„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ აშშ-ის საელჩოს 3 იანვრის განცხადებას, რომელიც მმართველ გუნდს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებისა და სასამართლოსთან დაკავშირებული ნაბიჯების გამო აკრიტიკებდა, „არასწორი და არასამართლიანი“ უწოდა.
აღნიშნა რა რომ განცხადებაში „ფაქტობრივი“ და „ადამიანური შეცდომები“ იყო, მან თქვა, რომ ასეთი განცხადებები „არყევს ქართული საზოგადოების ნდობას დასავლელი პარტნიორების მიმართ“.
კობახიძის თქმით, „ადამიანური შეცდომები, არასწორი ინფორმაცია და ა.შ.“ საზოგადოებისთვის არ არის „არც ახსნა და, მითუმეტეს, არც გამართლება“. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ხშირად ითვალისწინებდა საერთაშორისო პარტნიორების რჩევებს, მაგრამ არის „გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ჩვენ ვისმენთ არასამართლიან და არასწორ შეფასებებს მათი მხრიდან და ეს არის ამის მორიგი მაგალითი“.
„ფაქტობრივი“ შეცდომის ერთ-ერთ მაგალითად მან უარყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის „გაუქმება“, როგორც ეს საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული. მისი თქმით, „სინამდვილეში, მოხდა კონკრეტული სამსახურის ორ ნაწილად გაყოფა და კომპეტენციები არათუ არ შემცირებულა, პირიქით, მთლიანობაში, ჯამურად გაფართოვდა ამ სამსახურის უფლებამოსილება“.
„სამწუხაროდ, არასწორი და არასამართლიანი განცხადება გაკეთდა, რასაც ჩვენ უნდა ვუპასუხოთ, სათანადო ინფორმირებით“, – აღნიშნა კობახიძემ.
3 იანვარს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში მმართველი გუნდი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაჩქარევი გაუქმებით მთავრობის ანგარიშვალდებულების პრინციპისთვის ძირის გამოთხრის გამო გააკრიტიკა. საელჩოს თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ბოლოდროინდელი ნაბიჯებით სასამართლოც დააზიანა.
კრიტიკა 29-30 დეკემბრის რიგგარეშე საპარლამენტო სხდომებზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ ძლიერი ადგილობრივი და საერთაშორისო კრიტიკის მიუხედავად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების მხარდაჭერას მოჰყვა. პარტიის გადაწყვეტილებით, დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო ფუნქციონირებას 2022 წლის მარტიდან შეწყვეტს, მის ნაცვლად კი ორი ახალი ორგანო – სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურები შეიქმნება.
ცვლილებების მიმართ კრიტიკა მოიცავდა ორგანოს დაშლის ნაჩქარევ და გაუმჭვირვალე პროცესს, ასევე შესაძლო მცდელობას, სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობის გამოძიებისას მმართველი გუნდისთვის მიუღებელი მიდგომის გამო დაესაჯათ. თავად „ქართულ ოცნებაში“ კი ირწმუნებოდნენ, რომ ცვლილებები სამსახურის ნაცვლად წარმოქმნილ ახალ ორგანოს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების გამოსაძიებლად უფრო ფართო უფლებამოსილებას მიანიჭებდა.
ასევე წაიკითხეთ:
- „ოცნება“ ინსპექტორის თანამშრომლებს სანაცვლოდ შექმნილ სამსახურებში დარჩენას სთავაზობს
- ომბუდსმენი: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივა კონსტიტუციას ეწინააღმდეგება
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)