იორდანიის სამეფოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, იუსეფ აჰმად ალ-ჰნაითი თბილისს სტუმრობს, სადაც იგი დღეს საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესა და თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს შეხვდა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ამასთან, მხარეებმა საქართველოსა და იორდანიას შორის კავშირების განმტკიცების იმედი გამოთქვეს და ამ პროცესში მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს, ნატოში ინტეგრაციის კუთხით საქართველოსა და იორდანიის მისწრაფებებს გაუსვეს ხაზი, ასევე ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან თანამშრომლობის საკითხებსა და ინტეგრაციის პროცესზე გაამახვილეს ყურადღება.
შეხვედრის შემდეგ, ჯუანშერ ბურჭულაძემ და იუსეფ აჰმად ალ-ჰნაითმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
თავდაცვის სამინისტროსვე ინფორმაციით, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისა და ნატოსთან გაძლიერებული შესაძლებლობის პარტნიორობის ფორმატში (EOP) საქართველოსა და იორდანიის გაფართოებული შესაძლებლობები განიხილეს.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, გენერალ-მაიორი ალ-ჰნაითი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსაც შეხვდება და სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტასაც“ ეწვევა.
ასევე წაიკითხეთ:
- აშშ-ის თავდაცვის მდივანი პრემიერ ღარიბაშვილს შეხვდა
- საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურს შეხვდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)