Site icon Civil.ge

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე დავით ზალკალიანს ტელეფონით ესაუბრა 

აშშ-საქართველოს დროშები, ფოტო: georgiaembassyusa.org

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე კარენ დონფრიდი 14 იანვარს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და ვიცე-პრემიერ დავით ზალკალიანს ტელეფონით ესაუბრა და სხვა საკითხებთან ერთად, მოსკოვის მიერ მოთხოვნილ „უსაფრთხოების გარანტიებზე“ აშშ-რუსეთის მაღალი დონის მოლაპარაკებებზე იმსჯელა.

საუბრის შემდეგ ზალკალიანმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ოფიციალურ პირთან დისკუსიამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ვაშინგტონსა და თბილისს მიმდინარე პროცესების „იდენტური აღქმა“ აქვთ, რაც „კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენი პარტნიორობის სიღრმესა და სიმტკიცეს“.

„როგორც საქართველოსთვის, ასევე, ჩვენი პარტნიორებისთვის სრულიად მიუღებელია რუსეთის მცდელობები ძალის მუქარითა და ამ აგრესიული რიტორიკით მოახდინოს ევროპის გადანაწილება და საკუთარი გავლენის სფეროების ლეგიტიმაცია“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, აგრესიით რეგიონში, სუვერენული სახელმწიფოების ტერიტორიების ოკუპაციითა და ანექსიით, საერთაშორისო ვალდებულებების მუდმივი შეუსრულებლობით, „რუსეთი მიზანმიმართულად ცდილობს ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის დანგრევას“.

„რუსეთი ითხოვს ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებს, მაშინ, როდესაც თავად წლების მანძილზე თავს არიდებს საკუთარი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას საქართველოსთან მიმართებით“, – განაცხადა ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ „აშშ-თან, ასევე, ნატოს მოკავშირეებთან გამართული კონსულტაციების შედეგად, იმ მხარდამჭერი გზავნილების ფონზე, რომელსაც ვიღებთ ჩვენი პარტნიორებისგან, როგორც საჯაროდ, ასევე დახურული შეხვედრების ფორმატში, ცხადია, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გადახედვა არ მოხდება“.

„საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი შეუქცევადია“, – დასძინა მან. 

საქართველო სოლიდარულია უკრაინის მიმართ 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „საქართველო სოლიდარულია უკრაინის მიმართ“. „ჩვენ საერთო საფრთხისა და გამოწვევების წინაშე ვდგავართ – 2008 წელს საქართველომ გამოიარა რუსეთის აგრესია და ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია დღესაც გრძელდება“.

მისი თქმით, „მსოფლიომ, ჩვენმა პარტნიორებმა, აღარ უნდა დაუშვან ისტორიის გამეორება და ის, რომ უკრაინასთან დაკავშირებული პროცესები კიდევ ერთხელ ამ მიმართულებით წავიდეს“.

„სწორედ ამიტომ ძალიან ვაფასებთ ჩვენი ამერიკელი პარტნიორების ჩართულობასა და დიპლომატიურ ძალისხმევას, რომელიც სწორედ ამ მიზნისკენაა მიმართული“, – განაცხადა ზალკალიანმა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)