Site icon Civil.ge

სენაკის საკრებულოს ენმ-ის დეპუტატი ქართულ ოცნებას მოსყიდვაში ადანაშაულებს

სენაკის საკრებულოს სხდომა, ფოტო: სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, ლაშა კუჭავამ, დღეს განაცხადა, რომ ქართულმა ოცნებამ მას მხარდაჭერის სანაცვლოდ 100 000 ლარი შესთავაზა.

„ქართულ ოცნებას აკლია ერთი ხმა, რომ ჰქონდეს უმრავლესობა სენაკის საკრებულოში და ყველაფერს აკეთებს, ყველა ბინძურ მეთოდს მიმართავს, ამ ერთი ხმის მოსაპოვებლად… ეს არის, მოსყიდვა, დაშინება, შანტაჟი და ა.შ.“, – უთხრა მან ჟურნალისტებს.

„სამოქალაქო საქართველომ“ კუჭავას ბრალდებებზე კომენტარი ქართულ ოცნებას სთხოვა. პასუხი მასალაში მიღებისთანავე აისახება.

სენაკის საკრებულო, ერთ-ერთია იმ ხუთიდან, სადაც თავმჯდომარის არჩევა ამ დრომდე ვერ მოხერხდა, რამდენადაც საკმარისი უმრავლესობა არცერთ პარტიას აქვს. სენაკის მუნიციპალიტეტის 33-წევრიან საკრებულოში ქართულ ოცნებას 16 მანდატი აქვს, 13 ნაციონალურ მოძრაობას, 4 კი – პარტია საქართველოსთვის.

კვორუმის არარსებობის გამო სენაკის საკრებულოს სხდომა რამდენჯერმე გადაიდო. დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდნენ ქართული ოცნების წევრები და გიორგი გახარიას პარტიის ერთი დეპუტატი. ასე იყო 24 დეკემბერსაც, როდესაც საკრებულოს სხდომას ქართული ოცნების დეპუტატები, ასევე ენმ-ისა და საქართველოსთვის თითო წევრი არ დაესწრო.

კუჭავას ბრალდებებამდე, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ქართული ოცნება დმანისში მათ აწ უკვე ყოფილ დეპუტატზე, რამიზ რამაზანოვზე ზეწოლაში დაადანაშაულა. ამის შემდეგ, რამაზანოვმა ნაციონალური მოძრაობა დატოვა, დამოუკიდებელ დეპუტატად დარჩა და ქართულ ოცნებას დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევაში დაეხმარა, თავად კი – მისი პირველი მოადგილე გახდა. კიდევ უფრო ადრე, ნაციონალური მოძრაობა მმართველ გუნდს ბათუმში მათ დეპუტატზე, ნუგზარ ფუტკარაძეზე ზეწოლაშიც ადანაშაულებდა. ბრალდებებიდან მალევე ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)