Site icon Civil.ge

აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაკარგული 8 ნეშტი გადმოასვენეს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, თეა ახვლედიანი აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული 8 პირის სამოქალაქო პანაშვიდზე სამების საკათედრო ტაძარში, ფოტო: მინისტრის აპარატის პრესსამსახური

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის 8 დეკემბერის განცხადებით, 1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 8 იდენტიფიცირებული ნეშტი თბილისში გადმოასვენეს.

მინისტრის აპარატის ცნობით, დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდები 8-9 დეკემბერს სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება.

ამავე ინფორმაციით, გადმოსვენებულთაგან 5 სამხედრო მოსამსახურე, 3 კი – მშვიდობიანი მოქალაქე იყო. 5 სამხედროდან 4-ს დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ, დანარჩენ მოქალაქეებს კი – ოჯახების გადაწყვეტილებით, სხვადასხვა ადგილზე, მათ შორის, საგვარეულო სასაფლაოებზე გადაასვენებენ.

მინისტრის აპარატის ცნობით, დაღუპულთა ნეშტები სახელმწიფო უწყებებისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით გადმოასვენეს.

სახელმწიფო მინისტრის აპარატისვე ინფორმაციით, ამ დროისთვის, ერთობლივი მექანიზმით, 1990-იანი და 2008 წლების შეიარაღებული კონფლიქტების დროს დაკარგული 598 ადამიანის ნეშტია ნაპოვნი, მათგან იდენტიფიცირებულია 219.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)