საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე სლოვაკეთს სტუმრობს, სადაც ის 17 დეკემბერს სლოვაკ კოლეგას, იაროსლავ ნადს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში, ასევე სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს, ივან კორჩოკს შეხვდა.
სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საუბარი შეეხო საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმებს, რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოს, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებსა და ნატოს ჩართულობის მნიშვნელობას შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საქმეში.
მინისტრმა ბურჭულაძემ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში სლოვაკეთის მნიშვნელოვანი წვლილი, ასევე, ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში კონტრიბუცია ხაზგასმით აღნიშნა.
სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ნადმა აღნიშნა, რომ საქართველო ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის ძალისხმევის გამო სლოვაკეთის კიდევ უფრო ახლო პარტნიორი გახდა.
სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ „პოლიტიკურ დონეზე არსებული ხარისხიანი ურთიერთობები თავდაცვისა და უსაფრთოების სფეროებში თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის მყარ საფუძველს ქმნის“.
მინისტრმა ნადმა თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებზეც ისაუბრა და მათ შორის სლოვაკეთში დაგეგმილ საერთაშორისო სწავლებებში საქართველოს შეიარაღებული ძალების და ექსპერტების მონაწილეობა დაასახელა. მინისტრებმა თავდაცვის ინდუსტრიაში თანამშროლობის გაძლიერების პერსპექტივებიც განიხილეს.
შეხვედრა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან
სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინა-რუსეთის საზღვარზე არსებული ვითარება, შავი ზღვის რეგიონული სტაბილურობა და უსაფრთხოება, ასევე საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პერსპექტივები განიხილეს.
ამავე ინფორმაციით, მინისტრმა კორჩოკმა ხაზი გაუსვა ბრატისლავას მზადყოფნას უფრო მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოსთან პოლიტიკურ და უსაფრთხოების სფეროებში და ნატოს ღია კარის პოლიტიკის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.
Today I met 🇬🇪 @ModGovGe Minister J.Burchuladze at @SlovakiaMFA. Discussed deepening coop; 🇸🇰 contribution to #SNGP & #EUMM, regional stability¤t security threats. 🇸🇰 is commited to @NATO #OpenDoorPolicy pic.twitter.com/DV5vML9ghR
— Ivan Korcok (@IvanKorcok) December 17, 2021
შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა თავდაცვის სფეროში სლოვაკეთის განათლების ექსპერტების წვლილს საქართველოს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის განვითარების საქმეში.
ასევე წაიკითხეთ:
- საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურს შეხვდა
- საქართველოს თაცდაცვის მინისტრი საბერძნეთში ბერძენ კოლეგას შეხვდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)