Site icon Civil.ge

პარლამენტის თავმჯდომარე თანამდებობას ტოვებს

პარლამენტის აწ უკვე ყოფილი თავმჯდომარე, კახა კუჭავა პარლამენტის სპიკერთა მეხუთე საერთაშორისო კონფერენციას ესწრება. ფოტო: საქართველოს პარლამენტი

ქართული ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე, პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა თანამდებობას ტოვებს და მის ადგილზე მმართველი პარტია შალვა პაპუაშვილის კანდიდატურას წარადგენს.

პარლამენტის პრესსამსახურში „სამოქალაქო საქართველოს“ უთხრეს, რომ კახა კუჭავა უარს დეპუტატის მანდატზეც ამბობს და პარლამენტს ტოვებს. ქართული ოცნების საარჩევნო სიის მიხედვით, საკანონმდებლო ორგანოში მისი ადგილმონაცვლე თავისუფალი დემოკრატების ყოფილი წევრი, გია ცაგარეიშვილი იქნება.

პარტიის თავმჯდომარემ გადადგომის შესახებ კუჭავას გადაწყვეტილებას „გულდასაწყვეტი“ უწოდა და მას „ძალიან რთულ პერიოდში“ „ძალიან ღირსეული“ საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

კობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ პარლამენტის აწ უკვე ყოფილი თავმჯდომარე ქართული ოცნების ერთ-ერთ ლიდერად და პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრად რჩება და „ის იმუშავებს ძალიან მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ პროექტზე, რის შესახებაც დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით გაგიზიარებთ“.

თავის მხრივ, კახა კუჭავამ აღნიშნა, რომ ეს არ იყო 2-3 დღის გადაწყვეტილება და ამის აღნიშნულის შესახებ გუნდთან დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ჰქონდა კონსულტაცია. მანვე განმარტა, რომ პროექტი რომელსაც იგი ჩაიბარებს, რომლის შესახებაც მოსახლეობა უფრო მეტ დეტალს მომავალი წლიდან შეიტყობს, დამატებით ახსნის მისი გადადგომის „ყველა მიზეზს“, რომელიც „დღეს არ შეგვიძლია ბოლომდე ვთქვათ“.

„პარლამენტი არის ის ერთადერთი ადგილი, სადაც უნდა ხდებოდეს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მიღება. არ იყო მარტივი პერიოდი“, – თქვა პარლამენტის აწ უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ და ხაზი გაუსვა, რომ იგი ცდილობდა ყოფილიყო ყველას თავმჯდომარე და „ვთვლი, რომ დიდწილად შევძელი ამის გაკეთება“.

პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ასევე უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ და ქართული ოცნების საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ კახა კუჭავამ „საპარალამენტო საქმიანობის კონსოლიდირება და საპარლამენტო ცხოვრების კალაპოტში მოქცევა“ შეძლო.

მანვე ხაზი გაუსვა, რომ საპარლამენტო ცხოვრების კონსოლიდაციის შემდეგ, უკვე მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტი დაუბრუნდეს თავის საქმიანობას და „ახალი წლიდან საპარლამენტო რეფორმების პროცესი უნდა ავიყვანოთ სხვა სტანდარტზე“.

პაპუაშვილმა აგრეთვე აღნიშნა, რომ 2024 წლამდე დარჩენილ პერიოდში, მოქმედმა პარლამენტმა საქართველოს საკანონმდებლო და ინსტიტუციური ბაზის ევროკავშირთან დაახლოება უნდა შეძლოს. მანვე, რეგიონში არსებული უსაფრთოხების რისკებიდან გამომდინარე პარლამენტის მნიშვნელოვანი როლიც აღნიშნა.

„ეს რთულია შესრულდეს ოპოზიციის ჩართულობის გარეშე და რა თქმა უნდა ოპოზიციასთან თანამშრომლობა და მათი ჩართვა ამ პროცესებში იქნება ერთ-ერთი მნიშნველოვანი ამოცანა“, – დასძინა შალვა პაპუაშვილმა.

დღესვე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატად ამავე კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ამილახვარი დაასახელა და ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭოს ორი ახალი წევრი, პარლამენტი დეპუტატები – ანრი ოხანაშვილი და ირაკლი ჩიქოვანი წარადგინა.


კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ქართულმა ოცნებამ 24 აპრილს, მისი წინამორბედის, არჩილ თალაკვაძის გადადგომის შემდეგ წარადგინა. ამ უკანასკნელმა თანამდებობა 19 აპრილს, ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების შემდეგ დატოვა.

მაშინ თალაკვაძემ თქვა, რომ პარლამენტის სპიკერის თანამდებობა ისეთ ადამიას უნდა დაეკავებინა, რომელიც პარლამენტის მუშაობას უფრო „ნეიტრალური პოზიციიდან“ გაუძღვებოდა.

შალვა პაპუაშვილის ბიოგრაფია

შალვა პაპუაშვილი პარლამენტში ქართული ოცნების სიით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოხვდა.

შალვა პაპუაშვილი სამართლის დოქტორის ხარისხს ფლობს და იგი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორიცაა. გერმანიის საარლენდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულ პაპუაშვილს, კერძო და საერთაშორისო კომპანიებში მუშაობის გამოცდილება აქვს, მათ შორის, იყო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ჯგუფის ხელმძღვანელი.

2021 წლის 27 მარტიდან იგი ქართული ოცნების საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის თანამდებობას იკავებდა.

შენიშვნა: მასალა 25 დეკემბერს, პარლამენტიდან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად განახლდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)