საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 11 დეკემბერს დაგმო მოსკოვის მოწოდება ნატოს წევრი სახელმწიფოების მიმართ, რომ გააუქმონ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, საქართველო და უკრაინა გახდებიან ალიანსის წევრები.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება
10 დეკემბრის განცხადებაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხაზი გაუსვა, რომ ევროპული უსაფრთხოების ძირეულ ინტერესებშია, ოფიციალურად გაუქმდეს საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილება.
მოსკოვმა განაცხადა, რომ მოკავშირეების ეს დაპირება, სხვა საკითხებთან ერთად, ეწინააღმდეგება ქვეყნების მიერ ეუთოს წინაშე აღებულ ვალდებულებას არ გააძლიერონ საკუთარი უსაფრთხოება სხვა ქვეყნების, ამ შემთხვევაში კი რუსეთის უსაფრთხოების ხარჯზე.
„ბოლო წლებია ნატო თანმიმდევრულად მიიწევდა აღმოსავლეთით და მოსკოვის მიერ გამოხატულ შეშფოთებას უგულებელყოფდა“, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ და დასძინა, რომ რუსეთის ხელისუფლება აპირებს მოითხოვოს სერიოზული გრძელვადიანი სამართლებრივი გარანტიები, რომლებიც გამორიცხავენ ნატოს ნებისმიერ შემდგომ სვლას აღმოსავლეთისკენ და რუსეთის დასავლეთ საზღვრებზე მისთვის საფრთხის შემცველი შეიარაღების განთავსებას.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ „ევროპაში დაძაბულობის შემცირების მიზნით“, ნატო მოსკოვის წინადადებებს უნდა დათანხმდეს, მათ შორის შეზღუდოს მოკავშირე ძალების წვრთნები რუსეთიდან შეთანხმებულ მანძილზე და შეთანხმდნენ ბალტიისპირეთის და შავი ზღვის რეგიონებში საზღვაო და საჰაერო ხომალდების მიახლოების მაქსიმალურ მანძილზე.
ამ კონტექსტში, სამინიტრომ განაცხადა, რომ მოსკოვი უსაფრთხოების სამართლებრივი გარანტიების შესახებ წინადადებას აშშ-რუსეთის სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგის მომდევნო რაუნდზე წარადგენს.
განცხადება უკრაინის საზღვრებზე რუსეთის მზარდი მილიტარიზაციის ფონზე გაკეთდა. დასავლელმა ლიდერებმა, მათ შორის, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკვე გააფრთხილეს მოსკოვი, რომ უკრაინაში მის შესაძლო შეჭრას „მძიმე შედეგები“ მოჰყვება.
სანაცვლოდ, მოსკოვმა განცხადებაში დასავლელი სახელმწიფოები უკრაინის იარაღით მომარაგებაში დაადანაშაულა, რაც რუსეთთან კონფრონტაციას აღვივებს. მოსკოვის თქმით, დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები სულ უფრო უარესდება და კრიტიკულ ნიშნულამდე მივიდა.
ეუთოში ლავროვი ნატოს გაფართოების წინააღმდეგ შეთანხმებაზე საუბრობს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოხმაურება
საგარეო საქმეთა სამინისტრომ 11 დეკემბერს განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია მესამე მხარის მიერ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გადახედვასთან დაკავშირებით გაკეთებული ნებისმიერი განცხადება, რაც „ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს“.
უწყებამ ხაზი გაუსვა, რომ ბუქარესტის გადაწყვეტილება მოკავშირეებს შორის კონსენსუსის საფუძველზე მიიღეს და გამეორებულ იქნა 2008 წლის შემდგომ გამართულ ნატოს ყველა სამიტზე. „2021 წელს ბრიუსელში ნატო-ს სამიტზე მიღებული კომუნიკე კი ხაზს უსვამს, რომ მოკავშირეები დაუშვებლად მიიჩნევენ ქვეყნების საგარეო პრიორიტეტების განსაზღვრაში ნებისმიერი მესამე მხარის ჩარევას“, – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ ნატოში გაწევრიანება წარმოადგენს საქართველოს „სუვერენულ გადაწყვეტილებას, რომელიც დაფუძნებულია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ურყევ ნებაზე. აღნიშნული მიზანი ასახულია საქართველოს კონსტიტუციაშიც“.
ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში, სამინისტრომ აღნიშნა, რომ მთავარ გამოწვევას დღესდღეობით წარმოადგენს სწორედ რუსეთის ფედერაციის ქმედებები, რომელიც „გამოიხატება მეზობელი, სუვერენული ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაციასა და ანექსიაში, საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების უგულებელყოფაში და მის მიერვე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაში“.
ნატოს გენერალური მდივნის პასუხი
რუსეთის საგარეო უწყების განცხადების საპასუხოდ, ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თავისი ადრინდელი პოზიცია გაიმეორა, რომლის თანახმადაც, ალიანსი „ვერ შეეგუება იმას, რომ რუსეთი ცდილობს აღადგინოს სისტემა, რომელშიც მსხვილ სახელმწიფოებს, როგორიც რუსეთია, აქვთ გავლენის სფეროები, სადაც ისინი შეძლებენ გააკონტროლონ ან გადაწყვიტონ, რისი გაკეთება შეუძლიათ სხვა წევრებს“.
„ჩვენ ვაპირებთ, რომ დავსხდეთ და ვილაპარაკოთ რუსეთთან, თუმცა არ დავთმობთ ევროპის თითოეული ქვეყნის უფლებას, რომ თავად აირჩიონ საკუთარი გზა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა 10 დეკემბერს ბრიუსელში გერმანიის ახლადდანიშნულ კანცლერთან, ოლაფ შოლზთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას.
„ფუნდამენტური პრინციპია, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი გზა. ეს ასახულია ბევრ იმ დოკუმენტსა და შეთანხმებაში, რომელზეც რუსეთსაც აქვს ხელი მოწერილი“, – დასძინა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
ასევე წაიკითხეთ:
- ეუთოში ზალკალიანმა თბილისისა და კიევის წინააღმდეგ მოსკოვის აგრესიული პოლიტიკა გააკრიტიკა
- ნატო: რუსეთს მეზობლების კონტროლის უფლება არ აქვს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)