დღეს, თბილისში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პარტია „ახალ საეტაპო ბრძოლა[ზე]“ გადადის და დღეიდან „მასობრივი საპროტესტო შიმშილობის აქციას“ იწყებს.
ნიკა მელიამ ხაზი გაუსვა, რომ იგი შიმშილობის აქციაში ჩართვისკენ ვერავის მოუწოდებს და ვერც დაავალდებულებს, თუმცა „რაც უფრო მაღალი იქნება კონსოლიდაცია, შედეგი იქნება უფრო მალე პოზიტიური“.
„მთელმა მსოფლიომ უნდა დაინახოს რომ არ ვეგუებით ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ტყვედ აყვანას“, – მიმართა ენმ-ის თავმჯდომარემ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ მოქალაქეებს.
ხაზი გაუსვა რა, რომ შიმშილობა პროტესტის არაძალადობრივი მეთოდია, ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ ის მაინც „მძიმე“ ფორმაა. „ეს მძიმე გადაწყვეტილებაა“, – დასძინა მანვე.
„არსებობს რეალობა, რომელსაც ასევე ვერ გავექცევით“, – განაცხადა მანვე და დაამატა, რომ „ჩვენი ვალდებულება არის ვიბრძოლოთ ტყვედ აყვანილი ადამიანის გათავისუფლებისთვის“. მელიას თქმით, სააკაშვილის „ტყვეობაში ყოფნა“ თითოეულ ჩვენგანს „რეჟიმის საბოლოოდ დამარცხების“ წინაპირობას გვიქმნის.
განცხადება იმ ფონზე გაკეთდა, რაც ქვეყანაში არსებული პოლარიზაციის დასაძლევად პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განცხადა, რომ იგი მზად არის „ეროვნული თანხმობის“ პროცესის დაწყებას შეუწყოს ხელი.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე მიესალმა პრეზიდენტის ინიციატივას და ხაზი გაუსვა, რომ „ჩვენ, ჩვენის მხრივ, ყველაფერს გავაკეთებთ, თუკი იოტისოდენა შანსი არსებობს თანხმობისა, ამ პროცესში პოზიტიური როლი ვითამაშოთ და წვლილი შევიტანოთ“.
მისივე მტკიცებით, საზოგადოების ორად გახლეჩა და პოლარიზაცია მხოლოდ ქართული ოცნების ინტერესშია.
ნიკა მელიამ ხაზი გაუსვა, რომ შიმშილობის აქციის მიზანი „ეროვნული შეთანხმებისკენ“ პრეზიდენტის ინიციატივის ხელშეშლა არ არის და პირიქით, იგი ამ პროცესში თავადაც აქტიურად ჩაერთვება, რათა თავიდან იქნეს აცილებული სამოქალაქო დაპირისპირება.
რაც შეეხება პროტესტის ადგილს, ენმ-ის თავმჯდომარემ თქვა, რომ წინასაახალწლო პერიოდის გათვალისწინებით შესაბამისი ინფრასტრუქტურა პარტიის ცენტრალურ ოფისში მოეწყობა.
მოგვიანებით, „მთავარ არხთან“ საუბარში ოპოზიციის ლიდერმა თქვა, რომ შიმშილობის აქციაში 300-მე მეტი ადამიანი ჩაერთვება.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიმართ წაყენებული ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულია და მის გათავისუფლებას ითხოვენ. მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, საქართველოში მოულოდნელი დაბრუნებიდან ორ დღეში დააკავეს.
მიხეილ სააკაშვილს 6-წლიანი პატიმრობა ორ საქმეზე უკვე მისჯილი აქვს. მას გამოძიება კიდევ სამ საქმეს – უფლებამოსილების გადამეტებას, საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვასა და საზღვრის უკანონო კვეთას ედავება.
50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, ყოფილი პრეზიდენტი უკვე ერთ თვეზე მეტია, რაც გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობს.
ასევე წაიკითხეთ:
- ექიმების თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა „სტაბილურია“
- ელენე ხოშტარია შიმშლობას წყვეტს
- მიხეილ სააკაშვილი თანახმაა, რომ შიმშლობა შეწყვიტოს და გორის ჰოსპიტალში იმკურნალოს
- მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით თბილისში ფართომასშტაბიანი აქცია მიმდინარეობს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)