ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელმა 22 დეკემბერს რვა ქართველ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს უთხრა, რომ იზიარებს მათ „წუხილებს შეჩერებული სასამართლო და საარჩევნო რეფორმების“ თაობაზე.
19 აპრილის შეთანხმების ხელმომწერი პოლიტიკოსების 9 დეკემბრის მიმართვის საპასუხო წერილში მან ხაზი გაუსვა, რომ ეს „რეფორმები ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების არსს წარმოადგენს“.
უმაღლესმა წარმომადგენელმა რეფორმების განხორციელებასა და დეესკალაციაზე „მთავარი პასუხისმგებლობა“ ქართული ოცნების ხელისუფლებას დააკისრა, თუმცა აღნიშნა, რომ ასევე მნიშვნელოვანია თანამშრომლობა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის.
„ინკლუზიური რეფორმების დროული მიღება და განხორციელება საქართველოს დემოკრატიისა და მედეგობის გაძლიერებაში, ასევე ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაზე უარყოფითი გავლენის მქონე პოლარიზაციის დასრულებაში რეალური პროგრესის მიღწევის საუკეთესო შესაძლებლობად რჩება“, – განაცხადა ბორელმა.
მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მართლმსაჯულების სექტორს და დემოკრატიულ რეფორმებს.
15 დეკემბრის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ერთობლივი დეკლარაციის შესახებ საუბრისას, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირთან საქართველოს თანამშრომლობის მასშტაბსა და სიღრმეს, სხვა ასპექტებთან ერთად, რეფორმების ტემპი და ხარისხი განაპირობებს.
„ევროკავშირის პირობითობასა და სტიმულირებაზე დაფუძნებული მიდგომით („მეტი-მეტისთვის“ და „ნაკლები-ნაკლებისთვის“) ის პარტნიორები ისარგებლებენ, რომლებიც მზად არიან განახორციელონ რეფორმები“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ეს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მკაფიო გზავნილია.
ჟოზეპ ბორელისთვის გაგზავნილ მიმართვას ხელს აწერენ დეპუტატები: ბადრი ჯაფარიძემ „ლელოდან“, გიორგი ვაშაძე „სტრატეგია აღმაშენებლიდან“, ხათუნა სამნიძე რესპუბლიკური პარტიიდან, იაგო ხვიჩია ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩიდან“, ასევე დამოუკიდებელი დეპუტატები სალომე სამადაშვილი და გრიგოლ ვაშაძე, და ყოფილი დეპუტატი ზურაბ ჯაფარიძე „გირჩი – მეტი თავისუფლებიდან“.
მათ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე შეშფოთება გამოხატეს საქართველოში ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური მოვლენების გამო.
სხვა საკითხებთან ერთად, ხელმომწერებმა ყურადღება გაამახვილეს ქართული ოცნების მიერ 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლაზე, ასევე ოპოზიციის ლიდერების – ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკა მელიასა და ლელოს ლიდერის მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ სამართლებრივ დევნაზე.
ხელმომწერების თქმით, შეთანხმებიდან გასვლამდე, ქართულმა ოცნებამ საკუთარი ქმედებებით, რომლებიც შეთანხმების სულისკვეთებას ეწინააღმდეგებოდა, ზიანი მიაყენეს მას.
ამგვარ ქმედებებს შორის ხელმომწერებმა მოსამართლეთა დანიშვნები, შეჩერებული სასამართლო რეფორმა, საარჩევნო რეფორმების არასრული განხორციელება და 20 ივნისის აქციის მონაწილეთა ძალადობრივ დარბევასთან დაკავშირებით, ამნისტიის შესახებ კანონის „შერჩევითი გამოყენება“ დაასახელეს.
გარდა ჟოზეპ ბორელისა, წერილის ადრესატები ასევე იყვნენ – ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი.
ასევე წაიკითხეთ:
- ევროკავშირი აღიარებს ასოცირებული ტრიოს მონდომებას, გააღრმავონ თანამშრომლობა ბრიუსელთან
- ბორელი ღარიბაშვილთან საარჩევნო და სასამართლო რეფორმებზე საუბრობს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)