ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, 11 ივლისს, ჰომოფობიური ჯგუფების თავდასხმიდან რამდენიმე დღეში გარდაცვლილი „ტელეკომპანის პირველის“ ოპერატორის, ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას „სიკვდილის მიზეზია ნარკოტიკული საშუალება ჰეროინით ინტოქსიკაციის შედეგად განვითარებული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა“.
7 იანვარს მედიაში ექსპერტიზის დასკვნის ნაწილი მას შემდეგ გავრცელდა, რაც ცნობილი გახდა, რომ იუნესკომ ალექსანდრე ლაშქარავა 2021 წელს მოკლულ ჟურნალისტთა სიაში შეიყვანა. ამ ფაქტმა ლაშქარავას ადვოკატებს ეჭვი გაუჩინა.
30 დეკემბრით დათარიღებული 37 გვერდიანი დოკუმენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტიზის ბიუროსგან, სავარაუდოდ, 30 დეკემბერსვე ჰქონდა მიღებული.
- ლექსო ლაშქარავა იუნესკომ მოკლულ ჟურნალისტთა სიაში შეიყვანა
- სახ. ინსპექტორი: შსს-მ ლაშქარავას საქმეზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პრინციპი დაარღვია
- ფოტოამბავი: „ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორი ბოლო გზაზე გააცილეს
დასკვნის თანახმად, ლაშქარავას სისხლში აღმოჩნდა მორფინი 118 ნანოგრამი/მილილიტრში, კოდეინი 18.1 ნგ/მლ და 6-მონოაცეტილომორფინი 15.1 ნგ/მლ, ხოლო შარდში მორფინი, 7766.3 ნგ/მლ, კოდეინი 48.5 ნგ/მლ; 6- მონოაცეტილმორფინი 1356.8 ნგ/მლ, ტეტრაჰიდროკანაბინოლი და მისი მეტაბოლიტი (ორგანიზმში გარდაქმნის პროდუქტი) 11-ნორ- D9-ტეტრაჰიდროკანაბინოლ-9-კარბოქსიმჟავა.
ამასთან, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ლაშქარავას გვამს აღენიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები, კერძოდ, სისხლნაჟღენთი მარცხნივ თვალბუდის მიდამოში, მარცხენა თვალბუდის მედიალური კედლის (ცხავის ძვლის აიროვანი უჯრედების) მარცხნივ თვალბუდის ფსკერის (ზედა ყბის ძვალია) მრავალფრაგმენტული მოტეხილობით და ჰემოსინუსიტით, სხეულზე სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები.
დასკვნის თანახმად, დაზიანებები ლაშქარავას მკვრივი-ბლაგვი საგნით მიაყენეს. ექსპერტიზის თქმით, „დაზიანებები ერთობლობაში აღებული ატარებენ ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანების ნიშნებს და არ იმყოფებიან მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან [სიკვდილთან]“.
ექსპერტიზის დოკუმენტს ხელს აწერენ კონსტანტინე ცქიტიშვილი, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტი, ასევე ალექსანდრე გეჯაძე, „ტელეკომპანია პირველის“ მიერ დაქირავებული დამოუკიდებელმა ექსპერტი.
შსს-მ ქიმიური ექსპერტიზის შუალედური დასკვნის საფუძველზე ჯერ კიდევ 12 ივლისს, ლაშქარავას გარდაცვალებიდან ერთ დღეში თქვა, რომ „ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორის ცხედრიდან აღებულ ნიმუშში ნარკოტიკული საშუალებების კვალი აღმოჩნდა.
მაშინ დამოუკიდებელმა ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ თქვა, რომ ლაშქარავა მორფინს ქირურგიული ოპერაციის შემდეგ, 5 ივლისის აქციაზე თავისა და სახის არეში მიყენებული ტრავმების შედეგად გამოწვეული ტკივილების გასაყუჩებლად იღებდა.
ლაშქარავას ოჯახის ინტერესების დამცველთა გამოხმაურება
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია), რომელიც ლაშქარავას ოჯახის ინტერესებს იცავს, 8 იანვარს აღნიშნა, რომ დასკვნის შესახებ ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოს არც ოჯახისთვის და არც ადვოკატისათვის არ მიუწოდებია.
საია-ს თქმით, საექსპერტო დასკვნისადმი ოჯახის ნდობას ამცირებს ის ფაქტი, რომ საჯარო შეთავაზების მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ მოიწვია ოჯახის მიერ შერჩეული ქვეყნებიდან — დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან ან იაპონიიდან — საერთაშორისო ექსპერტები პროცესში ჩასართავად.
ორგანიზაციის განცხადებით, ექსპერტიზის პროცესში საერთაშორისო ექსპერტების ჩაურთველობა, ასევე, ექსპერტიზის დასკვნის არასრულყოფილი გავრცელება გავრცელება, გამოძიების პროცესისადმი ნდობას ამცირებს.
ორგანიზაციის თქმით, იმდენად, რამდენადაც სრულ დასკვნაზე ამ დრომდე საია-ს ადვოკატს ხელი არ მიუწვდება, „შეუძლებელია იმის შეფასება, რამდენად სწორად და რის საფუძველზე გამოირიცხა მიზეზობრივი კავშირი დაზიანებებსა და ლექსოს გარდაცვალებას შორის“.
ამასთან, საია-მ გაიხსენა ისიც, რომ ლაშქარავას ცემის ეპიზოდზე ბრალი მხოლოდ ექვს მოქალაქეს აქვს წარდგენილი და „მიუხედავად იმისა, რომ ძალადობრივ ქმედებაში 6-ზე მეტი პირი მონაწილეობდა, დღემდე გამოძიების მხრიდან ამ პირების იდენტიფიცირება სრულად არ მომხდარა“. „ასევე, ამ დრომდე ორგანიზატორ, ხელმძღვანელ და ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მომწოდებელ პირთაგან, არც ერთს არ აქვს ბრალი წარდგენილი“, — დასძინა ორგანიზაციამ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)