Site icon Civil.ge

აშშ-მა თბილისში რეგისტრირებული 3 კომპანია ირანთან კავშირის გამო შავ სიაში შეიყვანა

აშშ-საქართველოს დროშები, ფოტო: georgiaembassyusa.org

ამერიკის შეერთებული შტატების ვაჭრობის დეპარტამენტმა აშშ-ის საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების საწინააღმდეგოდ მოქმედ ორგანიზაციათა სიაში კიდევ 37 დაწესებულება შეიტანა, რომელთა შორისაც საქართველოში რეგისტრირებული 3 კომპანიაც მოხვდა.

16 დეკემბერს გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, ვაშინგტონის შავ სიაში საქართველოში რეგისტრირებული კომპანიები – Gensis Engineering; ROV Solutions და SAEROS Safety ERO – მოხვდნენ.

დოკუმენტის მიხედვით, ამ კომპანიებმა ამერიკის მიაწოდეს ან ცდილობდნენ ირანისათვის მიეწოდებინათ ამერიკული წარმოების საქონელი, რაც თეირანს თავდაცვის ინდუსტრიის გასაძლიერებლად შეეძლო გამოეყენებინა.

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, შპს Rov Solution 2012 წლის 6 აგვისტოს დარეგისტრირდა და ბოლო 2017 წლის ამონაწერის მიხედვით, მისი 100%-იანი წილი ლევან კოტიაშვილს ეკუთვნის, დირექტორი კი – ირაკლი კოტიაშვილია. რეესტრში ატვირთული ე.წ. დეჟავუ ფაილების მიხედვით, კომპანიის საქმიანობის ტიპი იმპორტ-ექსპორტია.

2013 წლის 25 ნოემბერს დარეგისტრირდა კომპანია SAEROS Safety ERO- (შპს საფეტი ე.რ.ო. კომპანი) და ბოლო, 2017 წლის ამონაწერის მიხედვით, მისი 100%-იანი წილი ნინო ჯულაყიძეს ეკუთვნის, დირექტორი კი – აქაც იგივე ირაკლი კოტიაშვილია. რაც შეეხება საქმიანობის ტიპს, დოკუმენტებში მითითებულია, რომ „ყველაფერი, რაც კანონით არ არის აკრძალული“.

ქართული რეესტრის მიხედვით, ერთსა და იმავე მისამართზეა რეგისტრირებული შპს Rov Solution და SAEROS Safety ERO-ც (თბილისი, საბურთალოს რაიონი, პლ. იოსელიანის ქ. N 2, ბ. 6). ამასთან, ამერიკული დოკუმენტით, Rov Solution თბილისში ტაშკენტის ქუჩის N12ა მისამართზეა რეგისტრირებული.

აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტის დოკუმენტის თანახმადვე, Gensis Engineering პლატონ იოსელიანის ქუჩაზე, იმავე მისამართზე, N2-შია რეგისტრირებული. თუმცა ქართულ საჯარო რეესტრში Gensis Engineering არ იძებნება, რაც სავარაუდოდ იმას ნიშნავს, რომ ის ზუსტად ისე არ არის რეგისტრირებული, როგორც ეს აშშ-ის დოკუმენტშია მითითებული.

ამასთან, რადგანაც ამავე დოკუმენტში იოსელიანის ქუჩაა მითითებული SAEROS Safety ERO-ის მისამართადაც, შესაძლოა დავუშვათ, რომ Gensis Engineering-ის მფლობელებიც დანარჩენი ორი კომპანიის მფლობელებში უნდა ვეძებოთ.

აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის დოკუმენტის მიხედვით, ROV Solutions-ს ალტერნატიული მისამართი აქვს ჩინეთში, ჰონგ კონგის რეგიონში, ხოლო Gensis Engineering-ს მეორე მისამართი აქვს თურქეთში, ქალაქ სტამბოლში.

ევროპული საქართველოს წევრის, გიორგი ნონიაშვილის ინფორმაციით, სამივე კომპანიის მფლობელი ერთი ოჯახია. მისივე თქმით, მათ შესახებ რაიმე დამატებითი ინფორმაცია არ იძებნება, რაც „კითხვის ნიშნებს აჩენს“. „მნიშვნელოვანია გაირკვეს, რეალურად ამ კომპანიების უკან ვინ დგას, რომლებიც ირანის თავდაცვის ძალებს აწვდიდნენ ამერიკულ ტექნიკას“, – თქვა ნონიაშვილმა.

აშშ-ის მიერ სანქცირებულ კომპანიებზე ოფიციალური კომენტარი საქართველოს მთავრობაში ჯერ არ გაკეთებულა.

3 ქართულ კომპანიასთან ერთად, აშშ-მა შავ სიაში აგრეთვე შეიყვანა 34 ჩინეთში, 2 თურქეთსა და 1 მალაიზიაში რეგისტრირებული კომპანია.

„ამერიკის ხმა“ კომპანიების მფლობელის „დელტასთან“ კავშირზე საუბრობს

„ამერიკის ხმის“ ქართული ბიუროს ინფორმაციით, კომპანიების – ROV Solutions-ისა და SAEROS Safety ERO-ს მფლობელები – ლევან კოტიაშვილი და ნინო ჯულაყიძე ცოლ-ქმარნი არიან და ორივე კომპანიის დირექტორი, ირაკლი კოტიაშვილი მათი შვილია. ამავე ინფორმაციით, სტამბოლშია რეგისტრირებული მესამე კომპანია – Gensis Engineering, თუმცა ის ასევე კოტიაშვილის ოჯახთან არის დაკავშირებული.

„ამერიკის ხმის“ ცნობით, კოტიაშვილი თავდაცვის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის, „დელტას“ წამყვანი სპეციალისტია.

„ამერიკის ხმასთან“ საუბარში, ლევან კოტიაშვილმა დაადასტურა, რომ დასახელებულ კომპანიებში მისი პარტნიორი ირანის მოქალაქე იყო, თუმცა მისი მტკიცებით, ირანელ პარტნიორებთან 2013 წელს მხოლოდ ერთი ოპერაცია აქვს შესრულებული, რა დროსაც კომპიუტერის აქსესუარები შემოიტანეს, ისიც არა ირანიდან.

იგი ასევე უარყოფს ვერსიას, რომ ირანელი პარტნიორები მისით იმიტომ დაინტერესდნენ, რომ იგი „დელტას“ თანამშრომელია, რადგანაც ისინი მანამდე გაიცნო, სანამ ცენტრში დასაქმდებოდა.

კოტიაშვილის თქმით, მას ირანის თავდაცვის ძალების სასარგებლოდ უკანონო ოპერაციები არ გაუტარებია, თუმცა აღნიშნა, რომ ირანელმა პარტნიორებმა „შეიძლება რამე აწარმოეს ან გააკეთეს უჩემოდ ამ კომპანიებით“.

სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ სხვა სამხედრო ნივთებთან ერთად, ჯავშანტექნიკასა და იარაღს აწარმოებს.

შენიშვნა: მასალა 2021 წლის 21 დეკემბერს განახლდა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)