საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი 12-13 იანვარს ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, მოკავშირეთა 30 სამხედრო მეთაურთან და უკრაინელ კოლეგასთან ერთად ნატოს სამხედრო კომიტეტის შეხვედრას დაესწრო.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 13 იანვარს, ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და რეგიონში უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ ვითარებაზე, ასევე ქვეყანაში თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებზე იმსჯელეს.
მხარეებმა ყურადღება ასევე გაამახვილეს ბოლო პერიოდში შავი ზღვისა და კავკასიის რეგიონში რუსეთის ფედერაციის მხრიდან გაზრდილი სამხედრო პროვოკაციებსა და მზარდი მილიტარიზაციის პროცესებზე.
გენერალ-მაიორ მათიაშვილის თქმით, თავდაცვის ოფიციალურ პირებთან შეხვედრებზე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში განხორციელებული ინიციატივები, ასევე 2022 წელს დაგეგმილი ნატო-საქართველოს ერთობლივი სამხედრო სწავლებები განიხილეს, ასევე სამომავლოდ გრძელვადიანი ღონისძიებები დაგეგმეს, რომლებიც „კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენს ურთიერთთანამშრომლობას“.
სხდომების დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა რობ ბაუერმა საქართველო „შთამბეჭდავი რეფორმებისა და თავდაცვითი შესაძლებლობების ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის შესაბამისად გაძლიერებისთვის“ შეაქო.
მან ხაზი გაუსვა, რომ პაკეტი გაფართოვდა „საქართველოსა და მისი სამეთაურეო სტრუქტურის სხვადასხვა ნაწილებს შორის ინტერაქციის გაუმჯობესების, ასევე მისი საზღვაო კომპონენტის გაძლიერებისა და მედეგობაზე უფრო მეტი ფოკუსირების მიზნით“.
საქართველოსა და უკრაინაზე საუბრისას კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ ორივე ქვეყანა იღებს „უპრეცედენტო მხარდაჭერასა და დახმარებას ნატოსგან“. მანვე ორივე ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი მხარდაჭერა გამოხატა.
„ჩვენ გვსურს დავრწმუნდეთ, რომ მათ აქვთ ყველა საშუალება არა მხოლოდ საკუთარი უსაფრთხოების, არამედ ევროპის უსაფრთხოებაში შემდგომი წვლილის შესატანად“, – თქვა ადმირალმა ბაუერმა.
თავდაცვის ძალების მეთაურის ორმხრივი შეხვედრები
ნატო-საქართველოს კომისიის სხდომამდე, 13 იანვარს გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი უკრაინელ კოლეგას, გენერალ-ლეიტენანტ ვალერი ზალუჟნის და სლოვაკეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ დანიელ ზმეკოს შეხვდა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, გენერალ-ლეიტენანტ ზალუჟნისთან შეხვედრაზე მხარეებმა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება და რუსეთის მზარდი გავლენა განიხილეს. მათვე თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების შესახებ, ასევე მათი ქვეყნების ნატოსთან და ევროკავშირთან თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია გაცვალეს.
ამავე ინფორმაციით, გენერლ-მაიორმა მათიაშვილმა დაგმო რუსეთის მიერ ყირიმის და აღმოსავლეთ უკრაინის ნაწილების სამხედრო ოკუპაცია და ვითარების მშვიდობიანად, საერთაშორისო კანონმდებლობისა და ნორმების შესაბამისად გადაჭრის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
სლოვაკ კოლეგასთან შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა რეგიონული გამოწვევებისა და რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეების ფონზე ნატოს წევრი ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომები რუსეთის მხრიდან უკრაინის სიახლოვეს სამხედრო აქტივობების გაძლიერების კვალდაკვალ დასავლეთსა და რუსეთს შორის დაძაბული ურთიერთობების ფონზე გაიმართა. ამასთან, რუსეთი ნატოსგან ითხოვს, რომ საქართველო და უკრაინა ალიანსში არ მიიღონ.
მხარეებმა მიმდინარე კვირაში რამდენიმე მაღალი დონის შეხვედრა გამართეს, რომელიც მოიცავდა 10 იანვარს, ჟენევაში რუსეთსა და აშშ-ს შორის ორმხრივ დიალოგს, ასევე ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომას ბრიუსელში 12 იანვარს და 13 იანვარს, ვენაში ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს შეხვედრას.
ასევე წაიკითხეთ:
- ნატოს სამხედრო კომიტეტის დელეგაციამ საქართველოში ვიზიტი დაასრულა
- ნატოს სამხედრო კომიტეტის დელეგაცია საქართველოს სტუმრობს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)