Site icon Civil.ge

ენმ-ის მმართველობით რგოლში ცვლილებებია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია, ფოტო: facebook.com/Nika.Melia5/

ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში 10 იანვარს განაცხადეს, რომ პარტიის მმართველობით რგოლში ცვლილებებია. ენმ-ის თავმჯდომარე, ნიკა მელია პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას აღარ შეასრულებს.

დღეს პარტიაში გამართული კონსულტაციების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ნიკა მელიამ მედიასთან საუბრისას თქვა, რომ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ენმ-ის წევრი კობა ნაყოფია იქნება, რომელსაც მანამდე პარტიის აღმასრულებელი მდივნის თანამდებობა ეკავა. ეს პოსტი ჯერჯერობით ვაკანტური რჩება.

მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ასევე პარტიის დიდ ხნის წევრი პეტრე ცისკარიშვილი იქნება.

ნიკა მელიას განმარტებით, თავად „გარკვეული პერიოდი“ პარტიის თბილისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეც იქნება.

„ამით არ შემოვიფარგლებით და გაგრძელდება, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში აქტიური პროცესი განახლებისა“, – განაცხადა მანვე.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ ცვლილებები აუცილებლობა იმ გამოწვევებმა განაპირობა, რომლის წინაშეც პარტია და ქვეყანა დგას.

მანვე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ნაციონალურმა მოძრაობამ შეცვალოს, როგორც დღის წესრიგი, ისე „შიგთავსიც“, რათა ბევრად უფრო გასაგები იყოს საზოგადოებისთვის, თუ „რისთვის ვიბრძვით და რა გვინდა“.

ნიკა მელიამ „რიგითი მოქალაქეების“ საჭიროებებზე „ბევრად უფრო მეტი“ საუბრის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და დასძინა, რომ „ჩვენი ვალდებულებაა, რომ თითოეული თქვენგანი დავარწმუნოთ და დავაჯეროთ, რომ არაფერი გვამოძრავებს, გარდა ნათელი მომავლისა“.

მანვე განმარტა, რომ ცვლილებების მიზანი ნაციონალური მოძრაობისკენ ისეთი მოქალაქეების მომხრობაა, რომლებიც ნაციონალურ მოძრაობასთან ასოცირებისგან ან თავს იკავებდნენ ან პოლიტიკურ პროცესში ჩართვის სურვილი არ ჰქონდათ.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც უნდა გადაწყდეს ამ ცვლილებების შედეგად არის ის, რომ ერთხელ და სამუდამოდ პოლიტიკური მართლმსაჯულება დასრულდეს, რომ არავის ჰქონდეს იმის განცდა, რომ ვიღაცა დაისაჯა უსამართლოდ“, – თქვა ნიკა მელიამ სიტყვის დასასრულს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)