ამ რამდენიმე კვირის წინ უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა პრეზიდენტობის კანდიდატად ერთგული მოკავშირე, ოჯახის საქმეთა აწ უკვე ყოფილი მინისტრი კატალინ ნოვაკი დაასახელა. 44 წლის ნოვაკი, რომელსაც დასავლეთის თუ რუსეთის ულტრამემარჯვენე ძალებთან მჭიდრო კონტაქტები აქვს, უნგრეთის პირველი ქალი პრეზიდენტი იქნება.
ვინ არის კატალინ ნოვაკი?
სამხრეთ უნგრეთის ქალაქ სეგედში დაბადებულ ნოვაკს ეკონომისტისა და იურისტის განათლება აქვს მიღებული. სწავლობდა ბუდაპეშტის კორვინუსის, სეგედისა და საფრანგეთის პარიზის ნანტერის უნივერსიტეტებში. მშობლიური უნგრულის გარდა, თავისუფლად ფლობს ფრანგულ, ინგლისურ და გერმანულ ენებს, საშუალოდ იცის ესპანური ენა. ნოვაკმა, რომელსაც უცხოურ პრესაში მშრომელ, ჭკვიან და ამბიციურ ქალად მოიხენიებენ, კარიერა უნგრეთის საგარეო სამინისტროში 2001 წელს დაიწყო. თავბრუდამხვევი აღმასვლის გზას იგი ორბანის პარტია „ფიდესის“ 2010 წელს ხელისუფლებაში ხელმეორედ მოსვლის შემდეგ დაადგა: 2014-2020 წლებში ნოვაკი ოჯახის საქმეთა და ახალგაზრდობის საკითხებში სახელმწიფო მდივნის პოზიციაზე მუშაობდა, ხოლო 2020-2021 წლებში ოჯახის საკითხთა მინისტრის პოზიცია ეჭირა პრემიერის ადმინისტრაციაში. ქალბატონი ნოვაკი დაოჯახებულია და სამი შვილი ჰყავს.
პრეზიდენტის პოსტი და მნიშვნელობა
უნგრეთში პრეზიდენტს დიდწილად ცერემონიული, თუმცა მაინც მნიშვნელოვანი როლი აკისრია. ახალ პრეზიდენტს გაზაფხულზე პარლამენტი აირჩევს, სადაც „ფიდესს“ 2/3 უმრავლესობა აქვს. სანდომიანი ღიმილის მქონე ნოვაკი ამ პოზიციაზე საფირმო ულვაშით ცნობილ იანოშ ადერს შეცვლის, რომელიც პრეზიდენტად 2012 წლიდან „ფიდესის“ ერთგულად მსახურობდა. პრეზიდენტის უფლებამოსილებები მოიცავს არჩევნების შემდეგ პრემიერმინისტის კანდიდატის წარდგენას, კანონთა რატიფიცირებასა და ვეტოს დადებას, მოსამართლეთა და მთავარი პროკურორის დასახელებას.
მართალია, „ფიდესი“ ნოვაკის არჩევას მიმდინარე მოწვევის პარლამენტში მოასწრებს, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ აპრილის დასაწყისში ქვეყანაში მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები იმართება. ოპოზიციის არჩევნების მოგების შემთხვევაშიც კი ორბანს პრეზიდენტის სასახლეში თავისი კადრი ეყოლება. ცოტა ხნის წინ, „ფიდესმა“ თავი დაიზღვია და კანონი მიიღო, რომლითაც პარლამენტს მთავარი პროკურორის დათხოვნა მხოლოდ 2/3 უმრავლესობით შეეძლება. „ფიდესს“ ერთგული კადრები ჰყავს გამწესებული სხვა საკვანძო პოზიციებზეც, მათ შორის, უზენაეს სასამართლოში, მედიის მარეგულირებელ ორგანოსა და ბირთვული ენერგიის სააგენტოში.
ნოვაკის შეხედულებები და გეგმები
ნოვაკს მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა ოჯახის და ე.წ. ტრადიციულ ღირებულებათა საფარქვეშ ორბანის მთავრობის ლგბტ უფლებების საწინააღმდეგო პოლიტიკის შემუშავება-მხარდაჭერაში. მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი მედია წერდა, რომ იგი წლების განმავლობაში აღრმავებდა კავშირებს ულტრამემარჯვენე, ჰომოფობიურად განწყობილ ჯგუფებთან, მათ შორის, რუსეთში იმ პირებთან, რომლებიც მოსკოვის ჯაშუშურ-სადაზვერვო ოპერაციებში არიან შემჩნეულნი. სხვათა შორის, ოჯახის საკითხთა მინისტრად მუშაობისას, ერთ-ერთ ვიდეოში გამოსვლისას, ნოვაკს უთქვამს, ქალები კმაყოფილნი უნდა იყვნენ კაცებთან შედარებით დაბალი ხელფასებით, უფრო დაბალ პოზიციებზე მუშაობითა და კაცებზე მეტი პასუხისმგებლობის ქონითო.
თუმცა, საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებიდან მალევე, ერთ-ერთ ინტერვიუში მომავალ ქალ პრეზიდენტს განუცხადებია, ჩემი პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელება ყველა ქალისა თუ კაცისთვის მნიშვნელოვანი გზავნილია, რომ ქალებს ყველა შესაძლებლობისაკენ გზა ხსნილი აქვთო.
ნოვაკს უთქვამს, რომ მისი პრეზიდენტობის ერთგვარი რეფრენი კვლავაც ბავშვები და ოჯახის საკითხი იქნება და რომ იგი ყველა უნგრელის პრეზიდენტი იქნება. დაუყოლებია, ჩვენი საერთო უნგრული მომავლის ნაწილი საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეები, მარტოხელა მშობლებისა და ავადმყოფი ბავშვების მქონე ოჯახები, ასევე ბოშათა თემიც არიანო. კრიტიკოსების პასუხად კი ისიც განუცხადებია, ვისაც ჰგონია, რომ პარტიის თოჯინა ვიქნები პრეეზიდენტად ყოფნისას, არათუ მე, საერთოდ ქალებს არ იცნობენო.
როგორც იტყვიან, „აღდგომა და ხვალეო“.
მასალა მომზადებულია Bloomberg-ზე, Balkan Insight-ზე, VSquare-ზე, Index.hu-ზე, ტვიტერსა და საკუთარ თავზე დაყრდნობით.