პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლსა და სამართალდამცველი ორგანოს წარმომადგენლის მხრიდან შესძლო უფლებამოსილების გადამეტების გამოძიებაზე პასუხისმგებელი დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, გაუქმების შესახებ ქართული ოცნების ინიციატივას არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა.
ინიციატივის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, ორი ახალი ორგანო – სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურები შეიქმნება.
ქართული ოცნების ინიციატივას, ნოემბერში, წინ უძღვოდა ინსპექტორის სამსახურის მიერ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ რუსთავის ციხიდან გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაყვანისას შესაძლო არაადამიანური მოპყრობაზე გამოძიების დაწყება. ამასთან, სამსახურმა აგრეთვე დაადგინა, რომ იუსტიციის სამინისტრომ და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის ვიდეოებისა და ფოტოების გამოქვეყნებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი დაარღვიეს.
ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 25 დეკემბერს თქვა, რომ საუბარი არ არის სამსახურის გაუქმებაზე და „რეალურად ერთი სამსახური ჩანაცვლდება ორი სამსახურით“. „არავითარი ფორმით არ იკვეცება კომპეტენციები, პირიქით ფართოვდება კიდეც საგამოძიებო ნაწილის უფლებამოსილებები“, – დასძინა მანვე.
მისივე მტკიცებით, ინსპექტორის სამსახურის კომპეტენციაში არსებული ორი ერთმანეთისგან განსხვავებული ფუნქციას – პერსონალური მონაცემების დაცვას და გამოძიებას ერთმანეთთან „არანაირი კავშირი“ არ აქვთ და „უფრო მეტიც, არის ინტერესთა კონფლიქტი“.
ქართული ოცნების დეპუტატები კანონპროექტს ბიუროზე დღეს დაარეგისტრირებენ.
ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელი ინიციატივას აკრიტიკებს
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელმა, ლონდა თოლორაიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება არის სამსახურის „დასჯა“ დამოუკიდებლობისთვის, საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულებისთვის, კანონმორჩილებისთვის და სხვადასხვა საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებების გამო.
„ეს არის ძალიან საშიში პრეცედენტი არა მხოლოდ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. ეს პროცესი საფრთხეს უქმნის ყველა არჩევით თანამდებობაზე მყოფ პირს, აჩენს არასტაბილურობის განცდას და წარმოადგენს ზეწოლას მათ საქმიანობაზე. ასევე, ეს ფაქტი ყველა საჯარო მოხელისთვის არის გზავნილი, რომ კეთილსინდისიერად საქმის კეთებისთვის ერთ დღეს შეიძლება დარჩნენ სამსახურის გარეშე“, – განაცხადა მან.
თოლორაიამ უარყო ქართული ოცნების თავმჯდომარის ვერსია, რომ თითქოს მმართველი გუნდი არა სამსახურის გაუქმებას, არამედ მის ორ ნაწილად გაყოფას გეგმავს და ხაზი გაუსვა, რომ „ახალი კანონპროექტით ხდება არა სამსახურის რეორგანიზაცია, არამედ ხდება სამსახურის ლიკვიდაცია“.
თოლორაიას თქმით, ინიციატივის თანახმად, ინსპექტორის სამსახურში დასაქმებული „კვალიფიციური სპეციალისტები“ ახალ ორ უწყებაში არ გადანაწილდებიან. „საქართველოს პარლამენტმა გადაწყვიტა ყველა ჩვენგანის სახლში გაშვება“, – დასძინა მანვე.
რაც შეეხება ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ თითქოს საგამოძიებო ნაწილის უფლებამოსილებები ფართოვდება, ლონდა თოლორაიამ აღნიშნა, რომ „საგამოძიებო უწყების ქვემდებარეობას ემატება სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლი, რომლებიც პრაქტიკაში თითქმის არ გვხვდება სამოხელეო დანაშაულის კონტექსტში“.
თოლორაიამ ირაკლი კობახიძის იმ განცხადებასაც უპასუხა, რომლის მიხედვითაც არასამთავრობო სექტორი ინტერესთა შეუთავსებლობის გამო სამსახურის გაყოფას ითხოვდა და თქვა, რომ „ინტერესთა შეუთავსებლობის პრობლემა საქართველოს პარლამენტმა ვერ დაინახა 2018 წელს და არასამთავრობო ორგანიზაციების ეს რეკომენდაცია არ ჩათვალა წონიან არგუმენტად“.
სახელმწიფო ინსპექტორი ასევე მიიჩნევს, რომ სადღესასწაულო დღეებში კანონპროექტის ინიცირება „შემთხვევითი არ არის“ და ეს განზრახ დაემთხვა „საერთაშორისო და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების აბსოლუტური უმრავლესობის საქართველოში არყოფნის პერიოდს“. მანვე ხაზი გაუსვა, რომ მოცემული მომენტისთვის იგი დეკრეტში იმყოფება.
„ნაცვლად იმისა, საქართველოს პარლამენტს ხელი შეეწყო სამსახურის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის, დაიწყო სამსახურის დაჩქარებული გაუქმების ძალიან სახიფათო პროცესი“, – განაცხადა თოლორაიამ.
- სახელმწიფო ინსპექტორი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებს აკრიტიკებს
- სახელმწიფო ინსპექტორი აცხადებს, რომ პროკურორზე დამოკიდებულება მის გამოძიებას აფერხებს
არასამთავრობოები მმართველი გუნდის ინიციატივას გმობენ
არასამთავრობო ორგანიზაციებმა 26 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში თქვეს, რომ „მსგავსი მნიშვნელობის და საჯარო ინტერესის მქონე საკითხზე კანონპროექტის აბსოლუტურად დახურულად მომზადება, ისე რომ მის შემუშავების პროცესში ჩართულები არ იყვნენ არც უშუალოდ სამსახურის წარმომადგენლები, არც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და არც სხვა დაინტერესებული მხარეები, უკიდურესად პრობლემურია და წარმოადგენს საკანონმდებლო თვითნებობას“.
