საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, დღეს ათონელის საპრეზიდენტო სასახლეში გამართულ საახალწლო მიღებაზე ქვეყანაში არსებული პოლარიზაციის დასრულებისა და „ეროვნული თანხმობის“ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
ღონისძიებაზე პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა თქვა, რომ მიღების ერთ-ერთი მიზანი ქვეყანაში არსებული პოლიტიკური „ატმოსფეროს შეცვლა“ და „ახალი განწყობის შემოტანაა“.
ხაზი გაუსვა რა, რომ ყველაფერი დაყოფილია, მათ შორის, მართლმადიდებელი ეკლესია, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ დროა, რომ ეს დაპირისპირება დასრულდეს.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ახალგაზრდები ამ ქვეყნიდან მიდიან, იმიტომ, რომ არავის უნდა, რომ სიძულვილის და ბოღმის ქვეყანაში იცხოვროს, სადაც ვერ ხედავს მისთვის რა არის პერსპექტივა“, – თქვა პრეზიდენტმა და ხაზი გაუსვა, რომ ეს ყველას პასუხისმგებლობაა.
მანვე განაცხადა, რომ შიდა დაპირისპირების ფონზე, გარე საფრთხეები და შესაძლებლობები გვავიწყდება, ამიტომ პრეზიდენტის თქმით, დროა, ქვეყანამ ეს შესაძლებლობა გამოიყენოს, თუ „არ გვინდა, რომ დავკარგოთ ყველა ის შანსი, რაც გვაქვს – ეს იქნება ევროპული ინტეგრაცია, რეგიონში ჩვენი როლის დაბრუნება და ჩვენი ფუნქციის მოპოვება“.
პრეზიდენტმა „ეროვნული თანხმობის“ მიღწევის პროცესში საზოგადოების ფართო ჯგუფების ჩართულობის მნიშვნელობა აღნიშნა და დასძინა, რომ მას არ აქვს წინასწარ ჩამოყალიბებული გეგმა, რომელიც „ცვლილებას აღარ [და]ექვემდებარება“.
მანვე ხაზი გაუსვა, რომ პროცესის მიმართ იქნება „კრიტიკაც“, „სკეპტიციზმით“ და „უნდობლობაც“, რაც მისივე თქმით, ბუნებრივია და იდეის გარშემო წარმოქმნილი განსხვავებული რეაქციები მხოლოდ იმის დასტურია, რომ „ახლა ნამდვილად ამის დროა“.
სალომე ზურაბიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თანხმობის მიღწევის პროცესი უნდა იყოს „ინკლუზიური“ და „გამჭვირვალე“ და ის რაიმე წინაპირობებს არ უნდა ეყრდნობოდეს, რადგანაც წინაპირობები „ახალ პოლარიზაციას და დაპირისპირებას წარმოშობს და პროცესი შევა ჩიხში“.
„თვით შერიგებაც ვერ იქნება წინაპირობა…, შერიგება არის შედეგი, და არა საწყისი ეტაპი. [პროცესი] იწყება მოსმენით, ერთმანეთისთვის აზრების გაცვლით, გრძელდება სიმართლის თქმით და გაგებით, სამართლიანობით და მერე შეიძლება შედგეს შერიგება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილმა ასევე თქვა, რომ თანხმობის მიღწევის პროცესი წინ წავიდეს, აუცილებელია, რომ „შედგეს კონსენსუსის პლატფორმა, სადაც გადავწყვეტთ როგორი უნდა იყოს შემდეგი ეტაპი ამ საუბრების მერე“.
მისივე შეფასებით, ეს პროცესი სრულად შიგნიდან უნდა იყოს მართული, რადგანაც როგორც გამოცდილებამ აჩვენა, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ასეთი „მძიმე“ და „ხანგრძლივი“ პროცესების მართვის შესაძლებლობა არ აქვთ. „ეს უნდა იყოს ქართული პროცესი, სადაც რაღაც ეტაპზე, არ არის გამორიცხული, რომ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა იყოს რაღაც ფორმით გამოხატული“, – დასძინა მანვე.
პრეზიდენტის თქმით, ეს პროცესი ქვეყანაში დემოკრატიის გამყარების წინაპირობა, ასევე ევროპული ინტეგრაციის რეალიზებისა და ოკუპაციის დაძლევის ყველაზე ეფექტიანი „გზა“ იქნება.
„ჩვენ ეროვნული საუბარი უნდა შევძლოთ არა მხოლოდ დღეს, არამედ მომავალშიც და ამით იქნება ეს ქვეყანა ისეთი, როგორც ჩვენ ყველას გვინდა“, – თქვა პრეზიდენტმა საუბრის დასასრულს.
სხვებთან ერად, პრეზიდენტის სასახლეში დღევანდელ მიღებას ასევე ესწრებიან – ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და პარლამენტის ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე; ქართული ოცნების დეპუტატი, დავით სერგეენკო; ნიკა მაჭუტაძე – ბლოკი ენმ-ძალა ერთობაში; მოქალაქეების დეპუტატები – ლევან იოსელიანი და ალეკო ელისაშვილი; გირჩის დეპუტატები – იაგო ხვიჩია და ალექსანდრე რაქვიაშვილი; ლელოს დეპუტატი, ანა ნაცვლიშვილი; დამოუკიდებელი დეპუტატები – სალომე სამადაშვილი და დავით ბაქრაძე. ასევე, არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები – კახა ქემოკლიძე და ნათია მეზვრიშვილი – გიორგი გახარიას პარტიიდან; ანა დოლიძე – პარტია ხალხისთვის; ნინო ბურჯანაძე – პარლამენტს ყოფილი თავმჯდომარე; გოჩა თევდორაძე – პატრიოტთა ალიანსი და ასევე ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი – ეკა ბესელია.
მიწვევის მიუხედავად დღევანდელ მიღებას არ დაესწრო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია; დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია; გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)