Site icon Civil.ge

ირაკლი ღარიბაშვილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ ევროკავშირის ლიდერებს შეხვდა 

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, 15 დეკემბერი, 2021, ფოტო: ირაკლი ღარიბაშვილი Twitter-დან

15 დეკემბრის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ, საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის და სხვა უცხოელ ლიდერებს შეხვდა. მანამდე იგი ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა.

შეხვედრა პრეზიდენტ მიშელთან

პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა და პრეზიდენტმა მიშელმა შეხვედრაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის დეკლარაციის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დოკუმენტი საქართველოსთვის პრიორიტეტულ საკითხებს ასახავს.

ამ კონტექსტში, ღარიბაშვილმა შარლ მიშელს უთხრა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ეტაპობრივი ინტეგრაცია და ენერგეტიკული და ციფრული დაკავშირებადობის გაძლიერება.

მხარეებმა საქართველოს რეფორმებზეც იმსჯელეს. „კიდევ ერთხელ დავარწმუნე [შარლ მიშელი] ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე რეფორმის დღის წესრიგის მიმართ საქართველოს ერთგულებაში“, – დაწერა პრემიერმინისტრმა შეხვედრის შემდეგ Twitter-ზე და დასძინა, რომ „ამბიციური ამოცანები დაისახა და ჩვენ გულმოდგინედ ვიმუშავებთ ამ გზაზე“.

შეხვედრა ევროკომისარ ვარჰეისთან

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების მთავარ მიმართულებებზე ისაუბრეს, მათ შორის, აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის ევროკავშირის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის განხორციელებასა და სამიტის დღის წესრიგზე.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერმინისტრმა ხაზი გაუსვა ქართული მხარისთვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა – ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ეტაპობრივი ინტეგრაცია და ენერგეტიკული და ციფრული დაკავშირებადობის გაძლიერება, მათ შორის, შავი ზღვის პოტენციალის მაქსიმალურად ათვისების გზით.

საუბარი ასევე შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალი დღის წესრიგის დამტკიცებას, რომელიც „პარტნიორი ქვეყნების უსაფრთხოების, ეკონომიკების, ინსტიტუტების, საზოგადოებების, გარემოსდაცვითი და ციფრული ტრანსფორმაციის მექანიზმების გაძლიერებას შეუწყობს ხელს“.

ამავე ინფორმაციით, პრემიერმინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მთავრობას აქვს ამბიციური გეგმა, საქართველომ 2024 წელს ოფიციალური განაცხადი გააკეთოს ევროკავშირის წევრობაზე და აღნიშნა, რომ ამისათვის რეფორმების განხორციელება გაგრძელდება.

შეხვედრის შემდეგ, ღარიბაშვილმა Twitter-ზე დაწერა, რომ ის მოუთმენლად ელის ევროკავშირის პარტნიორებთან აქტიურ ჩართულობას „ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე რეალური პროგრესის მისაღწევად“.

თავის მხრივ, ევროკომისარმა ვარჰეიმ განაცხადა, რომ შავ ზღვაზე დაკავშირებადობა ევროკავშირის პრიორიტეტად რჩება და ხაზი გაუსვა, რომ ბრიუსელი რეგიონს პანდემიასთან საბრძოლველად ვაქცინებით დაეხმარება.

შეხვედრა ასოცირებული ტრიოს ლიდერებთან, ლიეტუვის პრეზიდენტთან

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინისა და მოლდოვსს პრეზიდენტებთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და მაია სანდუსთან ერთად ლიეტუვის პრეზიდენტის გიტანას ნაუსედას სახელით გამართულ სამუშაო სადილს დაესწრო. სადილს ევროკავშირის რამდენიმე წევრი სახელმწიფოს ლიდერიც ესწრებოდა.

„რეფორმები, რომლებიც განხორციელდა, ძალისხმევას მოითხოვდა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა უკრაინის, მოლდოვას და საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ტრანსფორმაციაში. ჩვენ კარგ შედეგებს მივაღწიეთ, მაგრამ ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს – ჩვენ ვერ გავჩერდებით ნახევარ გზაზე“, – აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ „ასოცირებულმა ტრიომ უნდა განაგრძოს წინსვლა რეფორმების კუთხით და ევროკავშირმა ამ ქვეყნებს ევროპული პერსპექტივა უნდა შესთავაზოს“.

ამ კუთხით, პრეზიდენტმა ნაუსედამ კანონის უზენაესობის, კარგი მმართველობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროებში პროგრესის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირმა „მეტი მეტისთვის“ პრინციპი უნდა გამოიყენოს.

შეხვედრა ესტონეთის პრემიერმინისტრთან

ესტონეთის პრემიერმინისტრთან კაია კალასთან შეხვედრაზე, პრემიერმა ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ქართული მხარის მოლოდინია სამიტის პოლიტიკურ დეკლარაციაში ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის აღნიშვნა, როგორიცაა ევროკავშირის ერთიან ბაზარზე თანდათანობით ინტეგრაცია, ასევე ევროკავშირთან სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ციფრული დაკავშირებადობის გაძლიერება.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ქართულ-ესტონური ურთიერთობები განიხილეს და აღნიშნეს წარმატებული პარტნიორობა ინოვაციების, ციფრული ტექნოლოგიებისა და განათლების სფეროებში, ასევე თავდაცვის მიმართულებით. მათ ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობასაც გაუსვეს ხაზი.

ესტონეთის პრემიერმინისტრმა Twitter-ზე დაწერა, რომ მათ დემოკრატიული პრინციპებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრობლობის მნიშვნელობა განიხილეს.

„ასევე გავამახვილეთ ყურადღება ევროპის უსაფრთხოებაზე და ყველა ქვეყნის უფლებაზე, რომ თავად გააკეთოს არჩევანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაკავშირებით. აქ მესამე ქვეყანას სიტყვის უფლება არ აქვს“, – განაცხადა მან მოსკოვის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ ნატომ საქართველოს და უკრაინის წევრობასთან დაკავშირებით ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება უნდა გააუქმოს.

ასევე წაიკითხეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)