Site icon Civil.ge

1921: პოლიტიკური პატიმრების წერილები მეტეხის ციხიდან

#1 წერილები მეგობრებს

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივის ცენტრალური საისტორიო არქივი, ფონდი 2117, ანაწერი 1, საქმე 41, ფურცელი 9.

იმ დროს, როცა მთელი საქართველოს რესპუბლიკა სატუსაღოთ არის გადაქცეული – ადვილი წარმოსადგენია, თუ რაღა იქნება თვით ამ სატუსაღოში გამართული სატუსაღო. მე მოგახსენებთ მეტეხის საპყრობილეში დამწყვდეულ პლიტიკურთა მდგომარეობაზე: აქ ამჟამად ორას ოცი (220) პოლიტიკური ტუსაღი იმყოფება. სულ კი მთელ ციხეში 800 ტუსაღია (ნორმით იტევს მხოლოდ 400 კაცს) უმრავლესობა პოლიტიკურებისა 4-6 თვეა ზის (არიან ისეთებიც, რომ ცხრა თვე სხედან), – ხოლო დანარჩენი დაჭერილნი არიან უკანასკნელ საბჭოების არჩევნების  (1921 წლის შემოდგომაზე გამართულ არჩევნებს მოქალაქეებმა სოციალ-დემოკრატთა ორგანიზებით ბოიკოტი გამოუცხადეს, რის გამოც საბჭოთა ხელისუფლებამ რეპრესიები გააძლიერა –  რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა)…

ბრალდებას თითქმის 80%-ს ვერავითარს ვერ უყენებენ – ან რა უნდა წაუყენონ… მოპყრობა პოლიტიკურ ტუსაღებს უფრო მკაცრი გვაქვს, ვიდრე სისხლის სამართლის ტუსაღებს. ამ უკანასკნელ დროს ნახვის ნებას – ოჯახებს და ნათესავებს აღარ აძლევენ. ადმინისტრაცია თითქმის ყველა უცხოელ ელემენტებისა , ალბათ იმიტომ, რომ ქართველობას უნდობლობით უყურებენ. წინეთ ნახევარ გირვანქა პურს იძლეოდენ; შეჭამადათ იძლევიან კარტოფილის წვენს და ლობიოს ნახარშს. ბინების გათბობაზე არავინ ზრუნავს, სანიტარული მდგომარეობა ცუდზე-ცუდია; არ იძლევიან არავითარ მასალას, რომ კაცმა ბინა გამორეცხოს დაასუფთაოს. წამლობა უფრო უარეს მდგომარეობაშია, წამლების უქონლობის გამო. ლოგინებს (ტახტებს) არ იძლევიან, რის გამო ბევრი იატაკზე იძინებს შედეგათ კი ამას მოსდევს ის, რომ ცივდებიან და ხდებიან ავად, ამას ყველას ზედ ერთვის ბინის სივიწროვე, რის გამოც ფეხი მოიკიდა სენმა. ამ რამდენიმე ხნის წინ ავად გახდნენ: ვ. ბარბაქაძე (ტრამვაის მუშა) კ. დიმიტრიშვილი, კოხრეიძე, გ. გომართელი, ილო მაისურაძე, ოსიძე, ვ. დევაძე, ილიკო ბადრიძე (დამფუძნებელი კრების წევრი – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა), კ. შალიკიანი და სხვები. მათ შორის ბარბაქაძე უკვე გარდაიცვალა 28 ნოემბერს. ილიკო ბადრიძეს, კოხრეიძეს, დიმიტრიშვილს ტიფი აღმოაჩნდათ, ხოლო დანარჩენებიც მძიმე ავადმყოფები არიან. ასე, რომ არ ვიცით როგორ გადაურჩებიან ეს ამხანაგები ამ მძიმე ავადმყოფობას – ჩვენ პირობებში. ადმინისტრაცია არამც თუ არავითარ სამართლიან მოთხოვნილებას შეძლების ფარგლებში არ ასრულებს, პირიქით ცდილობს, რომ გამოგვიწვიოს, რაც აიხსნება იმით, რომ პოლიტიკურ ტუსაღთა შევიწროებაზე ისინი მადლობას იღებენ.

ამ ორი კვირის წინეთ ჩვენ მიგიწვია ციხის კულტურულმა „პროსვეტმა“, რომელიც შესდგება კომუნისტებისაგან, ლექციაზე –  “ნაუჩნიით სოციალიზმ“. ჩვენ უნდა ოპონენტებათ გამოვსულიყავით. რა საკვირველია ჩვენებმა მათ ტყავი გააძრეს. ჩვენი მხრით ოპონენტებად გავიდნენ, მხოლოთ მუშები. ეს „პოლიტკომს“ არ მოეწონა; კონცერტ-მიტინგი დახურულათ გამოაცხადა და ჩვენ კი შედეგათ რეპრესიები მივიღეთ… ამბობენ, რომ ეს გამოიწვია იმან, რომ ჩვენებს მოსწრებული დასაბუთებული პასუხის გამო თვით ბევრმა კომუნისტებმაც ტაში დაუკრაო… ამის შემდეგ ჩვენ, კონცერტ-მიტინგებზე მონაწილეობის მიღება აღგვიკრძალეს. ასე ამ რიგათ ციხეშიც – კი ვერ მოუნელებიათ თავისუფალი აზრის გამოთქმა… აქ დიდ დახმარებას უწევენ ციხის ადმინისტრაციას კომუნისტები დატუსაღებულნი სხვა და სხვა სისხლის სამართლის საქმეებზე, რომლებიც 150 კაცამდის  არის.. ამ ქურდ-ბაცაცებს მექრთამეებს და ყაჩაღებს თავისი შავი წარსული დაბეზღება-დასმენით უნდათ გამოასწორონ…

საგუბერნიო სატუსაღოში აქედგან გადაყვანილები – 35 პოლიტიკური ტუსაღი ითვლება, ხოლო „ჩეკაში“ იქიდგან მოსულების გადმოცემით ათი კაცი ყოფილა…

ზემო აღწერილიდგან ადვილათ წარმოიდგენთ ჩვენ მდგომარეობას.

თქვენი რეგულატორი

20 დეკემბერი, 1921 წელი. მეტეხის ციხე