Site icon Civil.ge

ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას პოლიტიკოსები ეხმიანებიან

ფოტო: ჯანდაცვის სამინისტროს Facebook-დან

გუშინ ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ იგი თანამდებობას ტოვებს და საქმიანობას ქართული ოცნების პოლიტსაბჭოში განაგრძობს.

პოსტიდან ტიკარაძის მოულოდნელად, მიზეზის დასახელების გარეშე გადადგომის პარალელურად, მედიაში გაჩნდა ვარაუდები, რომ, შესაძლოა, გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი მასსა და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის კოვიდ პასპორტების თემაზე არსებული დაპირისპირება ყოფილიყო. დეტალების დაზუსტება ჟურნალისტებმა პოლიტიკოსებთან სცადეს.

ქვემოთ, ეკატერინე ტიკარაძის გადადგომაზე მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეფასებებია მოცემული:

მმართველი გუნდის გამოხმაურება

კახა კუჭავა – პარლამენტის თავმჯდომარე: „გუშინ ბრიფინგი ყველამ მოისმინეთ, ნახსენებიც არ იყო დაპირისპირება. ხშირად, როდესაც ფორმატებში ვიკრიბებოდით ჩვენ, არც კი იგრძნობოდა არანაირი დაპირისპირება. გადადგომებზე, არა მხოლოდ ტიკარაძის, ნებისმიერი მინისტრის და ასე შემდეგ ყოველდღე მიდის, სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ჭორაობა და ადრე თუ გვიან, როდესაც ხდება ეს ფაქტი, შემდეგ ამბობენ „ხომ ვამბობდითო“. რას ვამბობდით? სამი წელი იყო ეს ადამიანი ჯანდაცვის მინისტრი, სამი წლის შემდეგ მიიღო ეს გადაწყვეტილება. დეტალებზე, ალბათ, თვითონ ისაუბრებენ“.

გია ვოლსკი – პარლამენტის ვიცე-სპიკერი: „თქვეს, რომ კამათი იყო [პრემიერსა და ჯანდაცვის მინისტრს შორის], არც დამალულა ეს კამათი, რაღაც საკითხებთან დაკავშირებით. მე ვუპასუხე, რომ კამათის დროს ჭეშმარიტება წარმოიშვება და იმედია, რომ ესეც ის შემთხვევაა…ერთი მინდა ვთქვა – მაგარი ქალბატონია. 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, აი, ამდენი ხანია, კოვიდის პირველი დღიდან. იქამდე კიდევ საკმაოდ სერიოზულ თემებს ატარებდა მხრებზე. უშველებელი სისტემა… გადაღლილობა არის ერთ-ერთი მიზეზი. მე მგონია ასე, ჩემი აზრია ეს. რაც შეეხება იმას, როგორ? რა მოხდა? გავა დრო და თავად ილაპარაკებს. კამათიც ხდება, გუნდიდან ვიღაცის წასვლა[ც]…, თუმცა, ეკა არსად წასულა და პოლიტსაბჭოს წევრია… მე რომ არ მივედ-მოვედო, თვითონ ილაპარაკებს [ეკა ტიკარაძე] ან პრემიერმინისტრი გააკეთებს განცხადებას“.

კახა კალაძე – თბილისის მერი/ქართული ოცნების გენერალური მდივანი: „მე არ ვიცოდი [ჯანდაცვის მინისტრის გადადგომა]. მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, მინდა ეკას წარმატებები ვუსურვო. ის, რა თქმა უნდა, გუნდიდან არ მიდის, პარტიაში გააგრძელებს მუშაობას, პოლიტსაბჭოში. თუ ვინ იქნება მინისტრი, დაველოდოთ და უახლოეს მომავალში იქნება გადაწყვეტილი. არანაირი დაპირისპირება არ იყო, არავინ არ მოიხსენიებდა ერთმანეთს უწმაწური სიტყვებით. რომელ საუკუნეში ვართ, რა უწმაწური სიტყვებით მოხსენიებაზეა ლაპარაკი?! შეიძლება გარკვეულ საკითხებში იყო მსჯელობა, აზრთა სხვადასხვაობა, არ ვიცი, მე არ ვარ მთავრობის წარმომადგენელი. მთავრობის ხელმძღვანელი თავის კაბინეტის მინისტრებს სამუშაო ფორმატში რა თემებზე ესაუბრება, ეს რა თქმა უნდა, არც გენერალური მდივნის საქმე არ არის და არც პოლიტსაბჭოს წევრის“.

ოპოზიციის გამოხმაურება

ზაალ უდუმაშვილი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: „ყველაფერი დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ ერთ ადამიანზე და ეს ადამიანი გახლავთ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც წყვეტს, ვინ უნდა იყოს მინისტრი, ვინ პრემიერმინისტრი“.

ანა ნაცვლიშვილი – ლელო საქართველოსთვის: „კოალიციური მმართველობა რომ ყოფილიყო საქართველოში, პირველ რიგში, ტიკარაძისნაირი კადრი ვერ დაიკავებდა ისეთ მნიშვნელოვან თანამდებობას, როგორიცაა ჯანდაცვის მინისტრი და თუ დაიკავებდა, აქამდე მას საკუთარი ნებით კი არა, კოალიციური ხელისუფლება გაუშვებდა“.

სალომე სამადაშვილი – დამოუკიდებელი დეპუტატი: „ჯანდაცვის მინისტრი კი არა, მთელი მთავრობა უნდა წერდეს განცხადებას და მიდიოდეს, როდესაც ასეთი სავალალო შედეგია და ყოველდღე ჩვენ უამრავი ადამიანი გვეღუპება. როდესაც ასეთი წარუმატებელია მთავრობა, ამ პროცესის მართვაში, იქ, ცხადია, რომ შიდა განხეთქილება აუცილებლად იქნებოდა, იმიტომ, რომ წარუმატებლობა ვინმეს უნდა დაბრალდეს და როგორც ჩანს, ერთმანეთზე გადაბრალების პროცესი წავიდა. ამით ვერ აიცილებს ხელისუფლება პასუხისმგებლობას იმაზე, რაც მოხდა, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში კოვიდის მართვის პროცესი არ არის მხოლოდ ჯანდაცვის მინისტრის პრეროგატივა“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)