Site icon Civil.ge

PACE-ის თანამომხსენებლები საქართველოს სტუმრობენ 

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა, ფოტო: gov.ge

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის წევრები – ტიტუს კორლატეანი (რუმინეთი) და კლოდ კერნი (საფრანგეთი) 8-10 დეკემბერს ფაქტების შემსწავლელი ვიზიტით თბილისში იმყოფებიან.

9 დეკემბერს, PACE-ს წარმომადგენლები პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასა და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დეპუტატებს შეხვდნენ.

საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერმინისტრთან შეხვედრაზე მხარეებმა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საკითხი განიხილეს. ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უზრუნველყო თვითმმართველობის არჩევნების გამჭვირვალე, თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარება.

ამავე ინფორმაციით, საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებას და ხაზი გაესვა ევროპის საბჭოს მხარდაჭერის როლს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში.

იმავე დღეს, PACE-ს თანამომხსენებლები ვიცე-პრემიერს და საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს შეხვდნენ და მასთან საქართველოსა და ევროპის საჭოს ურთიერთობები, PACE-ის ფარგლებში თანამშრომლობა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები განიხილეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზალკალიანმა დაგმო რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ და რეგიონში მიმდინარე „მზარდი სახის აგრესიული, უკანონო ქმედებები, მათ შორის, რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრის სიახლოვეს სამხედრო შენაერთების ბოლოდროინდელი კონცენტრირება და ინტენსიური სამხედრო მოქმედებები, რომელიც საფრთხეს უქმნის უკრაინის, შავი ზღვის რეგიონისა და მთლიანად, ევროპის უსაფრთხოებას“.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თანამომხსენებლებს ოკუპირებულ რეგიონებთან, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 55-ე რაუნდთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.

პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახა კუჭავასთან შეხვედრაზე, მხარეებმა 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების საკითხი განიხილეს. საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოს მიერ განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზეც იმსჯელეს.

იმავე დღეს, მოგვიანებით, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა და კომიტეტის წევრებმა თანამომხსენებლებს საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცოტა ხნის წინ შეტანილ ცვლილებებზე, დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებებზე და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმაზე მიაწოდეს ინფორმაცია.

ვიზიტის ფარგლებში, PACE-ის თანამომხსენებლები ასევე შეხვდებიან PACE-ში საქართველოს დელეგაციის წევრებს, საპარლამენტო ფრაქციების წევრებს, სასამართლო სისტემის წარმომადგენლებს, ასევე ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, ლგბტ თემის, დიპლოტიური კორპუსის, კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის წარმომადგენლებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)