უფლებადამცველების შეფასებით, ხელისუფლების მიზანი „დამოუკიდებელ ინსტიტუტზე გავლენის მოპოვებაა“. მათივე თქმით, ამ ეჭვს ისიც ამყარებს, რომ ინსპექტორის სამსახურმა ყოფილი პრეზიდენტის კადრების გავრცელებისთვის იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური დააჯარიმა, ამასთან „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური კრიტიკულად ეხმაურება სამართალდამცველი სისტემის მხრიდან კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევებს“.
„კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს დამოუკიდებელი ინსტიტუტის გაუქმებასა და სახელმწიფო ინსპექტორისთვის ვადაზე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტას, სხვა არაფერია თუ არა პოლიტიკური ანგარიშსწორება, იმ საგამონაკლისო ინსტიტუტის მიმართ, რომელმაც ბოლო წლებში მეტ-ნაკლებად შეძლო საზოგადოებრივი ნდობის მოპოვება“, – ხაზი გაუსვეს მათ.
მათვე ხაზი გაუსვეს, რომ მართალია, სამსახურის შექმნის პროცესში, არასამთავრობო სექტორი მიიჩნევდა, რომ „გამოძიებისა და ინფორმაციის დამუშავების კანონიერების კონტროლის ფუნქციების ერთ უწყებაში მოქცევა, შესაძლოა, ეფექტიანი არ ყოფილიყო, თუმცა, ინსტიტუტზე დაკვირვებამ ნათლად აჩვენა, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და საგამოძიებო ფუნქციების თავსებადობის კუთხით პრაქტიკაში ხარვეზი არ გამოვლენილა“.
მათვე ხაზი გაუსვეს, რომ „ამოქმედებიდან ორი წლის თავზე, სამსახურის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას დადებითად აფასებენ როგორც არასამთავრობო სექტორი, ასევე საერთაშორისო პარტნიორები“.
უფლებადამცველების განცხადებით, საჭიროა არა სამსახურის გაუქმება, არამედ მისი შემდგომი გაძლიერება. „კერძოდ, უწყებისთვის მეტი დამოუკიდებლობის მინიჭება საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას, აგრეთვე მისი კომპეტენციის გაზრდა და გავრცელება დანაშაულთა/თანამდებობის პირთა უფრო ფართო წრეზე“.
ოპოზიციის გამოხმაურება
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 25 დეკემბერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება ამ უკანასკნელის მიერ მის მიმართ შესაძლო წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე გამოძიების დაწყებას დაუკავშირა.
გარდა ამისა, მისივე თქმით, ინსპექტორს ხელთ აქვს არა ის დამონტაჟებული კადრები, რომლებიც „საკმაოდ შემაძრწუნებელი იყო მსოფლიოსთვის“, არამედ სრული ვერსია, სადაც „ბევრად უფრო სასტიკი მოპყრობაა ასახული“.
„სახელმწიფო ინსპექტორის მოსალოდნელი დასკვნა მყარ საფუძველს შექმნიდა სტრასბურგის სასამართლოს მიერ ჩემი დაუყოვნებლივი გათავისუფლებისთვის“, – დასძინა მანვე.
მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის საქმის „ობიექტურად გამოძიებას“ დაუკავშირა მმართველი გუნდის ინიციატივა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემაც. მისი თქმით, ქართულ ოცნებას ინსპექტორის სამსახურის ლონდა თოლორაიასგან „გაწმენდა“ სურს.
ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის დეპუტატის, მიხეილ დაუშვილის შეფასებით, ქართულმა ოცნებამ „ადამიანების საჭიროებები დაივიწყა“ და მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებაზეა „გადართული“. „მათ უბრალოდ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნებისთვის სჭირდებათ რომ სრულად პარტიულად კონტროლირებადი ადამიანი ჰყავდეთ ამ პოზიციაზე“, – განაცხადა მან.
„ქართული ოცნება უფრთხის და ვერ იტანს ვერც ერთ ინსტიტუციასა თუ ადამიანს რომელმაც შეიძლება რაღაც ხარისხით მისგან დამოუკიდებელი და მისადმი დაუმორჩილებელი პოზიციები დააფიქსიროს“, – განაცხადა ლელოს დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა.
წინაისტორია
დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნას საქართველოს პარლამენტმა მხარი 2018 წლის ივლისში დაუჭირა. თავდაპირველად ის 2019 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა ჯერ იმავე წლის 1 ივლისისთვის, შემდეგ კი – ნოემბრამდე გადაიდო.
სამსახურში მონაცემთა დაცვის მიმართულება 2019 წლის მაისიდან, საგამოძიებო ნაწილი კი – ამავე წლის ნოემბრიდან ამოქმედდა.
პარლამენტმა ლონდა თოლორაია სახელმწიფო ინსპექტორად 2019 წლის ივნისში, 6 წლის ვადით დაამტკიცა.
ასევე წაიკითხეთ:
- სახელწმიფო ინსპექტორის თქმით, პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის ვიდეოები უკანონოდ გაავრცელა
- სახელმწიფო ინსპექტორი: შსს-მ ლაშქარავას საქმეზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პრინციპი დაარღვია
- ჯარისკაცების მიმართ „არაადამიანური“ მოპყრობის ბრალდებით შსს-ს ორი თანამშრომელი დააკავეს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)