საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა 14 დეკემბერს ბაქოში აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის ბიზნესფორუმს დაესწრო და აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგებს, ასევე აზერბაიჯანის ტრანსპორტის, კომუნიკაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების მინისტრს, რაშად ნაბიევს შეხვდა.
სამმხრივი ბიზნესფორუმი 2012 წლიდან იმართება და მასში სამი ქვეყნის 100-ზე მეტი ბიზნესის წარმომადგენელი მონაწილეობს, მათ შორის, 20-ზე მეტი ქართული კომპანია.
„სამმხრივი ბიზნესფორუმი ის ღონისძიებაა, რომელიც ნამდვილად მოწმობს, რომ ამ სამმა ქვეყანამ შევძელით კერძო სექტორთან ერთად გაგვეძლო პანდემიის ურთულესი და კომპლექსური გამოწვევისთვის და აქცენტი გადაგვეტანა მომავალზე, რათა უფრო მეტად გავაღრმავოთ და გავააქტიუროთ ჩვენი ბიზნეს-კავშირები“, – განაცხადა ნათია თურნავამ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა თურნავამ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება ასევე გაამახვილა საქართველოს მთავრობის მიერ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში გაწეულ ძალისხმევაზე, მათ შორის, ბიზნესის დახმარების პოლიტიკაზე. ნათია თურნავამ ასევე ისაუბრა იმ საერთო სტრატეგიულ, რეგიონულ, ლოგისტიკურ, ენერგოპროექტებსა და დერეფნებზე, რაც „საქართველოს, აზერბაიჯანს და თურქეთს ისტორიულად აერთიანებს“.
აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგებთან შეხვედრები
აზერბაიჯანელ კოლეგასთან, მიქაელ ჯაბაროვთან შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-აზერბაიჯანის, ასევე საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატში მსხვილ რეგიონულ პროექტებზე იმსჯელეს.
აღნიშნა რა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთ უმთავრეს პარტნიორად რჩება, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ „ეკონომიკურ თანამშრომლობას მზარდი ხასიათი აქვს და გრძელდება მუშაობა თანამშრომლობის გაფართოებაზე ყველა მიმართულებით, მათ შორისაა – ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა, ვაჭრობა და ორმხრივი ინვესტიციები“. აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე მისი ქვეყნის ინტერსსაც გაუსვა ხაზი.
გუშინვე ეკონომიკის მინისტრი აზერბაიჯანის ტრანსპორტის, კომუნიკაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების მინისტრ რაშად ნაბიევს შეხვდა და მასთან სხვა საკითხებთან ერთად, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის შესახებ იმსჯელა.
თურქეთის ეკონომიკის მინისტრთან, მეჰმეთ მუშთან შეხვედრაზე ნათია თურნავამ თურქეთი-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების არეალის გაფართოებაზე გაამახვილა ყურადღება.
ხაზი გაუსვეს რა, რომ ორი ქვეყანა ნაყოფიერად თანამშრომლობს ისეთ სექტორებში, როგორებიცაა – ვაჭრობა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა, ტურიზმი და სხვ., მხარეები შეთანხმდნენ, რომ თავისუფალი ვაჭრობის კომიტეტის სხდომის ფარგლებში ვაჭრობის არეალის გაფართოების მიმართულებით ტარიფების შემდგომი ლიბერალიზაციის და მომსახურებით ვაჭრობის თაობაზე მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი თბილისში 23 დეკემბერს გაიმართება.
შეხვედრაზე ორი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრებმა საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის ე.წ. დიაგონალური კუმულაციის სქემის ამოქმედებაზეც იმსჯელეს, რომლითაც თურქული ნედლეულით საქართველოში დამზადებული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით იქნება შესაძლებელი.
„შეხვედრაზე მინისტრებმა ასევე ისაუბრეს თანამშრომლობაზე სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტის, აგრეთვე სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით თანამშრომლობის გარღმავებაზე“, – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.
აზერბაიჯანის დედაქალაქში ეკონომიკის მინისტრს თან ახლდნენ მისი მოადგილეები – გენადი არველაძე და გურამ გურამიშვილი.
ასევე წაიკითხეთ:
- საქსტატი: იანვარ-ნოემბერში საგარეო ვაჭრობა 25.2%-ით გაიზარდა
- საქსტატი: ნოემბერში წლიური ინფლაცია 12.5% იყო
- სსფ: საქართველოს ეკონომიკა ნორმალურ დონეს უბრუნდება, თუმცა რეფორმებია საჭირო
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)