Site icon Civil.ge

ევროკავშირი აღიარებს ასოცირებული ტრიოს მონდომებას, გააღრმავონ თანამშრომლობა ბრიუსელთან

ევროკავშირის დროშები ბრიუსელში ევროკომისიის ბერლემონის შენობის წინ. ფოტო: Unsplash / Guillaume Périgois

15 დეკემბერს ბრიუსელში გამართული აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ერთობლივ დეკლარაციაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი აღიარებს ასოცირებული პარტნიორების სამეულის – საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის – მონდომებას, გააღრმავონ თანამშრომლობა ევროკავშირთან.

დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირი და დაინტერესებული ასოცირებული სამეული გამოავლენენ „სექტორული თანამშრომლობის გაღრმავების“ შესაძლო სფეროებს, მათ შორის, მწვანე და ციფრული გარდაქმნის, დაკავშირებადობის, ენერგოუსაფრთხოების, მათლმსაჯულების, სტრატეგიული კომუნიკაციისა და ჯანდაცვის მიმართულებით.

საერთო დეკლარაცია აღიარებს საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ევროპულ მისწრაფებებსა და ევროპულ არჩევანს, როგორც ეს ნათქვამია ამ ქვეყანათა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებებში. „შეთანხმებები ითვალისწინებს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოციაციისა და ეკონომიკური ინტეგრაციის გაძლიერებას“.

დოკუმენტი ყურადღებას ამახვილებს ასოცირებულ სამეულს შორის გაზრდილ თანამშრომლობას, ერთი მხრივ, მიმართულს ასოცირების ხელეკრულებებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შეთანხმებების განხორციელებისაკენ, მეორე მხრივ კი, — აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმაში თანამშრომლობისაკენ.

ამასთან, საერთო დეკლარაცია, რომელსაც ხელს აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების — საქართველოს, მოლდოვის, უკრაინის, სომხეთისა და აზერბაიჯანის — ლიდერები, ევროკავშირის წარმომადგენლები და წევრი სახელმწიფოების (მთავრობათა) მეთაურები აწერენ, აცხადებს, რომ „ევროკავშირის პირობითობისა და წახალისების მიდგომით („მეტი მეტის“ შემოქმედთათვის და „ნაკლები ნაკლების“ გამკეთებლებისათვის) ის ქვეყნები იხეირებენ, რომლებიც რეფორმებს ყველაზე უკეთ განახორციელებენ.

დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირის მხარდაჭერა პირობითობის პრინციპით იქნება განპირობებული და დამოკიდებული იქნება შეთანხმებული რეფორმების შესრულებაზე. „ამას გავლენა ექნება სტრუქტურულ რეფორმებზე, განსაკუთრებით, კანონის უზენაესობის, მართლმსაჯულებისა და ანტიკორუფციული [ბრძოლის] მიმართულებით“.

„ჩვენ შევიკრიბეთ, რათა კვლავაც ვაჩვენოთ ერთგულება ჩვენი სტრატეგიული, ამბიციური და შორსმჭვრეტელური აღმოსავლეთ პარტნიორობის [ინიციატივისადმი], რომელიც მტკიცედ ეფუძნება საერთო ფუნდამენტურ ღირებულებებს, საერთო ინტერესებსა და ერთობლივ კუთვნილებას, პასუხისმგებლიანობას, ინკლუზიურობას, დიფერენციაციასა და საერთო ანგარიშვალდებულებას“, — ნათქვამია განცხადებაში.

დეკლარაციაში ისიცაა აღნიშნული, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმა ეფუძნება „კონსტრუქციულ პარტნიორობას, რომელიც არაა მიმართული ვინმეს წინააღმდეგ, არამედ შექმნილია, რათა წვლილი შეიტანოს სამეზობლოს ქვეყნებში მშვიდობისა და კეთილდღეობის [მიღწევაში]“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)