Site icon Civil.ge

ნატოს მოკავშირეებმა რუსეთთან მოლაპარაკებებზე ღია კარის პოლიტიკის მიმართ ერთგულება დაადასტურეს

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი 12 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე, ფოტო: nato.int

ბრიუსელში ნატო-რუსეთის საბჭოს დღევანდელ შეხვედრაზე ალიანსის მოკავშირე სახელმწიფოებმა ღია კარის პოლიტიკის მიმართ ერთგულება იმ ფონზე დაადასტურეს, როდესაც მოსკოვი ალიანსისგან ითხოვს, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ალიანსის წევრები.

შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მოკავშირეებმა ხაზი გაუსვეს „თითოეული ქვეყნის უფლებას, თავად განსაზღვროს საკუთარი უსაფრთხოების ზომები“.

იმ ფონზე, როდესაც მოსკოვი ნატოსგან ითხოვს, რომ გაიყვანოს შეიარაღებული ძალები აღმოსავლელი წევრი სახელმწიფოებიდან, „მოკავშირეებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ არ იტყვიან უარს საკუთარ შესაძლებლობაზე, დაიცვან ერთმანეთი, მათ შორის, ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში შეიარაღებული ძალების განთავსებით“.

სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ ნატოს მოკავშირეებმა მოუწოდეს რუსეთს გაიყვანოს საკუთარი შეიარაღებული ძალები საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან და ამ სამი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს პატივი სცეს. „ეს ძალები იქ სამი ქვეყნის მთავრობების თანხმობის გარეშე იმყოფებიან. ისინი იქ არავის მიუწვევია“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

მისი თქმით, მართალია მოკავშირეები მზად არიან რუსეთთან დიალოგში ჩაერთონ, ძირითად პრინციპებთან, ასევე „ევროპის თითოეული ქვეყნის“ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით ისინი დათმობაზე არ წავლენ. სტოლტენბერგმა ასევე განაცხადა, რომ ყველა ქვეყნის საზღვრების პატივისცემა კონტინენტის მშვიდობისა და უსაფრთხოების მთავარი პრინციპია.

გენერალურმა მდივანმა ასევე განაცხადა, რომ როგორც ნატომ, ისე რუსეთმა ხაზი გაუსვეს დიალოგის გაგრძელებისა და მომავალი შეხვედრების თარიღების დადგენის საჭიროებას, თუმცა დღეს მოსკოვმა კონკრეტულ განრიგზე შეთანხმება ვერ შეძლო.

„ნატოს მოკავშირეები მზად არიან კვლავ შეხვდნენ რუსეთს და უფრო დეტალური დისკუსიები გამართონ, ასევე წარადგინონ კონკრეტული წინადადებები და კონსტრუქციული შედეგები ეძებონ“, – დასძინა მან. შესაძლო განსახილველ საკითხებს შორის სტოლტენბერგმა სამხედრო წვრთნების მზარდი გამჭვირვალობა, იარაღის კონტროლი, განიარაღება, იარაღის გაუვრცელებლობა და სამოქალაქო და სამხედრო კომუნიკაციების არხების გაუმჯობესება დაასახელა.

ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრა დასავლეთის სახელმწიფოებსა და მოსკოვს შორის კრემლის მიერ შემოთავაზებულ „უსაფრთხოების გარანტიებზე“ მაღალი დონის დიპლომატიური შეხვედრების ფარგლებში გაიმართა. შეხვედრების კვირეული 10 იანვარს აშშ-სა და რუსეთს შორის ჟენევაში ორმხრივი დიალოგით დაიწყო და ხვალ ვენაში ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომით გაგრძელდება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)