Site icon Civil.ge

აშშ-თან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკებების წინ მოსკოვი პესიმისტურადაა განწყობილი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგეი რიაბკოვი, ფოტო: mid.ru

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა 9 იანვარს „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ მოსკოვი იმედგაცრუებულია ჟენევაში 9-10 იანვარს უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე დაგეგმილი მოლაპარაკებების წინ დასავლეთიდან მომავალი სიგნალების გამო.

რიაბკოვმა, რომელიც მოლაპარაკებებზე რუსულ დელეგაციას ხელმძღვანელობს, აღნიშნა, რომ ვაშინგტონსა და ბრიუსელში ოფიციალური პირების მიერ გაკეთებული განცხადებები „ასახავს იმის არგაგებას“, რაც რუსეთს სჭირდება, მათ შორის, ნატოს გაფართოების შეჩერება.

მისი თქმით, აშშ-თან დიალოგი უსაგნო გახდება, თუ მოსკოვი ვერ დაინახავს მეორე მხარის მზადყოფნას, რომ გაითვალისწინოს რუსეთის პრიორიტეტები და კონსტრუქციულად უპასუხოს მათ.

რიაბკოვმა აშშ-ის ოფიციალური პირები იმის გამო გააკრიტიკა, რომ ისინი, მისი თქმით, რუსეთს ცალმხრივ დათმობებზე წასვლას სთხოვენ და სპეკულირებენ, რომ „რუსეთმა უნდა გააკეთოს ეს, ან სხვა რამ, გადადგას ესა თუ ის ნაბიჯი“.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ მოსკოვი დასავლური სახელმწიფოების ზეწოლისა და მუქარის ქვეშ დათმობებზე არ წავა.

ჟენევაში მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები საფუძველს ჩაუყრის რიგ მაღალი დონის შეხვედრებს უსაფრთხოების გარანტიებზე, მათ შორის, ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრას ბრიუსელში და ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს შეხვედრას ვენაში.

მოსკოვი ითხოვს, რომ ვაშინგტონთან და ნატოს მოკავშირეებთან ხელი მოეწეროს შეთანხმებებს, რომელიც ალიანსის აღმოსავლეთით გაფართოებას, ასევე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების, მათ შორის, საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას აღკვეთს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დეკემბერში გასაჯაროებული წინადადებები მოიცავს პუნქტებს, რომლებიც ავალდებულებს ამერიკის შეერთებულ შტატებს, არ ჩამოაყალიბოს სამხედრო ბაზები ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში და არ განათავსოს საკუთარი შეიარაღებული ძალები, შეიარაღება, სარაკეტო სისტემები ან სამხედრო ხომალდები ისეთ ტერიტორიებზე, საიდანაც რუსეთზე თავდასხმას შეძლებს.

უსაფრთხოების შესახებ მოახლოებულ დიალოგზე საუბრისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 7 იანვარს დაადასტურა, რომ ღია კარის პოლიტიკა 1949 წლის ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ძირითადი დებულებაა და რომ „არანაირი დაპირება არ არსებობს იმისა, რომ ნატოს გაფართოება არ მოხდება“.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა დაარღვია ფუნდამენტური წესები, რომელთა თანახმადაც, სახელმწიფოს საზღვრებისა და ტერიტორიული მთლიანობის ძალისმიერი გზით შეცვლა შეუძლებელია და რომ დემოკრატიული ქვეყნის მოქალაქეების უფლებაა, თავად განსაზღვრონ საკუთარი ქვეყნის მომავალი.

მისივე თქმით, ამ პრინციპების დარღვევით, „რუსეთი ცდილობს თავად საერთაშორისო სისტემას დაუპირისპირდეს და ჩვენი ტრანსატლანტიკური ალიანსი დაანგრიოს, დაშალოს ჩვენი ერთობა და დემოკრატიულ ქვეყნებს წარუმატებლობისკენ უბიძგოს“.

სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში რუსეთი საქართველოსა და უკრაინაში შეიჭრა, მოლდოვაში მისი ხელისუფლების ნების გარეშე შეიარაღებული ძალები და შეიარაღება შეინარჩუნა, სხვა ქვეყნების არჩევნებში ჩაერია, შეიარაღების კონტროლის საერთაშორისო შეთანხმებები დაარღვია, მხარი დაუჭირა მოძალადე დიქტატორებს და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული დაუშვა.

„მოსკოვის ქმედებებმა ევროპულ მიწაზე ახალი პრეცედენტის შექნის საფრთხე შექმნა, სადაც მსჯელობის საგანია ის ძირითადი საერთაშორისო პრინციპები, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა ბლინკენმა.

მისი თქმით, ძალიან რთული იქნება მოსკოვთან მოლაპარაკებებზე „რეალური პროგრესის“ მიღწევა, თუ „რუსეთი სამხედრო მობილიზაციისა და წამქეზებელი რიტორიკის ესკალაციას განაგრძობს“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)