნებს ამ ნავთიანი ქვეფენების ექსპლუატაცია შესაძლებელია ჩვენი ქვეყნის მრავალ ადგილას, მაგრამ რასაკვირველია იგი დიდ კაპიტალს მოითხოვს. რაც შეეხება სოფლის მეურნეობის პირობებს, განაგრძნობს ბატონი ჟორდანია – მე უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენში შეიძლება განვითარება თითქმის ყველა იმ კულტურის, რომელიც გავრცელებულია ამერიკაში. პირველი ადგილი უჭირავს ჩვენში პურს და სიმინდს, მაგრამ მნიშვნელოვან როლს თამაშობს აგრეთვე კულტურა თამბაქოსი, ჩაის, ბამბის, ბამბუკის. ამათი კულტურა შეიძლება დიდათ განვითარდეს და აქაც, ჩვენ ველით უცხო კაპიტალის დახმარებას, რომელსაც ჩვენ მზათ ვართ მივცეთ შესაძლებლობა ნაყოფიერი მუშაობის.
- თქვენ ახსენეთ, ბატონო პრეზიდენტო, ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა თქვენი ქვეყნის, რაში ხედავთ თქვენ ამ ხელსაყრელ მდებარეობას და რამდენათ აქვს მას მნიშვნელობა ამერიკელებისათვის?
- გადახედეთ ამიერ-კავკასიის ქარტას, გვიპასუხა ნოე ჟორდანიამ. აი ზღვის გზა, რომელიც მიდის დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ ძველი ქვეყნის [მსოფლიოს] შუაგულისაკენ. ეს გზა გაივლის გიბრალტარს, დარდანელს, ბოსფორს, გადაჭრის შავ ზღვას და მიაღწევს თავის უკანასკნელ პუნქტს – ბათომს. ამ გზის ბუნებრივი გაგრძელებაა – ამიერ-კავკასიის სარკინიგზო მაგისტრალი, რომელიც აერთებს შავ ზღვას კასპიის ზღვასთან, აქედან სპარსეთთან, თურქესტანთან, ავღანისტანთან, ინდოეთთან. ეს უახლოესი გზაა აღმოსავლეთისკენ და ერთი უდიდესი გზათაგანია მსოფლიო ისტორიაში. უნდა ავღნიშნოთ აგრეთვე. რომ საქართველოზევე გადის ერთათ-ერთი გზა, რომლითაც ბაქოს ნავთს შეუძლია მსოფლიო ბაზარზე გამოვიდეს, ასე რომ ბაქოს ნავთის ექსპლუატაციის საკითხი განუყოფელია საქართველოს სატრანზიტო გზისაგან. ყოველ ეჭვს გარეშეა, რომ რაკი აღდგენილ იქნება ნორმალური საერთაშორისო გაცვლა-გამოცვლა საქონლის, ჩვენს ტერიტორიაზე აუარებელი სატრანზიტო საქონელი და დიდძალი მგზავრები გაივლის. და ჩვენ სერიოზულათ გვაფიქრებს საკითხი ჩვენი რკინის-გზების მოწყობისა ამ ფართო დანიშნულების შესასრულებლათ. ეს საკითხი განსაკუთრებით მწვავეთ დადგება ბოლშევიკების ოკუპაციის თავიდან მოშორების შემდეგ, რადგან ბოლშევიკებმა გაზიდეს უკვე ჩვენი ქვეყნიდან უდიდესი ნაწილი ჩვენი რკინის-გზის ქონებისა. დაგვჭირდება შეძენა უცხოეთში მრავალი ნაწილების, დაგვჭირდება შეკეთება ლიანდაგის, შეიძლება მალე საჭირო დარჩეს ახალი გზების გაყვანაც. მე ვფიქრობ, რომ მოწინავე ქვეყნებს შეუძლიათ ჩვენი დახმარება როგორც ამ საქმეში, ისე რკინის-გზის მეურნეობის სათანადო სიმაღლეზე დასაყენებლათ.
- განა არ შეუშლიან ხელს ამიერ-კავკასიაში ტრანზიტის განვითარებას ის უთანხმოებანი, რომელიც არსებობს ამიერ-კავკასიის რესპუბლიკებს შორის?
- მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ უთანხმოებას, რომელიც წარმოშობილია შავბნელ წარსულისაგან, მომავალში ადგილი აღარ ექნება. ამიერკავკასიის ხალხებს მტკიცეთ აქვთ გადაწყვეტილი – მეგობრულათ იცხოვრონ, და ერთმანეთ ძმურათ დაეხმარონ. ჩვენ შევკარით მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიური კავშირი ჩვენ მეზობელ სომხეთთან, აზერბეიჯანთან და ჩრდილო-კავკასიის მთიელთა რესპუბლიკასთან [ემიგრაციაში მყოფ მთავრობებთან – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა]. სარკინიგზო კონვენცია და ამიერკავკასიის რკინის-გზების კონცესია არსებით ელემენტათ შედის ამ სამოკავშირო ხელშეკრულებაში. ვფიქრობ, რომ მომავალში ეს კავშირი უფრო განვითარდება და გამტკიცდება.
- კიდევ ერთი კითხვა ბატონო პრეზიდენტო, ბევრი არიან საქართველოში ამერიკის მოქალაქენი?
- ჩვენში ისინი ძალიან ცოტანი იყვნენ, უფრო ცოტანი ვინემ ჩვენ გვინდოდა. მაგრამ მათ დიდი და კეთილი საქმე გააკეთეს. ამიერ-კავკასიის ხალხები არასოდეს არ დაივიწყებენ ამერიკულ [ჰუმანიტარიულ] კომიტეტს, რომელმაც დაგვანახა არა მარტო ჰუმანიური ქველმოქმედება შეერთებულ შტატების, არამედ ისიც, თუ როგორი განსაცვიფრებელი სისწრაფით, ბეჯითათ და უხმაუროთ აკეთებენ დიდ საპასუხისმგებლო სამუშაოს თქვენი მოქალაქენი