აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელი მიესალმნენ დავების დიპლომატიური მოგვარების იდეას, თუმცა შეშფოთება გამოხატეს უსაფრთხოების შესახებ მოსკოვის პროექტზე, რომელიც ალიანსში უკრაინისა და საქართველოს მიღებაზე უარისკენ მოუწოდებს.
ბლინკენი ამბობს, რომ კრემლის შემოთავაზების განხორციელება შეუძლებელია
21 დეკემბერს ჟურნალისტებთან საუბრისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ მართალია, შესაძლოა, იყოს განხილვისთვის შესაფერისი საკითხები, კრემლის შემოთავაზებაში ისეთი საკითხებიცაა, რომელთა განხორციელებაც შეუძლებელია.
მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მკაფიოდ გაუსვა ხაზი ზოგიერთ ძირითად პრინციპს, რომელსაც ყველა ემხრობა, რომ ერთ ქვეყანას არ აქვს უფლება, ძალისმიერი მეთოდით შეცვალოს მეორე ქვეყნის საზღვრები, სხვა ქვეყნებს მათი საგარეო პოლიტიკა უკარნახოს ან გავლენის სფერო ჩამოაყალიბოს.
„ასეთი ცნება ისტორიის სანაგვეზე უნდა მოვისროლოთ“, – აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა და დასძინა, რომ „ეს პრინციპები ურღვევია“.
აღიარა რა, რომ რუსეთს საკუთარი პრეტენზიები, მოთხოვნები და წუხილები აქვს, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ „ასევე არიან ამერიკის შეერთებული შტატები და ყველა ჩვენი ევროპელი პარტნიორი რუსეთის ქცევის, მისი ქმედებების მიმართ“.
მანვე აღნიშნა, რომ უმჯობესია რუსეთთან პროგრესი დიპლომატიური გზით იქნას მიღწეული და დასძინა, რომ დასავლელი მოკავშირეები ასევე გამოხატავენ საკუთარ წუხილებს მოსკოვის ქმედებებთან დაკავშირებით. „ჩვენ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან სოლიდარობა, კოორდინაცია და კონსულტაციები გვაკავშირებს, არაფერს ვაკეთებთ მათთან დაკავშირებით მათ გარეშე“, – განაცხადა ბლინკენმა.
ბორელის თქმით, ევროპის უსაფრთხოების გაუარესება რუსეთის ბრალია
რუსეთის შემოთავაზებაზე საუბრისას, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „ევროპის უსაფრთხოება საფრთხეშია“.
მან ევროპაში უსაფრთხოების „სერიოზულ გაუარესებაში“ რუსეთს დასდო ბრალი და ყურადღება გაამახვილა „ყირიმის უკანონო ანექსიაზე, რუსეთის როლზე აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის გაჩაღებაში, მის ქმედებებზე ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ასევე დნესტრისპირეთის რეგიონში და ლუკაშენკოს რეჟიმის მიმართ მის მხარდაჭერაზე“.
ბორელის თქმით, ევროკავშირი ერთგული რჩება ევროპაში უსაფრთხოების მიმართ, რომელიც აგრესიის გამოუყენებლობის, ეროვნული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის პრინციპებს ეფუძნება.
მან ასევე დასძინა, რომ ევროპის უსაფრთხოების შესახებ „ნებისმიერი რეალური დისკუსია“ ეუთოსა და გაეროს ვალდებულებების გაძლიერებას უნდა დაეფუძნოს და არ უნდა მოხდეს მათი შელახვა.
ბორელის თქმით, ნებისმიერი შესაძლო დიალოგი ინკლუზიური უნდა იყოს და ყველა დაინტერესებული მხარის წუხილები და ინტერესები უნდა იქნას გათვალისწინებული. მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი იმოქმედებს აშშ-თან და ნატოსთან ერთად, რათა მისი ინტერესები ევროპული უსაფრთხოების შესახებ რუსეთთან ნებისმიერი შესაძლო განხილვის დროს იყო წარმოდგენილი.
ევროკავშირის და აშშ-ის დიპლომატებმა კრემლის წინადადებები 22 დეკემბრის სატელეფონო საუბრის დროსაც განიხილეს. ისინი შეთანხმდნენ, რომ ნებისმიერ დისკუსიას ევროპის უსაფრთხოების შესახებ ევროკავშირიც უნდა ესწრებოდეს და უსაფრთხოების გამოწვევების მოსაგვარებლად დიპლომატიური არხების გამოყენების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)