ბრიუსელში, აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტის შემდეგ, ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების მხარდამჭერი ახალი ინსტრუმენტი – Helpdesk-ი ამოქმედდა.
Helpdesk-ი, რომელიც 16 დეკემბერს ამოქმედდა, ხელს შეუწყობს ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების იმპორტიორებსა და ექსპორტიორებს ბაზრის ახალი შესაძლებლობების მოძიებაში, ხოლო მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებს პოტენციური პარტნიორების იდენტიფიცირებაში, ასევე საჭირო მოთხოვნებისა და პროცედურების შესახებ ინფორმაციის მიღებაში დაეხმარება.
ევროკომისარმა სამეზობლო და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა, რომ „ეს პლატფორმა არის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონისთვის მხარდაჭერის პრაქტიკული საშუალება“. მისი თქმით, ევროკავშირი ცდილობს ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონს შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას და მცირე და საშუალო ბიზნესისათვის ევროკავშირთან ვაჭრობის ხელშეწყობას.
ევროკომისიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა და კომისარმა ვაჭრობის საკითხებში, ვალდის დომბროვსკისმა განაცხადა, რომ რეგიონი ევროკავშირის 10 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორიდან ერთ-ერთია, ხოლო ევროკავშირი მისი ყველაზე მსხვილ სავაჭრო პარტნიორია, რომელზეც რეგიონის ვაჭრობის მთლიანი მოცულობის თითქმის მესამედი მოდის. „ეს ინიციატივა კიდევ უფრო გააფართოებს ევროკავშირის კომპანიების, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის შესაძლებლობებს და დიდ წვლილს შეიტანს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდაში“, – დასძინა მან.
Helpdesk-ი სამ ძირითად მოდულს მოიცავს და ესენია – შესაძლებლობები, საბაზრო ინფორმაცია და დახმარების ცენტრი. პირველი დაეხმარება მომხმარებლებს ყველაზე პერსპექტიული ბაზრები გამოავლინონ და რეგიონში და ევროკავშირში მიმდინარე და პოტენციური ვაჭრობის მაჩვენებლები შეადარონ. ეს მათ რეგიონში და ევროკავშირთან ვაჭრობის უფრო გაცნობიერებული გადაწყვეტილებების მიღებაში შეუწყობს ხელს.
საბაზრო ინფორმაციის მოდული მომხმარებელს აცნობს ბაზარზე წვდომის პირობებს, რომელთა გათვალისწინებაც საჭიროა იმისათვის, რომ მათ შერჩეულ ბაზარზე საკუთარი პროდუქცია გაყიდონ. მას ასევე შეუძლია მომხმარებლები შესაბამის პარტნიორებს დაუკავშიროს საკუთარ ან დანიშნულების ქვეყანაში.
მესამე მოდული – დახმარების ცენტრი მომხმარებელს პლატფორმის ეფექტიან გამოყენებაში ეხმარება, რათა მათ დამატებითი რესურსები მოიძიონ და პოტენციურ კითხვებზე პასუხისთვის სათანადო ადგილობრივ სააგენტოებს დაუკავშირდნენ.
EU4Business ინიციატივის ფარგლებში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი – Helpdesk-ი საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის მიერ შემუშავდა და ხორციელდება. ეს უკანასკნელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ერთობლივი სააგენტოა.
ასევე წაიკითხეთ:
- ასოცირებული ტრიო მზადაა იმუშაოს ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით
- ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტები აღმოსავლეთ პარტნიორობის შესახებ
- ევროკავშირი აღიარებს ასოცირებული ტრიოს მონდომებას, გააღრმავონ თანამშრომლობა ბრიუსელთან
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)