Site icon Civil.ge

ასოცირებული ტრიო მზადაა იმუშაოს ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით

ევროპის დროშები ევროკომისიის შენობასთან ბრიუსელში, ფოტო: ქრისტიან ლუ/Unplash.com

ასოცირებული ტრიოს – საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ლიდერებმა 15 დეკემბერს, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შემდეგ განაცხადეს, რომ „ჩვენ ხელახლა დავადასტურეთ სრული მზაობა, რომ ვიმუშავებთ ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით, რასაც ჩვენი ხალხების მტკიცე ნება ამყარებს“.

ერთობლივ განცხადებაში, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ მოუწოდეს ევროკავშირს „მხარი დაუჭიროს ჩვენი სახელმწიფოების სუვერენულ არჩევანს, ევროინტეგრაციის მიმართულებით ჩვენ მიერ გადადგმულ ყველა შესაბამის ნაბიჯს და აღიაროს საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკისა და უკრაინის ევროპული პერსპექტივა“.

სამი ლიდერის თქმით, სამიტზე მათ აღნიშნეს, რომ ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად, ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოს, რომელიც პატივს სცემს ხელშეკრულების ღირებულებებს, „შეუძლია განაცხადი შეიტანოს ევროკავშირის წევრობაზე“.

ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ასოცირებული ტრიოს ინიციატივა აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდგომი სტრატეგიული განვითარების ერთგული რჩება დიფერენციაციისა და ინკლუზიურობის პრინციპების შესაბამისად. განცხადების თანახმად, ტრიო მზადაა გააძლიეროს სამი ქვეყნის პოლიტიკური ასოცირება და ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირთან, მათ შორის, „გავაგრძელოთ მჭიდრო თანამშრომლობა კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და რეფორმებში წინსვლის მიზნით“.

ასოცირებულმა ტრიომ იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირთან სექტორული თანამშრომლობა გაძლიერდება სხვადასხვა სფეროში, როგორებიცაა – მწვანე და ციფრული გარდაქმნა, დაკავშირებადობა, ენერგეტიკული უსაფრთხოება, მართლმსაჯულება და საშინაო საქმეები, სტრატეგიული კომუნიკაციები და ჯანდაცვა.

„ჩვენ გამოვხატეთ ინტერესი ტრიოს ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისადმი ევროკავშირის ერთიან ციფრულ ბაზარზე ინტეგრაციის მიმართულებით“, – ნათქვამია დეკლარაციაში.

სამმა ქვეყანამ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია, მისი აგრესია უკრაინის აღმოსავლეთში და ყირიმის ანექსია, ასევე მოუგვარებელი კონფლიქტი დნესტრისპირეთის რეგიონში „სერიოზულ საფრთხეს უქმნის რეგიონს და მთლიანად ევროპას“.

დაგმო რა აღმოსავლეთ პარტნიორობის რამდენიმე სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის „აშკარა დარღვევა“, მათ შორის, კონფლიქტების წაქეზება და მხარდაჭერა, დეზინფორმაციისა და კიბერშეტევების გამოყენება, ადამიანის უფლებების დარღვევა, სამა ქვეყანამ მედეგობის შემდგომი გაძლიერებისა და ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკისა (CSDP) და ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CFSP) სფეროში ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)