Site icon Civil.ge

საქართველო ტერორიზმის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 წლის ანგარიშში

ვაშინგტონი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შენობა, ალექს ვონგის ფოტო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 16 დეკემბერს ტერორიზმის შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 2020 წელს არსებულ გლობალურ კონტრტერორისტულ გარემოს აფასებს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ 2020 წელს „საქართველო კვლავაც აქტიურად იყო ჩართული რიგი კონტრტერორისტული საკითხების გადაწყვეტაში“.

დოკუმენტი აღნიშნავს, რომ ქვეყანა „ზოგადად, მზად არის გამოავლინოს ტერორისტული საფრთხე, შეაფერხოს მისი განხორციელება და რეაგირება მოახდინოს ტერორისტულ ინციდენტებზე“ და დასძენს, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც ტერორიზმთან დაკავშირებულ ინციდენტებსა და გამოძიებებზეა პასუხისმგებელი, „ზოგადად, კარგად აღჭურვილი და კარგად მომზადებულია“.

ანგარიშში ნათქვამია, რომ მართალია, საქართველომ 2020 წელს აშშ-სთან ორმხრივი კონტრტერორისტული წვრთნების შეზღუდულ რაოდენობაში მიიღო მონაწილეობა, ის „უსაფრთხოების სფეროში აშშ-ის ძლიერ პარტნიორად დარჩა“.

ანგარიშის თანახმად, ქვეყანამ გასულ წელს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისა და კანონმდებლობის დახვეწის გზით საკუთარი „სასაზღვრო, საზღვაო და საჰაერო უსაფრთხოების გაუმჯობესება განაგრძო“. დოკუმენტში სასაზღვრო პოლიცია და სანაპირო დაცვა შეფასებულია როგორც „კარგად ორგანიზებული და მაღალკომპეტენტური“.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს სასაზღვრო და საპატრულო პოლიციის, დაახლოებით, 350-მა ოფიცერმა გაიარა საბაზისო კონტრტერორისტული ტაქტიკის სასწავლო კურსი, რომლის ჩატარებაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კრიმინალური გამოძიების დიპლომატიური უსაფრთხოების სამსახურმა უზრუნველყო.

ანგარიშის თანახმად, გასული წლის მანძილზე საქართველოში ტერორისტულ ინციდენტებს ადგილი არ ჰქონია, თუმცა ქვეყანამ ტერორიზმის ბრალდებით ცეზარ თოხოსაშვილი გაასამართლა საზღვარგარეთ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებულ საქმიანობებში მონაწილეობისთვის. მისი ექსტრადიცია საქართველოში უკრაინიდან განხორციელდა და მას 10-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს.

საქართველოს შესახებ MONEYVAL-ის (ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტი) ანგარიშზე დაყრდნობით, დოკუმენტი ბოლო წლებში ქვეყნის პროგრესს აღნიშნავს და ხაზს უსვამს, რომ ქვეყანამ ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით ეფექტურობის მნიშვნელოვან დონეს მიაღწია.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ 2020 წელს, საქართველომ დახვეწა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონები, რის შედეგადაც საქართველოს ეროვნულ ბანკს პროცესის მეთვალყურეობა, ხოლო საქართველოს ფინანსურ ინსტიტუტებს გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციების სიების შემოწმება დაევალათ.

დოკუმენტის თანახმად, საქართველომ განაგრძო საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან მუშაობა ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მრავალწლიან პროექტებზე. ამ თვალსაზრისით, ანგარიში აღნიშნავს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქმიანობას პანკისის სათემო კავშირების კუთხით, რომლის მიზანიც პანკისის ხეობაში სხვადასხვა ეთნიკური თუ რელიგიური წარმომავლობის თემების დაკავშირებაა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)