თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 იანვარს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს და ახლა უკვე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს – მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, ასევე „ტელეკომპანია პირველის“ დამფუძნებლის, ვატო წერეთლის მამას, ავთანდილ წერეთელს ფულის გათეთრების საქმეზე წაყენებული ბრალი თაღლითობის მუხლით გადაუკვალიფიცირა და მათ 7-7 წლიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა დანაშაულის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო მათ არ დაიჭერენ.
სასამართლოს გადაწყვეტილებას მმართველი გუნდისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეფასებები მოჰყვა.
ქვემოთ საკითხზე მხარეთა განსხვავებული პოზიციებია მოცემული:
მმართველი გუნდის გამოხმაურება
მიხეილ სარჯველაძე – ქართული ოცნება: ფაქტი, რომელიც ჩაითვალა რომ არის დანაშაულებრივი, ამის დადასტურებას პრობლემა არ ჰქონია სასამართლოს განმავლობაში, სხდომის მიმდინარეობის დროს და განხილვების პროცესში. რაც შეეხება შეფასებას სამართლებრივს, რომ რა ჰქვია ამ დანაშაულს, ეს არის თაღლითობა, თუ ფულის გათეთრება, თუ კიდევ სხვა რამ, ამასთან დაკავშრებით აღმოჩნდა განსხვავებული შეხედულებები და სასამართლომ თქვა, რომ ამას ჰქვია არა ეს კატეგორიის დანაშაულის, არამედ სხვა კატეგორიის სახელწოდება ჰქვია, ოღონდ დანაშაულია ორივე შემთხვევაში… ყველა სპეკულაციას, რომელიც ამ დავის ირგვლივ [იყო] ამ პერიოდის განმავლობაში, მემგონი, ყველანაირი საფუძველი გამოეცალა. აღარავითარი მიზეზი პოლიტიკური დევნისა, პოლიტიკური მოტივაციისა და ა.შ. ვფიქრობ, ობიექტურად, უბრალოდ, აღარ მოიპოვება“.
ოპოზიციის გამოხმაურება
ნიკა მელია – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე: „ეს გათვლა ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს ამ სამი წლის განმავლობაში, რომ სხვადასხვა საქმის აღძვრით, ოპოზიციურ ველს სხვადასხვა პოლიტიკოსებისგან გამოშიგნავდა, მაგრამ პირიქით, გინდაც მამუკა ხაზარაძე, გინდაც ბადრი ჯაფარიძე და ავთო წერეთელი უფრო და უფრო შეუპოვრები გახდნენ. თუმცა პრობლემა არსად არ წასულა. უდიდესია პრობლემა, რაც პოლიტიკურ მართლმსაჯულებას ეხება, სანამ პოლიტიკური მართლმსაჯულება, როგორც იარაღი, ხელში აქვს ჩაგდებული ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს ვერც ერთი მოქალაქე, არა თუ პოლიტიკოსი, თავს დაცულად ვერ იგრძნობს… ამ მძიმე რეალობას, რაც მალე შევცვლით, მით უკეთესი იქნება ქვეყნის მომავლისათვის. ახალი ტემპით უნდა მოვემზადოთ ამ რეჟიმის დასამარცხებლად“.
სალომე სამადაშვილი – დამოუკიდებელი დეპუტატი/ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“: „პირველ რიგში, ჩვენ რაც ვიხილეთ, არის ის, რომ რამხელა აბსურდში ვცხოვრობთ, როცა ადამიანებს წლებია დევნიან სამართლებრივად. დღეს, ივანიშვილის სასამართლომაც კი ვერ შეძლო გაეფორმებინა ის პოლიტიკური დაკვეთა, რაც ჰქონდა მიღებული და ამის ფასი ყველამ გადავიხადეთ, გადაიხადა ქვეყანამ და სახელმწიფომ, იმიტომ, რომ ეს არ არის მარტო ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძისა და ავთო წერეთლის საქმე, ამ საქმის შედეგად ჩვენს ქვეყანაში ვერ აშენდა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტი [ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი]… ეს აჩვენებს ერთ რამეს, რომ ჩვენ თუ არ შევცვალეთ ეს სისტემა, თუ ჩვენს ქვეყანაში არ დამკვიდრდა კანონის უზენაესობა, ქვეყანას უბრალოდ განვითარების არანაირი შანსი არა აქვს“.
გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი: „პირველივე დღიდან ნათელი იყო, რომ ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული, შეკერილი საქმე. აშკარაა რომ ქართული ოცნება აგრძელებს პოლიტიკურ დევნას, როგორც ოპონენტების ასევე მედიამენეჯერების [ვატო] წერეთლის, [ნიკა] გვარამიას და სხვების მიმართ. სამწლიანი ეპოპეის შემდეგ ქართულმა ოცნებამაც კი ვერ გაბედა დაედანაშაულებინა ხაზარაძე, ჯაფარიძე, წერეთელი ფულის გათეთრების საქმეში, რადგან ეს ბრალდება თავიდანვე აბსურდული იყო. ასევე აბსურდულია ის განაჩენიც, რომლის შედეგადაც ისინი დღეს გაასამართლეს თაღლითობის მუხლით. დარწმუნებული ვარ, გასაჩივრების შემდეგ სასამართლოს ინსტანციები გააცამტვერებ[ენ] ბრალდებას, რომელიც დღეს მოსამართლემ გამოუტანა მათ“.
დავით ბაქრაძე – დამოუკიდებელი დეპუტატი: „დღეს ნათლად გამოჩნდა რამდენად აბსურდული იყო მთელი ეს საქმე. იმდენად აბსურდული, რომ ამ სასამართლომაც ვერ გაბედა იმ ნაბიჯზე წასვლა რაც ამ ადამიანების ფიზიკურად დაპატიმრება ჰქვია… ვიხილეთ იურიდიულად სრული სიგიჟე, რომლის ამოცანა იყო ერთადერთი – იმდენად აბსურდული იყო საქმე, რომ ვერ დაიჭირეს ეს ადამიანები, მაგრამ ხელისუფლებას და პროკურატურას არ უნდოდა უკან დახევა, რომ საზოგადოებას დაენახა ტყუილი და პოლიტიკური შეკვეთა. მოიგონეს სულელური კონსტრუქცია, იურიდიულად აბსოლუტური ნონსენსი“.
„თიბისი ბანკის“ საქმეზე მეტი დეტალისთვის აგრეთვე წაიკითხეთ:
- საქალაქო სასამართლოში „თიბისი ბანკის“ საქმის ბოლო მოსმენა გაიმართა
- სახალხო დამცველი: ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის მასალებში ფულის გათეთრების ელემენტები არ იკვეთება
- სასამართლომ ხაზარაძეს და ჯაფარიძეს გირაო შეუფარდა და ქვეყნის დატოვება შეუზღუდა
- თიბისი ბანკის საქმე – ძირითადი პუნქტები
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)