ჟურნ. თავისუფალი საქართველო, 1922 წლის 15 იანვარი, N15
ქართველი მუშათა ხალხისთვის, რომელსაც ტროცკის ჯარები ამშევენ და ხოცავენ
ასეთ სათაურით უძღვნის ვრცელ წერილს საქართველოს მუშებს და საერთოთ ქართველ ხალხს საფრანგეთის სიდიკალისტების გაზეთი „ლა ატელიე“ (სახელოსნო), რომელიც საქართველოში გამეფებულ ბოლშევიკური ტერორის გამო ძლიერ აღშფოთებულია.
რუსეთის კომუნისტები და მათი ევროპელი ამხანაგები, სწერს გაზეთი, არ უშვებენ შემთხვევას და საქვეყნოთ პროტესტებს აცხადებენ ყოველთვის, როცა მათ წინააღმდეგ კაპიტალისტური სახელმწიფონი ძალმომრეობას სჩადიან. მაგალითათ გაზეთ „ჰუმანიტეს“ [ფრანგული კომუნისტური გამოცემა – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა] 2 ნოემბრის ნომერში ვკითხულობთ, რომ ჩიჩერინმა და რაკოვსკიმ ნოტით მიმართეს რუმინიის მთავრობას და მოსთხოვა ხელშეკრულებისა და ადამიანობის დაცვა და აგრეთვე რეპრესიების შეჩერება კომუნისტების წინააღმდეგო.
ეს ძლიერ კარგია და ჩვენც ჩიჩერინთა და თვით „ჰუმანიტესთან“ ერთათ პროტესტს ვაცხადებთ ამ ტერორისა და რეპრესიების წინააღმდეგ, რომელსაც რუმინიის მთავრობა სოციალისტებისა და კომუნისტების წინააღმდეგ აწარმოებს.
მაგრამ ამავე დროს საჭიროა იგივე მოსთხოვოთ ჩიჩერინსა და მის მთავრობას საქართველოს შესახებ, სადაც გამეფებულია ტერორი, მომსპარია ყოველგვარი თავისუფლება, სავსეა ციხეები გამოჩენილი რევოლუციონერებით და მოწინავე მუშებითა და გლეხებით,ს ადაც ამა წლის ოქტომბერში დაატუსაღეს მუშათა დელეგაცია, სადაც სოფლებში ეგზეკუციებია და ტროცკის წითელი არმიელები მთელ ქართველ ხალხს ავიწროებს და სხვა. ერთი სიტყვით, გაზეთი დაწვრილებით აღნიშნავს საქართველოში მომხდარ ამბებს, ბოლშევიკების სისაძაგლეს და ბოლოს ამბობს: აქედან ცხადია თუ როგორ იქცევიან საქართველოში მოსკოვის აგენტები. ამიტომ ჩვენ გვაქვს უფლება ვუთხრათ იმ ხალხს, რომელნიც მხარს უჭერენ მოსკოვის მთავრობას და მის აგენტებს საქართველოს აწიოკებაში, რომლის ერთათ-ერთი დანაშაული მხოლოდ ის არის, რომ იგი სოციალისტურია, რომ თქვენ არ გაქვთ არავითარი ზნეობრივი უფლება განაცხადოთ პროტესტი იმ ძალმომრეობისა და ტერორის წიინააღმდეგ, რომელსაც სჩადის რუმინიის კაპიტალისტური მთავრობა.
ჩვენ კი, რომელნიც ყოველთვის ვიმაღლებდით ხმას ყოველი მთავრობის ტერორის წინააღმდეგ, ეხლაც გვაქვს უფლება განვაცხადოთ პროტესტი რუმინელ კომუნისტების მკვლელობის გამო, რომელსაც რუმინიის მთავრობა აწარმოებს.
მაგრამ ამავე დროს ჩვენ პროტესტს ვაცხადებთ ყველა იმ ძალმომრეობის წინააღმდეგ, რომელსაც საქართველოში სჩადის საბჭოთა მთავრობა, რომელიც იჭერს, სდევნის და ხვრეტს სოციალისტებსა და დამოუკიდებლობის დამცველთ. ჩვენ პროტესტს ვუცხადებთ აგრეთვე ყველა იმათ, რომელნიც თავისი სიჩუმით მონაწილენი ხდებიან საქართველოში მომხდარ ამბებისა. მათ აქვთ მხოლოდ ერთი უფლება: ეს არის სიჩუმე.
თუ რა კომედიას თამაშობს კომუნისტური ინტერნაციონალი საქართველოს საქმეებში – დაასკვნის გაზეთი, – ამას ცალკე გავარკვევთ.