Site icon Civil.ge

ცხინვალში ზვავს ორი რუსი სამხედრო ემსხვერპლა 

ფოტო: cominf.org

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 21 დეკემბერს ჩამოწოლილი ზვავის შედეგად ორი რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, კიდევ ორი ცოცხლად ამოიყვანეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, ერთი კი – იძებნება.

რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის სამხედრო მოსამსახურეები იმ საგუშაგოზე იმყოფებოდნენ, რომელიც როკის გვირაბის სამხრეთით მდებარეობს.

ორი სამხედრო საავადმყოფოში ხელებისა და ფეხების საშუალო ხარისხის მოყინვით გადაიყვანეს. „რესის“ ინფორმაციით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო და ისინი 22 დეკემბერს საავადმყოფოდან გაწერეს.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის სამხედრო გამოძიების 528-ე განყოფილებამ, რომელიც ცხინვალშია განთავსებული, გამოძიება რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 293-ე მუხლით დაიწყო, რაც დაუდევრობას გულისხმობს, რასაც ორი ან მეტი პირის გარდაცვალება მოჰყვა.

რუსეთის სამხედრო ბაზა ცხინვალის რეგიონშია განთავსებული და ის სამხრეთის სამხედრო ოლქის სარდლობას ექვემდებარება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)