საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს სომეხ კოლეგას, ნიკოლ ფაშინიანს თბილისში უმასპინძლა. პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მთავრობის მეთაურებმა ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაში მიიღეს მონაწილეობა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ორმა პრემიერმინისტრმა რეგიონში არსებული სიტუაცია განიხილა და არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
ამავე ინფორმაციით, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდასაჭერად ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს „მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივის“ მნიშვნელობა აღნიშნა. როგორც ჩანს, ღონისძიებას თბილისმა უნდა უმასპინძლოს და მასში სომხეთი, აზერბაიჯანი, აშშ და ევროკავშირი მიიღებენ მონაწილეობას, რათა ხელი შეუწყონ დიალოგისა და ნდობის აღდგენის პროცესს სამხრეთ კავკასიაში.
მთავრობათაშორისი კომისიის კონტექსტში, ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ კომისია ხელს უწყობს საქართველოსა და სომხეთს შორის ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების გაძლიერებას.
პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ „ასეთი ურთიერთობა არ ყოფილა ჩვენს ქვეყნებს [საქართველოსა და სომხეთს] შორის“.
აღნიშნა რა, რომ „ჩვენ ყოველთვის გვქონდა ძალიან მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობა“, ირაკლი ღარიბაშვილმა კოლეგას უთხრა, რომ „ჩვენს მთავრობებს, ქვეყნებს შორის არავითარი გაუგებრობა არ არსებობს და მართლაც იდეალური ურთიერთობა გვაქვს“.
პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ „ჩვენ დაინტერესებულ[ნ]ი ვართ, რომ ჩვენს შორის არსებული ძალიან მჭიდრო, მეგობრული თანამშრომლობა კონვერტირდეს რეალურ საქმედ“, მათ შორის, სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების განვითარებისა და რეგიონულ პროექტებზე და ინფრასტრუქტურაზე საუბრის გზით.
„ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, მივიღოთ მონაწილეობა რეგიონის მასშტაბით და წვლილი შევიტანოთ რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის განვითარებაში“, – დასძინა მანვე.
თავის მხრივ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ორი ქვეყანა 2026 წლისთვის სავაჭრო ბრუნვის 1 მილიარდ აშშ დოლარამდე გაზრდას გეგმავს. 2020 წელს სავაჭრო ბრუნვამ 610 მილიონ აშშ დოლარი შეადგინა.
ვაჭრობის გარდა, ფაშინიანმა ენერგეტიკის, ტექნოლოგიების, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში თანამშრომლობის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.
მისი თქმით, საჭიროა, რომ „ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობები უფრო ინსტიტუციონალური გახდეს“. ფაშინიანმა ხაზი გაუსვა, რომ ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობები რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებას უწყობს ხელს.
წელს საქართველოს და სომხეთის პრემიერ-მინისტრები უკვე მეოთხედ შეხვდნენ. მანამდე ღარიბაშვილი ორჯერ ესტუმრა სომხეთს, ხოლო ფაშინიანი თბილისს სექტემბერში სტუმრობდა.
ასევე წაიკითხეთ:
- ერევანში ირაკლი ღარიბაშვილი ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა
- საქართველოს და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა თბილისში შეხვედრა გამართეს
- პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ერევანს ესტუმრა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)