აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვენდი შერმანსა და საქართელოს ვიცე-პრემიერ, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს შორის, 5 იანვარს, სატელეფონო საუბარი გაიმართა. მხარეებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ მიმართული აგრესია განიხილეს.
აღნიშნული საუბარი იანვარში დაგეგმილი იმ რამდენიმე საერთაშორისო შეხვედრის წინ გაიმართა, სადაც ერთ-ერთი მთავარი საკითხი რუსეთის მიერ უკრაინის შიგნით და მის ირგვლივ სამხედრო პოზიციების გაძლიერება იქნება. ამ შეხვედრებს შორისაა ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების რიგგარეშე შეხვედრა, ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა და აშშ-რუსეთის ორმხრივი მოლაპარაკებები ჟენევაში.
სახელმწიფო მდივნის მოადგილემ Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა, რომ ქართველ დიპლომატთან საუბრისას მან საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ აშშ-ს მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა.
სატელეფონო საუბრის შემდგომ გამოქვეყნებულ მოკლე განცხადებაში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა დამატებით თქვა, რომ ვენდი შერმანმა ისიც აღნიშნა, რომ აშშ კვლავაც დაჟინებით მოსთხოვდა რუსეთს მისი შენაერთების 2008 წლის აგვისტოს ომამდე არსებულ პოზიციებზე დაბრუნებასა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებას.
- მოსკოვის პროექტი ნატოსა და აშშ-ს ალიანსში პოსტ-საბჭოთა რესპუბლიკების მიღებაზე უარისკენ მოუწოდებს
- თბილისი 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოსკოვის მოწოდებას გმობს
პრაისის ცნობით, ქართველმა და ამერიკელმა დიპლომატებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საჭიროა დაიცვან სუვერენულ სახელმწიფოთა უფლება თავად აირჩიონ უსაფრთხოების უზრუნველყოფის საშუალებები და მხარი დაუჭირონ საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას რუსეთის აგრესიის ფონზე. მათ, ასევე, ისაუბრეს ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების გზებზე.
თავის მხრივ, მინისტრმა ზალკალიანმა Twitter-ზე აღნიშნა, რომ საქართველო და აშშ ურყევ პარტნიორებად რჩებიან რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევის გზაზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული პრეს-რელიზის მიხედვით, საუბრისას ზალკალიანმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ “რუსეთის მცდელობები შეაფერხოს საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში ინტეგრაცია წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებთან და მსგავსი რიტორიკა, რომელიც მიზნად ისახავს სუვერენული სახელმწიფოს უფლების შეზღუდვას აწარმოოს დამოუკიდებელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა სრულიად მიუღებელია.”
საუბრისას ასევე აღინიშნა, რომ რუსეთის მიერ მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიების ოკუპაცია და საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შეუსრულებლობა “თანამედროვე ევროპული უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება.”
10 იანვარს, ჟენევაში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვენდი შერმანი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი აშშ-სა და რუსეთს შორის უსაფრთხოების შესახებ გამართულ მოლაპარაკებებს გაუძღვებიან. მოსკოვი იმედოვნებს, რომ შეხვედრისას “უსაფრთხოების გარანტიებს” მიიღებს, მათ შორის ნატოს მიერ საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების შესახებ დაპირებაზე უარის თქმას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)