ჟურნ. თავისუფალი საქართველო, 1921 წლის 20 დეკემბერი, N14
ევროპის და ამერიკის მუშებს განურჩევლად მიმართულებისა!
ძვირფასო ამხანაგებო!
1921 წლის 24 ოქტომბერს, დილის 11 საათზე თფილისის მუშების დავალებით ჩვენ მივედით საქართველოს რევკომის თავმჯდომარესთან მოსალაპარაკებლად და წერილობითი განცხადების გადასაცემად, რომელშიაც აღნიშნული იყო საქართველოს თანამედროვე მძიმე მდგომარეობა, საქართველოს ტერიტორიის დარღვევის საშინელი პროცესი, დევნა მუშების, გლეხების და საზოგადო მოღვაწეების. ამ მძიმე მდგომარეობიდან გამოსასვლელად თფილისის მუშები საჭიროდ აღიარებდენ შემდეგი ზომების მიღებას: 1. საქართველოს დარღვეულ დამოუკიდებლობის აღდგენას და ქართული ენის დაცვას. 2. რუსის ჯარის გაყვანას საქართველოდან და ქართული ლაშქრის შედგენას. 3. მუშათა ორგანიზაციების, კრების, სიტყვის, პრესის, არჩევნების თავისუფლებას და ბინის და პიროვნების ხელუხლებლობას. 4. რომ შიმშილით არ დაიხოცოს მუშათა ოჯახები, მუშების ნივთიერი მდგომარეობის დაუყონებლივ გაუმჯობესებას. 5. მუშების დათხოვნის და უცხოეთში გადასახლების შეჩერება-მოსპობას. 6. უცხო მოხელეების ძალადობის მოსპობას. 7. საქართველოს სოფლებში რუსის ჯარის ეკზეკუციების მოხსნას და 8. პოლიტიკურ დევნილების და ტუსაღების განთავისუფლებას.
მუშათა განცხადებას ხელს აწერდა მრავალი ათასი მუშა, ხოლო ჩვენ დავალებული გვქონდა მისი გადაცემა რევკომისთვის.
რევკომის თავმჯდომარემ 24 ოქტომბერს ჩენ სასახლეში 3 საათი გვალოდინა, აღგვიქვა მიღება, მაგრამ აღარ მიგვიღო. წასვლისას სასახლესთან ჩეკას თანამშრომლებმა ალყა შემოგვარტყეს და წაგვიყვანეს „ჩეკაში“ სადაც მეტათ უდიერად მოგვეპყრენ, ხოლო თფილისის მუშათა პეტიცია ჩამოგვართვეს. ორი დღე და ღამე ბნელ სარდაფში გვამყოფეს, შემდეგ მეტეხის ციხეში მოგვათავსეს. 28 ოქტომბერს ციხიდან მივმართეთ რევკომის თავმჯდომარეს და მოვითხოვეთ ჩვენი უფლების აღდგენა. 29 ოქტომბერს, რევკომის თავმჯდომარემ, რომ საზოგადოება და მუშათა კლასი შეცდომაში შეეყვანა, ოფიციალურად განაცხადა „დელეგაცია არ დამიპატიმრებია და არაფერი ვიცი ამის შესახებო“. 31 ოქტომბერს ჩვენ ამის გამო გაუგზავნეთ რევკომის თავმჯდომარეს წერილობითი ჩვენი პროტესტი, პასუხი მოვთხოვეთ და ოფიციალურადაც გადავეცით თფილისის მუშების წერილობითი განცხადება მეტეხის ციხიდან, რომელიც 24 ოქტომბერს უნდა გადაგვეცა.
1 ნოემბერს საქართველოს მუშებმა პროტესტისა და მოთხოვნილების მხარის დასაჭერათ და რევკომის ძალადობის წინააღმდეგ საპროტესტო კრებები გამართა და გაფიცვები გამოაცხადა. ამის გამო თფილისში და მთელ საქართველოში დაიწყო მასიური რეპრესიები – იჭერენ და სჯიან ასობით მუშებს. დევნა ღებულობს ბარბაროსულ სახეს, გადამალულ მუშათა მაგიერ იჭერენ მათ ოჯახებს. არ იბრალებენ არც საზოგადო მოღვაწეებს. არა ერთსა და ორ ათას მუშა-მოქალაქეს ხვდა წილად ჩეკის სასტიკი რეპრესიები. მიუხედავათ ამ საშინელ რეპრესიებისა, 3-4 ნოემბერს თფილისის მუშათა კლასის პროტესტს შეუერთდა მთელი ქართველი სტუდენტობა, ფოსტა-ტელეგრაფის მუშა-მოსამსახურეები და მთელი ქართველი გლეხობა. ტანჯული ქართველი ერი, როგორც ერთი კაცი მხარს უჭერს პროლეტარიატის სამართლიან მოთხოვნილებას.
ჩვენ ვალდებული ვართ გაცნობოთ ყველა ქვეყნის მუშებს, რომ საოკუპაციო ჯარების რევკომმა თფილისის მუშების დელეგაცია 24 ოქტომბერს დაატყვევა და მით საქართველოს მუშებს თავდასხმით უპასუხა, მათი ისედაც გათელილი უფლება სრულიად გასრისა.
ჩვენ მაინც შევძელით ჩვენი მოთხოვნილება ჩაგვებარებია მეტეხის ციხიდან რევკომისთვის. უკანასკნელმა საქვეყნოდ უნდა გასცეს პასუხი მას.
გაცნობებთ რა ამას ევროპის და ამერიკის მუშებს, გთხოვთ მიიღოთ თფილისის მუშათა დელეგაციის სალამი მეტეხის ციხიდან.
თფილისის მუშათა დელეგაციის თავმჯდომარე იასონ ჩიჩუა
წევრები: პეტრე მახარაძე, ლეონტი თომაძე, ვასილი ოსიძე, იაკოფ ასიტოვი, იოსებ ავალიძე, ნიკოლოზ გოგინაშვილი, იასონ კახაბრიშვილი და ანდრო თოდუა.
7 ნოემბერი, 1921 წელი.
თფილისი, მეტეხის ციხე.