უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ დაპატიმრებულ მიხეილ სააკაშვილს „პატივისცემით მოეპყრას და არ დაუშვას ისეთი ქმედებები, რომლებიც მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის“. განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, სპეციალური პენიტენციური სამსახური გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან ექსპრეზიდენტის რუსთავის ციხეში დაბრუნებას შეეცადა.
უკრაინის საგარეო უწყებამ 28 დეკემბერს აღნიშნა, რომ ხელისუფლების მცდელობა, გადაეყვანა სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, „არასწორია“. სამინისტრომ განაცხადა, რომ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს მას ციხეში დაბრუნების შესაძლებლობას, ვინაიდან მას შემდგომი რეაბილიტაცია ესაჭიროება. ამავე ინფორმაციით, პენიტენციურ სამსახურს სააკაშვილის ადვოკატებისთვის წინასწარ არ უცნობებია მისი გადაყვანის შესახებ.
განცხადების თანახმად, კიევი განაგრძობს სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნების საკითხზე მუშაობას, რათა მან შემდგომი მკურნალობა და რეაბილიტაცია ჩაიტაროს. „ამგვარი ნაბიჯის საჭიროება აშკარაა“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
კიევმა კიდევ ერთხელ გაიმეორა საკუთარი პოზიცია, რომ ქართულმა მხარემ უკრაინელ ექიმებს სააკაშვილის მონახულებისა და შემოწმების საშუალება უნდა მისცეს.
უკრაინის საგარეო უწყებამ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინელი დიპლომატები საქართველოში სიტუაციის მონიტორინგს განაგრძობენ და საქართველოს ხელისუფლებასა და სააკაშვილის ადვოკატებთან მუდმივი დიალოგი აქვთ.
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 50 დღიანი შიმშილობის შემდეგ 19 ნოემბრიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობს. 27 დეკემბერს მან განაცხადა, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან რუსთავის ციხეში, სავარაუდოდ, მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაყვანაზე უარი თქვა.
სააკაშვილის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ სააკაშვილის საავადმყოფოდან გაწერის გადაწყვეტილება სამხედრო ჰოსპიტალის ექიმის რეკომენდაციას ეფუძნებოდა და რომ არც კონსილიუმის წევრებს და არც სახალხო დამცველის ექპერტთა ჯგუფს არ უთქვამს, რომ ყოფილი პრეზიდენტის რეაბილიტაცია დასრულდა.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 28 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში განმარტა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიდან „კანონიერად“ გადაყვანა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც დაწესებულების სამედიცინო პერსონალმა მისი ჰოსპიტალიდან გაწერის გადაწყვეტილება მიიღო. განცხადების თანახმად, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში გადაყვანაზე პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა „კანონიერ მოთხოვნას“ არ დაემორჩილა, აღელვების ნიადაგზე, მას წნევის ცვალებადობა აღენიშნებოდა, რის გამოც, პენიტენციურმა სამსახურმა ყოფილი პრეზიდენტის გადაყვანა გადადო და იგი დროებით გორის სამხედრო ჰოსპიტალში რჩება.
სააკაშვილი, რომელიც საქართველოში სექტემბრის ბოლოს ფარულად ჩამოვიდა, 1 ოქტომბერს, ადგილობრივი არჩევნების წინა დღეს დააკავეს. მას სასჯელი ორ საქმეზე აქვს დაუსწრებლად შეფარდებული. კიდევ სამ საქმეზე ბრალი აქვს წაყენებული. ყოფილი პრეზიდენტი ყველა ბრალდებას უარყოფს და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
ასევე წაიკითხეთ:
- მიხეილ სააკაშვილი თანახმაა, რომ შიმშლობა შეწყვიტოს და გორის ჰოსპიტალში იმკურნალოს
- პრეზიდენტი ზელენსკი სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნების შესახებ საუბრობს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)