საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოსახლეობას ახალი – 2022 წელი მიულოცა.
„სამოქალაქო საქართველო“ პრეზიდენტის საახალწლო მილოცვის სრულ ტექსტს გთავაზობთ:
„რა გითხრათ, რით გაგახაროთ? რა მოვულოცოთ ჩვენს თავს? – კითხულობდა 124 წლის წინ ილია და დღესაც, მინდება იგივე კითხვის დასმა.
ამ საახალწლო, ტრადიციული მოლოცვის მაგიერ, მინდა მოგასმენინოთ არა ჩემი ხმა, არამედ — ჩვენი შვილების ხმა:
– „მე ვარ მარი, 9 წლის. მყავს ორი ძმა. ვართ სოციალურად დაუცველები. არასდროს არ მითხოვია არაფერი. მინდა ნაძვის ხე – არ მაქვს. თუკი, გაქვს საშუალება და გამახარებ, კარგი იქნება. თუ არ გექნება, რითიც გამახარებთ, მადლობელი ვიქნები“ – სოფელი დირბი.
– „გამარჯობა, მე ვარ ვაკო ელბაქიძე, 7 წლის. მყავს პატარა დაიკო, ვართ დევნილები და სოციალურად დაუცველები. ძალიან გთხოვთ, კეთილ ადამიანებს, შეგვისრულეთ მე და ჩემს დაიკოს სურვილები. მე მაქვს თქვენი იმედი და დაგელოდებით. მჯერა, ამისრულებთ ნატვრას“ – ქალაქი გორი.
– „მე ვარ ნინი, 5 წლის ვხდები, 5 მარტს. ვარ დევნილი. ძალიან მინდა თოვლის პაპამ, რომ მომიტანოს სამზარეულო. წინა წელსაც ველოდებოდი სამზარეულოს, მაგრამ არ მომიტანა“ – ქალაქი გორი.
– „არ ვიცი, თუ გაქვთ საშუალება, რომ ჩვენც გაგვახაროთ, მაგრამ მე მაინც მაქვს იმედი, მე ვარ აკო, 11 წლის. მყავს ძმა 4 წლის და და – ნანკა 1 წლის და 6 თვის, სოციალურად დაუცველები და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები. რისი საშუალებაც გექნება, ყველაფერი გაგვიხარდება. განსაკუთრებით ჩემი ძმა გაიხარებს, თქვენი დანახვით. გელით, დიდი სიხარულით“ – სოფელი დირბი.
– „მე ვარ ანა, 11 წლის. ვარ სოციალურად დაუცველი, მინდა თოვლის პაპამ გამახაროს და მომიტანოს პლანშეტი. დედა ვერ მყიდულობს. მყავს და-ძმა. ძმას აქვს ლეიკემია, ძალიან გვიჭირს, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი თანხა სჭირდება მის მკურნალობას“ – სოფელი კიწნისი.
– „მე ვარ დათუნა, 8 წლის. ვარ სოციალურად დაუცველი. მე მინდა, რომ მომიტანო ტელეფონი, თუ შეგიძლია, რადგან კომპიუტერი გამიფუჭდა და ონლაინ გაკვეთილებზე ვერ ვერთვები. მეც მინდა, რომ ვისწავლო, თანატოლებივით“ – სოფელი ქვეში.
ამათ შევუსრულეთ ეს საახალწლო სურვილები, მაგრამ ბევრ სხვას ვერა და კიდევ ბევრს ვერც შევუსრულებთ დიდხანს.
ილიასი არ იყოს, ქვეყანა დგას უზარმაზარი თხრილის წინ და საკმარისია, ხელი გვკრან და გადავიჩეხებით. ოღონდ, ილიას წუხილი უცოდინარობა, შრომის ნაკლებობა, მიზნის დაკარგვა თუ იყო, ჩვენ კი, დღეს, უარესი გვჭირს. ერთმანეთი დავკარგეთ, ერთმანეთს ვეჯიკავებით ამ თხრილისკენ. მტერიც აღარ გვჭირდება, რომ გვკრას ხელი, მის საქმეს ჩვენვე ვაკეთებთ და ერთმანეთს ვკრავთ ხელს.
უკიდეგანო შური და ბოღმა. სიძულვილი და დაპირისპირება, მოკლევადიანი გეგმები და კიდევ უფრო მოკლემჭვრეტელი ხედვა. სამაგიეროდ, გრძელვადიანი და უსაფუძვლო ამბიციები.
მთელი ძალისხმევა ჩემი ამ დღეებში — და რასაც გავაგრძელებ მომავალ წელს და სანამ ამ თანამდებობაზე ვიქნები, რამეთუ ამ თანამდებობაზე მხოლოდ და მხოლოდ ამისთვის ვარ — მიმართულია იმისკენ, რომ როგორმე ერთმანეთთან მისასვლელი გზა, თუ გზები მოვნახოთ, მოვახერხოთ ის, რომ მოსმენით და საუბრით და არა შუღლით, მოვახერხოთ ამ ქვეყნის გადარჩენა.
ჩემი ამოცანაც ესაა – ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის მოვნახოთ ეროვნული თანხმობის გზა. არა, როგორც ზოგ-ზოგი ავრცელებს, რომ ვითომც ეს კეთდება ერთი რომელიმე ადამიანის განთავისუფლებისთვის – არა. არა იმისთვის, რომ ვიღაცისთვის და ვიღაცასთან შერიგება მე მოვახერხო – არა.
ეს იმისთვის კეთდება, რომ ჩვენ შევძლოთ ელემენტარული მოსმენა და ერთმანეთთან შევთანხმდეთ იმ რაღაცებზე, რაც ამ ქვეყანას ააშენებს, რაც ამ ქვეყანას არათუ გადაარჩენს, მაგრამ მოგვცემს საშუალებას, რომ ხვალინდელ ანას და სხვებს, არათუ სურვილები შევუსრულოთ და ავუსრულოთ, არამედ ჩვენ არასოდეს და მომავალ წელს და შემდეგ წლებს აღარ ვთქვათ – „რით გაგახაროთ?“.
გისურვებთ ბედნიერ ახალ წელს და ვისურვებდი ამ ქვეყნისთვის, რომ ჩვენ ამ წელსვე შევძლოთ ამ დიდ სურვილის ასრულება – შევძლოთ ერთმანეთის მოსმენა, შევძლოთ ერთმანეთისთვის აზრების გაზიარება და მე ვარ იმედიანად, იმიტომ, რომ ამ დღეებში, ერთ რამ, ერთი ნაბიჯი მაინც დავამტკიცეთ, რომ ყველას შეუძლია ამ სასახლეში მოსვლა, ამ სასახლეში დაჯდომა და შეგვიძლია ერთმანეთთან საუბარი.
გილოცავთ დღევანდელ დღეს!“
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)