ოკუპირებულმა აფხაზეთმა ზამთრის პერიოდში დეფიციტის დასაფარად რუსეთიდან ორ ნაკადად ელექტროენერგია მიიღო. ინფორმაცია რეგიონის ელექტროგანამაწილებელმა კომპანია „ჩერნომორენერგომ“ გაავრცელა.
კომპანიის თქმით, რუსეთმა აფხაზეთს ელექტროენერგია 18 და 21 დეკემბერს მიაწოდა. თუმცა, მიწოდებული ელექტროენერგიის ზუსტი მოცულობა დაკონკრეტებული არ არის.
ამავე ინფორმაციით, აფხაზეთმა გააუქმა გრაფიკი ელექტროენერგიის მიწოდებაზე, გარდა იმ შეზღუდვებისა, რომლებიც ქსელში გადატვირთვას უკავშირდება.
„ჩერნომორენერგომ“ განაცხადა, რომ რეგიონი სრულად რუსული ელექტროენერგიით მომარაგდება, გარდა შეშელეთი 1 და შეშელეთი 2 ხაზებისა, რომლებიც ენგურჰესიდან და ვარდნილჰესიდან მარაგდება.
ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერმა, ასლან ბჟანიამ 15 დეკემბერს განაცხადა, რომ რუსეთს ელექტროენერგიის მიწოდების თხოვნით მიმართა, რამდენადაც მოლოდინი იყო, რომ უახლოეს დღეებში ენგურის ჰიდროელექტროსადგურში წყლის დონე კრიტიკულ ნიშნულამდე დაეცემოდა.
გასულ წელს, აფხაზეთმა მოსკოვისგან 1 მლრდ კილოვატი ელექტროენერგია უფასოდ მიიღო მას შემდეგ, რაც ენგურჰესი სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოების მიზნით დაახლოებით სამი თვით გაჩერდება.
ოკუპირებულ რეგიონში, რომელიც სრულად არის დამოკიდებული ენგურის ჰიდროელექტროსადგურზე, ენერგოკრიზისია, რამდენადაც ელექტროენერგიაზე მოთხოვნა ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად იზრდება, მათ შორის, კრიპტოვალუტის მოპოვების გამო.
თბილისსა და სოხუმს შორის არაფორმალური შეთანხების საფუძველზე, ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40% აფხაზეთს მიეწოდება, 60% კი – დანარჩენ საქართველოს, რამდენადაც 271.5 მეტრი სიმაღლის ბეტონის თაღოვანი კაშხალი ადმინისტრაციული საზღვრის თბილისის კონტროლირებად მხარეს მდებარეობს, ხოლო მისი ხუთი გენერატორი გალის რაიონში ოკუპირებული აფხაზეთის მხარესაა.
ნოემბრის დასაწყისში, ენგურჰესის დირექტორმა, ლევან მებონიამ აფხაზურ მედიასთან საუბარში თქვა, რომ აფხაზეთმა 1.4 მლრდ კილოვატი ელექტროენერგია უკვე მოიხმარა და 40%-იანი ლიმიტი თითქმის სრულად ამოწურა, მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლის დასაწყისში ენგურჰესის სარემონტო სამუშაოების გამო დაკეტილი იყო.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)